
როგორ აზიანებს "პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება" ქვეყნის განვითარებას|საიას ანალიზი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ქვეყანაში "პერსონიფიცირებული კანონშემოქმედების" ტენდენციებსა და მისგან მომდინარე სამართლებრივ თუ ეკონომიკურ საფრთხეებს აანალიზებს. ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო პერიოდში მიღებული არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა ემსახურება არა ზოგად, საზოგადოებრივ საჭიროებებს, არამედ მორგებულია კონკრეტული პირებისა თუ ჯგუფების პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებზე. საია მიიჩნევს, რომ ეს პრაქტიკა ფუნდამენტურად აზიანებს სამართლის უზენაესობის პრინციპს და ქვეყნის საინვესტიციო გარემოს.
რა არის "პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება"?
კვლევაში განმარტებულია, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია ის, რომ კანონი უნდა იყოს ზოგადი, აბსტრაქტული, წინასწარ განჭვრეტადი და მიმართული საზოგადოების განუსაზღვრელი წრისკენ. თუმცა, "ად ჰომინემ" (Ad hominem) ანუ პერსონიფიცირებული კანონშემოქმედების პირობებში, სამართლებრივი ნორმები იწერება ან იცვლება კონკრეტული სუბიექტების სასარგებლოდ (ან მათ საზიანოდ). ორგანიზაციის განცხადებით, ეს მიდგომა არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპს და სახელმწიფო ინსტიტუტებს ვიწრო ჯგუფური ინტერესების გატარების ინსტრუმენტად აქცევს.
კვლევაში განხილული ძირითადი საკანონმდებლო ქეისები
ანგარიშში 27 რეზონანსული საკანონმდებლო ცვლილება დეტალურად არის გაანალიზებული. საია-ს შეფასებით, თითოეული მათგანი პერსონიფიცირებული კანონშემოქმედების თვალსაჩინო მაგალითებია:
1. რუსული კანონი ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონი) - მიღების თარიღი: 2024 წლის 28 მაისი;
2. ჰომოფობიური/ტრანსფობიური საკანონმდებლო პაკეტი - მიღების თარიღი: 2024 წლის 17 სექტემბერი;
3. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში - მიღების თარიღი: 2024 წლის 13 დეკემბერი;
4. ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში - მიღების თარიღი: 2024 წლის 13 დეკემბერი;
5. ცვლილებები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში - მიღების თარიღი: 2024 წლის 13 დეკემბერი;
6. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში - მიღების თარიღი: 2025 წლის 6 თებერვალი;
7. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში - მიღების თარიღი: 2025 წლის 6 თებერვალი;
8. ცვლილებები "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში და გამომდინარე ცვლილებები - მიღების თარიღი: 2025 წლის 20 თებერვალი;
9. ე.წ. FARA და მისგან გამომდინარე ცვლილებები - მიღების თარიღი: 2025 წლის 1-ლი აპრილი;
10. ცვლილებები გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის სავალდებულოობის გაუქმებასთან დაკავშირებით - მიღების თარიღი: 2025 წლის 2 აპრილი;
11. კანონმდებლობიდან ტერმინ "გენდერის" ამოღებასთან დაკავშირებული ცვლილებები - მიღების თარიღი: 2025 წლის 2 აპრილი;
12. ცვლილებები "მაუწყებლობის შესახებ" კანონში - მიღების თარიღი: 2025 წლის პირველი აპრილი;
13. ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში - მიღების თარიღი: 2025 წლის 16 აპრილი;
14. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და სხვა აქტებში (ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით) - მიღების თარიღი: 2025 წლის 16 აპრილი, 2025 წლის 2 ივლისი;
15. ცვლილებები "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში - მიღების თარიღი: 2025 წლის 13 მაისი;
16. ცვლილებები საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტში - მიღების თარიღი: 2025 წლის 13 მაისი;
17. ცვლილებები "სიტყვისა და გამოხატვის შესახებ" კანონში - მიღების თარიღი: 2025 წლის 26 ივნისი;
18. ცვლილებები "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში (სასამართლოში ვიდეო/ფოტო გადაღების და აუდიოჩაწერის შეზღუდვა) - მიღების თარიღი: 2025 წლის 26 ივნისი;
19. ცვლილებები "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და სხვა კანონებში - მიღების თარიღი: 2025 წლის 26 ივნისი;
20. ცვლილებები "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში - მიღების თარიღი: 2025 წლის 2 ივლისი;
21. ცვლილებები "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონში და გამომდინარე ცვლილებები სხვა საკანონმდებლო აქტებში - მიღების თარიღი: 2025 წლის 16 ოქტომბერი;
22. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში - მიღების თარიღი: 2025 წლის 16 ოქტომბერი;
23. ცვლილებები "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" კანონში და გამომდინარე ცვლილებები - მიღების თარიღი: 2025 წლის 9 დეკემბერი;
24. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში - მიღების თარიღი: 2025 წლის 10 დეკემბერი;
25. განახლებული საარჩევნო კოდექსი - მიღების თარიღი: 2026 წლის 17 დეკემბერი;
26. ცვლილებები "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში - მიღების თარიღი: 2026 წლის 4 თებერვალი;
27. ცვლილებები "გრანტების შესახებ" და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში - მიღების თარიღი: 2026 წლის 4 მარტი;
კანონშემოქმედებითი პროცესის ხარვეზები
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ პერსონიფიცირებული კანონების მიღება, როგორც წესი, ხასიათდება საკანონმდებლო პროცესის სერიოზული ხარვეზებით:
• კანონპროექტები ხშირად განიხილება დაჩქარებული წესით, რაც გამორიცხავს ფართო საზოგადოებრივ, პროფესიულ და ბიზნესწრეებთან დისკუსიას. • განმარტებითი ბარათები არ შეიცავს რეალურ, კვლევებსა და მონაცემებზე დაფუძნებულ დასაბუთებას. • იგნორირებულია საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები.
