მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როდის გაიაფდება ნავთობი? – წამყვანი ინსტიტუტებისა და ანალიტიკოსების პროგნოზები
როდის გაიაფდება ნავთობი? – წამყვანი ინსტიტუტებისა და ანალიტიკოსების პროგნოზები

როდის გაიაფდება ნავთობი? – წამყვანი ინსტიტუტებისა და ანალიტიკოსების პროგნოზები

BM.GE16 ოქტომბერი, 2026, 19:53|bm.ge

ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებული არასტაბილურობისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ნავთობის ფასების სამომავლო ტენდენციები გლობალური ეკონომიკისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადენს.

მომხმარებლებისთვის, ბიზნესისა და ინვესტორებისთვის დღეს ყველაზე აქტუალური კითხვაა, თუ როდის დაიწყებს შავი ოქრო გაიაფებას, რადგან ნავთობი მსოფლიოში ყველაზე კრიტიკული მნიშვნელობის რესურსია, რომელზედაც გლობალური ეკონომიკის ფაქტობრივად ყველა სექტორი არის დამოკიდებული.

წამყვანი ენერგეტიკული სააგენტოების, მსხვილი საინვესტიციო ბანკებისა და ანალიტიკური ცენტრების უახლეს პროგნოზებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ფასების დასტაბილურება 2027 წლის დასაწყისიდან არის მოსალოდნელი, ხოლო არსებით გაიაფებას ექსპერტები მომავალი წლის მეორე ნახევრიდან ელოდებიან.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) უახლესი ანგარიშების თანახმად, გლობალური ნავთობის ბაზარი სერიოზული ტრანსფორმაციის ზღურბლზეა. სააგენტო პროგნოზირებს, რომ გრძელვადიანად მიწოდების ზრდა თანდათანობით მნიშვნელოვნად გადაუსწრებს მოთხოვნას. ეს ძირითადად განპირობებულია OPEC-ის არაწევრი ქვეყნების, კერძოდ, შეერთებული შტატების, ვენესუელის, ბრაზილიის, გაიანასა და კანადის მიერ წარმოების რეკორდული ზრდით. ამასთან ერთად, სააგენტო ხაზს უსვამს ელექტრომობილების გაყიდვების სწრაფ ზრდასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, რაც ნავთობზე გლობალურ მოთხოვნას ანელებს. შესაბამისად, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკვე 2027 წლის ბოლოდან ბაზარზე შეიქმნება ჭარბი მიწოდება, რაც ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს.

ამ ყველაფერთან ერთად, IEA-ის ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამჟამინდელი მოცემულობა ნორმალური არ არის და ერთ წელიწადში ნავთობის 75%-ით გაძვირება ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომითა და ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების შემცირებით არის განპირობებული. უახლესი ანგარიშის თანახმად, გაზრდილი ფასების გამო, 2026 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა დღეში 2.6 მილიონი ბარელით შემცირდება. ამ ვარდნის 25%-იანი წილი დიზელზე მოდის, რაც მის რეკორდულად გაძვირებას უკავშირდება. სააგენტოს მოლოდინით, მაღალი ფასების შენარჩუნება მძღოლებს ელექტრომობილებზე გადასვლისკენ უბიძგებს, რაც ირანის კრიზისის დასრულების შემდეგ, ფუნდამენტურ მოთხოვნას არსებითად შეამცირებს.

უოლ-სტრიტის მსხვილი ბანკებიც ანალოგიურ, თუმცა დეტალებში ოდნავ განსხვავებულ სურათს ხატავენ. მაგალითად, Citi და Morgan Stanley ბაზრის მიმართ შედარებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. მათი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Brent-ის მარკის ნავთობის ფასი საშუალოვადიან პერიოდში თანდათანობით დაუბრუნდება 70-დან 75 დოლარამდე დიაპაზონს. ამის მთავარ მიზეზად ისინი ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელებასა და ჭარბ წარმოებას ასახელებენ.

თავის მხრივ, Goldman Sachs და JPMorgan Chase მიუთითებენ, რომ მოკლევადიან პერიოდში ფასების მკვეთრი შემცირება არ არის მოსალოდნელი, რადგან გეოპოლიტიკური ვითარება ჯერაც გაურკვეველია, თუმცა როცა კონფლიქტი დასრულდება და რისკის პრემია ამოიწურება, ბაზრის ფუნდამენტური ფაქტორები ფასებს სტაბილურად შეამცირებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკული ადმინისტრაცია (EIA) თავის მიმოხილვაში მეტ ყურადღებას ამახვილებს მარაგების დონესა და OPEC-ის პოლიტიკაზე. ადმინისტრაციის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კარტელი ცდილობს მოპოვების შეზღუდვით ფასები ხელოვნურად მაღალ ნიშნულზე შეინარჩუნოს, მის შიგნით არსებული პოლიტიკური უთანხმოება და ორგანიზაციიდან წევრი ქვეყნების გასვლა მიწოდების ზრდას გარდაუვალს ხდის.

დამოუკიდებელ ექსპერტთა აზრით, როდესაც ოპეკი იძულებული გახდება ბაზრის წილის დასაბრუნებლად წარმოების შეზღუდვები ეტაპობრივად მოხსნას, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის დამატებითი მოცულობები გაჩნდება, რაც ფასების მკვეთრ კორექციას გამოიწვევს.

მიუხედავად ამ იმედის მომცემი პროგნოზებისა, უკლებლივ ყველა ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ დღეს ბაზარზე არსებული ვითარება არ არის კავშირში მაკროეკონომიკურ რეალობასთან და $105-დოლარიანი Brent-ის ფასს ირანის ომი და რისკის პრემია განსაზღვრავს, რომლის დასრულების პროგნოზირება ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან თავად ეს გადაწყვეტილება ერთ ადამიანთან, დონალდ ტრამპთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, სანამ არ იქნება მშვიდობა, იქამდე არ უნდა გვქონდეს საწვავის გაიაფების იმედი.

თუმცა, საბედნიეროდ, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები იძლევა მყარ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ 2027 წლიდან ენერგომატარებლებზე ფასების ციკლი შეიცვლება. ანალიტიკოსთა კონსენსუსი ერთმანეთს ემთხვევა იმაში, რომ გლობალური ბაზარი მიდის ჭარბი მიწოდების ეპოქისკენ, რაც საწვავის ეტაპობრივ და მნიშვნელოვან გაიაფებას გამოიწვევს, თუმცა რამდენად სწრაფად მოხდება ეს, სწორედ ტრამპზეა დამოკიდებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთის მოქალაქეებისგან საქართველოში ქირაზე მოთხოვნის ზრდა უფრო ფიქსირდება, ვიდრე ბინების ყიდვაზე - "საკურა ფროფერთი"

რუსეთის მოქალაქეებისგან საქართველოში ქირაზე მოთხოვნის ზრდა უფრო ფიქსირდება, ვიდრე ბინების ყიდვაზე - "საკურა ფროფერთი"

BM.GE

Lukoil-ის ავტოგასამართ სადგურებზე აშშ-ის სანქციები ისევ არ გავრცელდება

Lukoil-ის ავტოგასამართ სადგურებზე აშშ-ის სანქციები ისევ არ გავრცელდება

BM.GE

30, 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის დღეები გაიმართება

30, 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის დღეები გაიმართება

BM.GE

„იმედის“ მფლობელ ჰოლდინგში წილების 70% ჯამში 700 ლარად გაიყიდა

„იმედის“ მფლობელ ჰოლდინგში წილების 70% ჯამში 700 ლარად გაიყიდა

BM.GE