
როგორ დაიბეგრება აპარტამენტების ფართების რეალიზება - სამინისტროს გადაწყვეტილება
ფინანსთა სამინისტრომ ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრის საკითხებზე საჯარო გადაწყვეტილება მიიღო.
სამინისტრო განმარტავს, რა შემთხვევაში განიხილება უძრავი ქონება საცხოვრებელ ბინად/სახლად.
კერძოდ, გადაწყვეტილების თანახმად:
უძრავი ქონება განიხილება საცხოვრებელ ბინად/სახლად, თუ ერთობლივად აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
• წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთეულს; • შესაძლებელია მისი გამოყენება საცხოვრებლად; • ტექნიკურად უზრუნველყოფილია ან შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს საბაზისო საინჟინრო კომუნიკაციებით; • არ წარმოადგენს სხვა საქმიანობის ფუნქციურ ნაწილს.
ამასთან, საჯარო გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სასტუმროს ინფრასტრუქტურის ფარგლებში არსებული ფართობი/ნომერი საცხოვრებელ ბინად/სახლად არ მიიჩნევა.
როგორც “კრესტონ ჯორჯიას” მმართველმა პარტნიორმა “საქმის კურსის” ეთერში განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, სასტუმროს ტიპის კომპლექსში, ე.წ აპარტამენტებში მდებარე უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, ფიზიკური პირი საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით დაიბეგრება.
დავით პაპიაშვილის განცხადებით, საცხოვრებელი ბინის და სახლის რეალიზების შემთხვევაში ფიზიკური პირები 5%-იანი განაკვეთით იბეგრებიან, ხოლო კომერციული უძრავი ქონების რეალიზებისას 20%-იანი განაკვეთით. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო გადაწყვეტილების თანახმად, სასტუმროს ინფრასტრუქტურის ფარგლებში არსებული ფართობი/ნომერი საცხოვრებელ ბინად/სახლად არ მიიჩნევა, მისი რეალიზების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 20%-იანი განაკვეთით დაიბეგრება.
აღსანიშნავია, რომ იბეგრება ნამეტი შემოსავალი, ანუ სხვაობა ბინის შეძენისას არსებულ ფასს და მისი გაყიდვისას არსებულ ღირებულებას შორის.