მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რეზერვებში იუანის წილის 15%-მდე გაზრდის გეგმას ჩინური ტკბილ-მჟავე გემო დაჰკრავს… რუსეთმაც ეს გზა გაიარა"|ინტერვიუ
"რეზერვებში იუანის წილის 15%-მდე გაზრდის გეგმას ჩინური ტკბილ-მჟავე გემო დაჰკრავს… რუსეთმაც ეს გზა გაიარა"|ინტერვიუ

"რეზერვებში იუანის წილის 15%-მდე გაზრდის გეგმას ჩინური ტკბილ-მჟავე გემო დაჰკრავს… რუსეთმაც ეს გზა გაიარა"|ინტერვიუ

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 16:01|bm.ge

ეკონომისტ ზაზა ბროლაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილი 15%-მდე გაზარდოს, მოკლებულია ეკონომიკურ დასაბუთებას, რადგან იუანი დაბალშემოსავლიანი და ნაკლებლიკვიდური აქტივია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა.

“სებ-ის გადაწყვეტილებას ცოტა უფრო ტკბილ-მჟავე, ჩინური გემო დაჰკრავს, ვიდრე - მწარე”, - თქვა ზაზა ბროლაძემ და ერთმანეთს შეადარა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას ორი განცხადება, ნახევარწლიანი ინტერვალით.

საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის აპრილში ნათია თურნავა იუანში საქართველოს სავალუტო რეზერვების 5%-იან ზედა ჭერს საქართველოს საგარეო ვალის კომპოზიციით ხსნიდა. ამდენად, ზაზა ბროლაძის თქმით, გაუგებარია, რა შეიცვალა ამ 6 თვეში ისეთი, რომ სებმა რეზერვებში იუანის წილის 3-ჯერ გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

ეკონომისტი ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის გეგმა მოსალოდნელი სანქციებისთვის მზადებასა და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

“ეროვნულ ბანკს რეზერვების 15% იუანში იმიტომ გადააქვს, რომ საქართველო სანქციებისთვის ემზადება. რუსეთმა სწორედ ასე გააკეთა”, - დაწერა მან სოციალურ ქსელში და “წერტილშიც” ვრცლად ისაუბრა, რატომ ავლებს პარალელს სანქცირებულ რუსეთთან.

ზაზა ბროლაძემ BMGTV-სთან ინტერვიუში რამდენიმე კითხვაც დასვა, რომელზედაც პასუხებს საქართველოს ეროვნული ბანკისგან ითხოვს.

ინტერვიუ ზაზა ბროლაძესთან

- რატომ იწვევს კითხვებს და ეჭვებს სების გადაწყვეტილება, სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილი 15%-მდე გაზარდოს - რატომ დაჰკრავს ამ გეგმას „მწარე გემო“?

- ამ გადაწყვეტილებას ცოტა უფრო ტკბილ-მჟავე, ჩინური გემო დაჰკრავს, ვიდრე მწარე. ცოტა უცნაური ვითარებაა, რადგან გვახსოვს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ორი განსხვავებული კომენტარი: პირველი იყო აპრილში, როდესაც მან თქვა, რომ ჩვენი რეზერვების კომპოზიცია საგარეო ვალის სტრუქტურას უნდა იმეორებდეს. ამ კომპოზიციაში ჩინეთი ჩვენი კრედიტორი არ არის - ჩვენ მისი ვალი არ გვაქვს. შესაბამისად, გაუგებარია, რაში გვჭირდებოდა რეზერვების 5%-ის იუანში გადატანა, ექვსი თვის თავზე კი საერთოდ რა მოხდა ისეთი, რომ ჩინური იუანის წილი 15%-მდე უნდა გავზარდოთ. რამდენიც არ უნდა ვეძებოთ ეკონომიკური ლოგიკა და ეკონომისტებმა ბევრი ვიმტვრიეთ თავი ამაზე - სერიოზული მიზეზი ვერ ვიპოვეთ. ამიტომ, როგორც ამ ბოლო დროს ხშირად ხდება ხოლმე ჩვენს ქვეყანაში, ეს ეკონომიკური ნაბიჯებიც უფრო ვიღაცისთვის და რაღაცისთვის გადაიდგა, ეკონომიკური მიზანშეწონილობა კი ნაკლებადაა შუაში…

- „ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტირება საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას გააძლიერებს“ - ეს არის სების მთავარი არგუმენტი. არ არის ეს თქვენთვის წონიანი?