შეჯამება
"კვლევამ აჩვენა, რომ კანონმდებლობის პერსონიფიცირება ერთ-ერთი პრობლემური საკითხია საქართველოში. გამოცდილება მიუთითებს, რომ 2024 წლის არჩევნების შემდგომ პარლამენტმა არაერთი ცვლილება მიიღო დაჩქარებული წესით, რომლის მიზანიც არჩევნების შემდგომი პროტესტის ჩახშობა იყო. ამასთანავე, კანონების პერსონიფიცირება გამოიხატა პოლიტიკური ოპონენტების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებაში. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ასეთი ცვლილება საკმარისი მსჯელობის და განხილვის შემდგომ მიიღებოდეს. რაც უფრო მომეტებულია კანონით ძირითად უფლებაში ჩარევა, მით უფრო დელიბერაციული უნდა იყოს ასეთი ნორმის საკანონმდებლო განხილვა.
განხილული შემთხვევები ზღუდავს ადამიანის უფლებებს და აუარესებს ინდივიდის სამართლებრივ მდგომარეობას. ამასთანავე, თითოეული მათგანი მიმართულია მმართველი ელიტისთვის პოლიტიკურად მიუღებელი პირების დასჯისკენ. ეს კი კანონმდებლობის პერსონიფიცირებაა. გარდა ამისა, ის, რაც მოცემულ შემთხვევებს ძალადობრივი კანონშემოქმედების მაგალითებად აქცევს, უფლებაში ჩარევის მომეტებული ხარისხის გარდა, დროის მოკლე პერიოდში მათი მიღებაა, დელიბერაციის გარეშე.
3-დონიანი დემოკრატიის ფარგლებში პარლამენტი ყოველდღიურ საქმიანობაში მოქმედებს ე.წ. საკანონმდებლო დონეზე. ეს კი გულისხმობს მიმდინარე კანონმდებლობებისა და პოლიტიკური საკითხების გადაჭრას. 3-დონიანი დემოკრატიის ჭრილში ეს ყველაზე დაბალი დონეა, რომლის ფარგლებშიც საპარლამენტო კანონშემოქმედებითი ძალაუფლება ყველაზე მეტად არის შებოჭილი. კანონშემოქმედების პროცესში აუცილებელია გარკვეული პრინციპების დაცვა. ესენია: ინფორმირებულობა, დელიბერაცია და ქმედითი, ეფექტიანი პროცესი, რაც უზრუნველყოფს კარგი კანონების მიღებას. მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს საკმარისი და რელევანტური ინფორმაციის მოპოვებით, ყველა არგუმენტისა და მოსაზრების გაცვლით და, რაც მთავარია, საკმარისი დროითი რესურსის გამოყოფით. ამიტომ, კანონშემოქმედების პროცესი დელიბერაციის, ღიაობის, ყველა მნიშვნელოვანი აქტორის ჩართულობითა და მათ მიერ აზრის გამოთქმის ფონზე უნდა მიმდინარეობდეს. მას უნდა დაეთმოს საკმარისი დრო, რათა ნორმის ადრესატებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მასზე საკუთარი მოტივირებული პოზიცია გამოხატონ. რაც უფრო მომეტებულია ძირითად უფლებაში ჩარევა, მით უფრო დელიბერაციული უნდა იყოს საკანონმდებლო პროცესი", - ვკითხულობთ კვლევაში.
BM.GE
წყარო: bm.ge