რიგ შემთხვევებში დეველოპერების გრძელვადიანი შიდა განვადებები საკმაოდ რისკიანია - დავით უტიაშვილი
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი რისკი დეველოპერების გრძელვადიანი შიდა განვადებებია.
როგორც დავით უტიაშვილმა BMG-ის უძრავი ქონების კონფერენცია GREMO-ს ფარგლებში განუცხადა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც შიდა განვადებებს უკავშირდება, იმაში მდგომარეობს, რომ უცნობია, რა კრიტერიუმებით გასცემენ რიგი კომპანიები მსგავს განვადებებს, შესაბამისად, რამდენად ხდება მყიდველების გადამხდელუნარიანობის შემოწმება.
დავით უტიაშვილი ამბობს, რომ მთლიანობაში ამ მიმართულებით რისკების შეფასების პასუხისმგებლობა თავად დეველოპერებს და მომხმარებლებს ეკისრებათ.
“ერთ-ერთი ნაწილი, რასაც რისკის კუთხით ვუყურებთ, არის დეველოპერებში შიდა განვადებები, რომელიც არის გრძელვადიანი. ხშირად ეს პოზიციონირებულია როგორც უპროცენტო შიდა განვადება, 10-წლიანი და ცალკეულ შემთხვევებში ეს საკმაოდ რისკიანია, იმიტომ რომ მომხმარებლის შემოსავლების გადამოწმება არ ხდება და თუ ისე დაემთხვა, რომ დეველოპერმა დაასრულა პროექტი, მაგრამ ამ დროს მომხმარებელს ამ ბინის მნიშვნელოვანი თანხა კვლავ გადასახდელი აქვს, ამ შემთხვევაში დეველოპერისთვის დაფინანსების პრობლემაა, მსესხებელს შეიძლება გაუჭირდეს ბანკში გადასვლა, ამიტომ ასეთი ტიპის რისკების წინაშე შეიძლება დავდგეთ.
მეორეს მხრივ, შესაძლოა, რომ დეველოპერმა ვერ დაასრულოს ეს მშენებლობა, ამიტომ მომხმარებელსაც ყოველთვის ვურჩევთ, რომ შეაფასოს ეს რისკები, შეაფასოს დეველოპერის ისტორია, რეპუტაცია, როგორ გაუმკლავდა წინა შოკებს და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება”, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.
სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი ამავდროულად აცხადებს, რომ შიდა განვადებებთან დაკავშირებით რაიმე რეგულაციების შემოღება არ განიხილება.
“ამ კონტრაქტის ორივე მხარე არიან კერძო პირები – როგორც დეველოპერი, ისე მყიდველი. ზოგადად უძრავი ქონება ერთ-ერთი სტაბილური აქტივია, ამიტომ რაიმე კონკრეტული რეგულაციით ამასთან დაპირისპირება შეუძლებელია ამ ეტაპზე. მომხმარებელმა თავად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, უბრალოდ ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ, რომ მიიღოს დაფიქრებული გადაწყვეტილება – რომელ დეველოპერს შეარჩევს, ისევე როგორც დეველოპერმა გააანალიზოს ის რისკები, რომ არ უყურებს ვთქვათ ამ ადამიანის შემოსავლებს, შეძლებს თუ არა ის ამ 10 წლის განმავლობაში პირობითად მოემსახუროს ამ შენატანებს. დეველოპმენტი არ არის ფინანსური სექტორი, ამიტომ ეროვნული ბანკი, რომელიც ფინანსურ სექტორს არეგულირებს, ცხადია, ამ ეტაპზე არ განიხილავს რაიმე რეგულაციას”, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.