- დივერსიფიკაცია, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ მას თან უნდა ახლდეს სხვა ფაქტორებიც - მაგალითად, ლიკვიდურობა და შემოსავლიანობა. ჩინური სახელმწიფო ობლიგაციების ლიკვიდურობა საკმაოდ რთული საკითხია - მოკლედ რომ ვთქვათ, ის არ არის ლიკვიდური აქტივი. ჩინეთში სახელმწიფოს მიერ კონტროლდება როგორც ვალუტის კურსი, ისე კაპიტალის გადინება. ამიტომ, შეიძლება ერთ დღეს იმ ფაქტის წინაშე დავდგეთ, რომ ეს აქტივები უბრალოდ ვერ გაიყიდოს, ან გაყიდვას ძალიან დიდი ხანი დასჭირდეს. რეზერვები კი სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ გადაუდებელ შემთხვევებში, შოკების დროს მყისიერად გამოვიყენოთ - მაგალითად, როდესაც ვალუტის სტაბილურობას შეექმნება საფრთხე, ან წარმოიშობა სხვა რისკები, რომლებიც ეროვნული ბანკის ძირითად ფუნქციასთან - ინფლაციის მართვასთან არის დაკავშირებული. ამიტომ აქტივი ლიკვიდური უნდა იყოს. რაც შეეხება შემოსავლიანობას - ჩინური სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობა 3-4-ჯერ ნაკლებშემოსავლიანია, ვიდრე, თუნდაც, ამერიკული სახაზინო ობლიგაციები. შესაბამისად, ასეთი ეკონომიკური მიზანშეწონილობა ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ და ჯერჯერობით არც სებისგან მოგვისმენია დასაბუთებული ახსნა.

- „საქართველო სანქციებისთვის ემზადება… ეროვნული ბანკის ჩინეთისკენ ლტოლვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა“ - დაწერეთ სოციალურ ქსელში. რა კავშირია მოსალოდნელ სანქციებსა და სების გეგმას შორის?

- გარკვეულწილად დეჟავიუ გვაქვს, რადგან ის, რაც ახლა ჩვენს ეკონომიკაში ხდება, რუსეთში 2014 წლიდან უკვე მოხდა. მათაც, დაახლოებით, ასეთივე პროცესები გაატარეს: რეზერვები დოლარიდან და ევროდან გადაიტანეს იუანსა და ოქროში; შემოიღეს პარალელური საგადახდო სისტემები, ჩაანაცვლეს SWIFT-ი, MasterCard-ი და Visa, ხოლო სავაჭრო ანგარიშსწორება გადაიტანეს იუანში. ეს პროცესი უცებ არ განხორციელებულა - საკმაოდ რთული და ძვირად ღირებული პროცედურაა. ეს რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდა, რადგან დასავლურ ფასიან ქაღალდებს მოაქვს შემოსავალი, ხოლო როდესაც მათ ოქროთი და იუანით ჩაანაცვლებ, შემოსავლები მკვეთრად მცირდება - არც ოქროს მოაქვს დივიდენდი და არც იუანს აქვს ისეთი შემოსავლიანობა, როგორიც დასავლურ აქტივებს. ამ საფასურს ახლა რუსეთი იხდის. ჩვენ რატომ უნდა გადავიხადოთ ეს ფასი?! ერთი შეხედვით გაუგებარია. ჩემმა კოლეგამ, ნიკოლოზ ალავიძემ, მარტში ეს 5-წლიან ობლიგაციებზე გამოთვალა. $300 მილიონი ჩინურ ობლიგაციებში ამერიკულთან შედარებით ხუთ წელიწადში, დაახლოებით, $35 მილიონით ნაკლებს იძლევა, ხოლო იუანის წლიური 2%-იანი გაუფასურების შემთხვევაში დანაკარგი $65 მილიონს აღწევს. ახლა თანხა ოთხჯერ დიდია, ამიტომ დანაკარგიც იმავე ზომით იზრდება და ქვეყანა $140-260-ს დაკარგავს… იმის რესურსი, რომ პარალელური საგადახდო სისტემები შეგვექმნა, რა თქმა უნდა, არ გვქონდა, მაგრამ შევუერთდით ჩინურ სისტემებს - SWIFT-ის ანალოგ CIPS-ს, ასევე UnionPay-ს (რომელიც Visa-სა და MasterCard-ის ჩინური ანალოგია), რომელშიც ქართული ბანკებიც გაწევრიანდნენ. „ბაზისბანკი“, რა თქმა უნდა, ჩინური ბანკია და ისედაც ჩართულია, თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ჩინურ სისტემასთან მიერთებაზე განაცხადი ოთხმა ბანკმა გააკეთა. გაგიკვირდებათ, და მათ შორის ერთ-ერთი “ქართუ ბანკიცაა”. ასე რომ, ყველა მიმართულებით მიმდინარეობს ჩინური ეკონომიკისკენ ლტოლვა. მხოლოდ ფინანსებზეც არ არის საუბარი - ვნახეთ, რომ სასათბურე პირობები შექმნეს ჩინური ელექტრომობილების იმპორტისთვის; ჩინური კომპანიები ახორციელებენ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს (სხვათა შორის, საკმაოდ წარუმატებლადაც - დიდი ბიუჯეტით და მუდმივი ხარვეზებით), თუმცა მთავრობას მათ მიმართ მაინც ლოიალური დამოკიდებულება აქვს… მგონი, ერთი რაღაც დარჩათ, რომ რომელიმე დეპუტატმა ფილმი გადაიღოს ქართულ-ჩინურ მეგობრობაზე და საერთო ღირებულებებზე, თორემ დანარჩენი - ისედაც ყველანაირად ფიანდაზად არიან გაგებულები.

- ჩინეთთან ეკონომიკური და ფინანსური კავშირების გაღრმავება დასავლური კურსის შეცვლის გამო მიგაჩნიათ პრობლემად? მახსოვს, 2018 წელს თავისუფალ ვაჭრობას შესაძლებლობად განვიხილავდით…

- ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ ანტიჩინური განწყობა არ გვაქვს. პირიქით, ჩინური კულტურა და თვითონ ჩინეთი ძალიან საინტერესოა. აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა იყენებს ჩინურ შესაძლებლობებს მომავალში საკუთარი თავის დაზღვევისთვის - იმისთვის, რომ იგივე ბიძინა ივანიშვილს შეექმნას სანქციების არიდებისთვის ხელსაყრელი გარემო. თორემ 2018 წლის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ნორმალური მთავრობის პირობებში, ძალიან ხელსაყრელი იყო. ჩინეთს შეეძლო საქართველო გამოეყენებინა, როგორც ბუფერი ევროპის DCFTA-ის ბაზარზე გასასვლელად. ეს უზარმაზარი შესაძლებლობა იქნებოდა ქართული ბიზნესისთვის - ჩინური რესურსების გამოყენებით აქ წარმოებული პროდუქცია ევროპაში გასულიყო, მაგრამ ჩვენ ამას არ ვიყენებთ, რადგან DCFTA-ის პოტენციალს საერთოდ არ ვითვისებთ და ევროპისკენ არც ვიყურებით…

- როგორია გლობალური პრაქტიკა - ვიცით, რომ მსოფლიო რეზერვებში იუანის წილი სულ 2%-ია, მაგრამ, ძირითადად, რა ტიპის ქვეყნები ირჩევენ ჩინურ სახელმწიფო ობლიგაციებს?

- იუანს ირჩევენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, ბრაზილია, ტანზანია ანუ გლობალური სამხრეთის ქვეყნები, რომლებიც ჩინეთის ეკონომიკაზე არიან მიბმულნი, ან აპირებენ ფართოდ გაუღონ კარები ჩინური ეკონომიკის ექსპანსიას.

- რა არის მთავარი კითხვები, რომლებსაც ეროვნული ბანკის მენეჯმენტმა უნდა გასცეს პასუხი?

რამდენიმე ძირითადი კითხვა მაქვს:

• ზარალის ანაზღაურება: ჩინურ სახელმწიფო ობლიგაციებს, დაახლოებით, 1.7% ერიცხება, ამერიკულს — 5.3%. თუ რეზერვების 15%-ს (დაახლოებით $1.2 მილიარდს) ჩინურ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში დავაბანდებთ და ქვეყანა წლების განმავლობაში გაცილებით ნაკლებს გამოიმუშავებს, პირადად ვინ აგებს პასუხს ამ ზარალზე? • SEPA vs CIPS: SEPA-ში (ევროპული საგადახდო სივრცე) გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წელს შეიტანეთ, მოლდოვამ — 2024 წელს და ის უკვე წევრია. რატომ მოხდა ჩინურ CIPS-თან ჩართვა ასე ოპერატიულად, ევროპულს კი ოთხი წელია ვუცდით? • ლიმიტის გაზრდა: აპრილში ჩინური აქტივების ზღვარი 5% იყო და ამას საგარეო ვალის სტრუქტურით ხსნიდით, თუმცა ჩინეთი ჩვენი საჯარო კრედიტორი არ არის. რატომ გახდა ეს წილი 15%? ექვს თვეში რა შეიცვალა ისეთი, რომ წილი სამჯერ გაიზარდა და რომელი გათვლით, ბენჩმარკით თუ ლიმიტით დადგინდა 15%? • ლიკვიდურობა კრიზისის დროს: რა გაძლევთ საფუძველს, რომ კრიზისის დროს $1.2 მილიარდს ჩინურ ბაზარზე დანაკარგის გარეშე და მყისიერად გაყიდით? ჩინურ ობლიგაციებს უცხოელი ინვესტორები ძალიან ფრთხილად ირჩევენ: ჩინეთის ბაზრის მხოლოდ 2.4%-მდე უჭირავთ უცხოელებს. ამასთან, ჩინეთის მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს უცხოელ მყიდველებს: 2026 წლის იანვარში უცხოური ინსტიტუტების ობლიგაციებიდან მიღებულ სარგებელს მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადი 2027 წლის ბოლომდე მოუხსნეს. • ბაზრის შედარება: ქალბატონო ნათია, ამბობთ, რომ დივერსიფიკაციის მიზნით რეზერვების განთავსებას აზიის ქვეყნების ტრაექტორიით ახორციელებთ. მაშინ ლოგიკურია კითხვა: რატომ არ ვდებთ რეზერვების ნაწილს ბანგლადეშის ტაკაში? 170 მილიონზე მეტი მოსახლეობა, აზია, ეკონომიკური ზრდა… თუ ტაკა მაინც არ გვაწყობს იმის გამო, რომ ლიკვიდური და კონვერტირებადი არ არის და ბაზარი პატარაა?! მაშინ ახსენით, რით განსხვავდება ამ მხრივ ის ბაზარი, სადაც უცხოელების წილი მხოლოდ ~2.4%-ია? • კოორდინირებული პოლიტიკა: რეზერვები ჩინეთში გადადის, ჩინური ბანკების ლიცენზირება მარტივდება (ვიცით, რომ „ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები სწორედ მათთვის შედის) და CIPS-ს ქართული ბანკები უერთდებიან. ეს ერთიანი პოლიტიკაა თუ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და ვინ აფასებს ჯამურ რისკებს?

- საინტერესო კითხვებია. BMG-ის რედაქციასაც აქვს კითხვები, ამიტომ ერთიანად გავგზავნით ეროვნულ ბანკში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დეველოპერი მერიას, ვაკეში კოეფიციენტის 40 სართულამდე გაზრდისთვის ₾31.7 მილიონს სთავაზობს

დეველოპერი მერიას, ვაკეში კოეფიციენტის 40 სართულამდე გაზრდისთვის ₾31.7 მილიონს სთავაზობს

BM.GE

ვალუტის გაუმჯობესებული კურსი - საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში

ვალუტის გაუმჯობესებული კურსი - საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში

BM.GE

NVIDIA-ს დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი გადადგა

NVIDIA-ს დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი გადადგა

BM.GE

არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია

არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია

BM.GE