
როგორ იქმნება მსოფლიო სტანდარტის სპორტული მოედნები საქართველოში - SIS Pitches-ის თანამედროვე ტექნოლოგიები
თბილისი,მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი
ქართული სპორტი ისტორიულ აღმავლობას განიცდის. ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატება, ქართული რაგბის გლობალური მიღწევები და საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა ქვეყანას სრულიად ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს - სპორტულ წარმატებას უმაღლესი დონის, თანამედროვე, ევროპული სტანდარტის ინფრასტრუქტურა სჭირდება.
მსოფლიო დონის ვარსკვლავების მასპინძლობა თუ მომავალი თაობების აღზრდა შეუძლებელია მოედნების გარეშე, რომლებიც უძლებს ექსტრემალურ დატვირთვას და სპორტსმენს მძიმე ტრავმებისგან იცავს - სწორედ ამ სტრატეგიულ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე სპორტული ინფრასტრუქტურის გლობალური გიგანტი, ბრიტანული წარმოშობის კომპანია SIS Pitches შემოვიდა.
SIS Pitches ორ ათწლეულზე მეტია სპორტული ზედაპირების ინჟინერიაში გლობალურ ტენდენციებს განსაზღვრავს. მის პორტფოლიოშია FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური სტადიონები, „მანჩესტერ სიტის“, „ბარსელონას“, „ატლეტიკო მადრიდის“, „იუვენტუსის“ არენები და შოტლანდიისა თუ ინგლისის ეროვნული სარაგბო სტადიონები.
კომპანიის უნიკალურობა მის ფილოსოფიაშია - A single source for the entire project (ერთი წყარო მთლიანი პროექტისთვის). ტრადიციული პრაქტიკისგან განსხვავებით, სადაც სტადიონზე მიწის სამუშაოებს, დრენაჟს, ბალახის დაგებასა და მორწყვის სისტემებს სხვადასხვა ქვეკონტრაქტორი ახორციელებს, რაც ხშირად პასუხისმგებლობის გადაბარებასა და ხარისხობრივ აცდენებს იწვევს, SIS Pitches თავად იკვლევს ნიადაგს, აპროექტებს, აწარმოებს ბოჭკოებს, საკუთარი ტექნიკით (SISGrass X-Gen) აკერებს საფარს და თავადვე უზრუნველყოფს მის შემდგომ ექსპლუატაციას.
ბათუმი, "ბათუმი არენა"
ქართულ ბაზარს კომპანია ოთხ ძირითად მიმართულებას სთავაზობს:
• ჰიბრიდული მინდვრები (SISGrass): ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც ბუნებრივ ბალახს სინთეტიკური ბოჭკოებით ამაგრებს (დაახლოებით 5% სინთეტიკა, 95% ბუნებრივი საფარი), რაც მოედნის გამძლეობასა და დატვირთვის გაძლების უნარს 3-4-ჯერ ზრდის. • ბუნებრივი რულონური საფარი (Natural Turf): ელიტური ჯიშების ბუნებრივი ბალახის სისტემები, რომლებიც ექსკლუზიურად SIS Pitches-ის სპეციალიზებულ აგროფერმებში იზრდება. • ხელოვნური/სინთეტიკური საფარები (SISTurf): პრემიუმ ხარისხის ხელოვნური ბალახის სისტემები, რომლებიც გამოიყენება ფეხბურთისთვის, რაგბისთვის, ჰოკეისა და მრავალფუნქციური მოედნებისთვის. • ბუნებრივი საფარი (რულონური სისტემა) და სადრენაჟო/გათბობის სისტემები: ნიადაგის მომზადება, სადრენაჟო, ავტომატური მორწყვისა და SISAir (ვენტილაციისა და ტენიანობის რეგულირების) სისტემების ინტეგრაცია.
SIS Pitches-სთვის რეგიონში მთავარ გამოწვევად არა უშუალოდ სამშენებლო ფაზა, არამედ პროექტის ჩაბარების შემდგომი პერიოდი რჩება. მათი განმარტებით, ჰიბრიდული და ბუნებრივი საფარის სპეციფიკა სრულად დაახლოებით 6 თვის შემდეგ, სეზონური და კლიმატური ცვლილებების ფონზე ვლინდება. სწორედ ამ კრიტიკულ ეტაპზე დამკვეთები ხშირად უარს ამბობენ საერთაშორისო საავტორო ზედამხედველობაზე და მოვლის პროცესს ბიუჯეტურ, ადგილობრივ კონტრაქტორებს აბარებენ.
SIS Pitches-ში განმარტავენ, რომ სპეციფიკური ჰიბრიდული ბალახის მოვლა ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას, უწყვეტ აერაციას, სპეციფიკურ განოყიერებასა და ზუსტ აგროტექნოლოგიურ ცოდნას მოითხოვს. მესამე პირების ჩარევისას საფარი უმოკლეს დროში კარგავს ელასტიკურობას, ბალახი ხმება, დრენაჟი იჭედება და მოედანი მწყობრიდან გამოდის. შედეგად, იკარგება 8-10-წლიანი საიმედოობა, რაშიც სახელმწიფომ თუ კერძო სექტორმა სოლიდური ინვესტიცია ჩადო, ობიექტი კი რამდენიმე წელიწადში ხელახალ, კაპიტალურ ხარჯებს მოითხოვს.
SIS Pitches-ს სურს, გაარღვიოს ეს წრე და მუნიციპალიტეტებთან თუ კერძო საფეხბურთო კლუბებთან სულ მცირე 2-წლიანი თანამშრომლობის პაკეტი დანერგოს, რომელიც ნებისმიერ რისკს აზღვევს. ამ შემთხვევაში, კომპანია ობიექტს ჩაბარების შემდეგ არ ტოვებს და პარტნიორებს სრულ სერვისულ პაკეტს სთავაზობს: სპეციალიზებულ მძიმე ტექნიკას, მოვლის ინდივიდუალურ კალენდარს და ადგილობრივი პერსონალის სისტემურ გადამზადებას. შედეგად, მოედნის საექსპლუატაციო ვადა 8-10 წლამდე და მეტხანს იზრდება.
ამ მიდგომის მასშტაბი კომპანიამ საქართველოში უკვე პრაქტიკულად დაამტკიცა. ევროპის 21-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატის (UEFA U-21) მასპინძლობისთვის SIS Pitches-მა ქვეყნის მასშტაბით 11 მოედნის სრული დაპროექტება, მშენებლობა და მოდერნიზება განახორციელა. ყველა მათგანზე SISGrass-ის უახლესი ჰიბრიდული „ჩაკერებული“ ტექნოლოგია დაინერგა. კომპანიის გუნდი 24/7 რეჟიმში მუშაობდა, რათა ურთულესი ინფრასტრუქტურული სამუშაოები უმოკლეს, მკაცრად განსაზღვრულ ვადებში დასრულებულიყო.
ხელშეკრულების ფარგლებში განახლდა როგორც ცენტრალური, ისე სავარჯიშო არენები: ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი, წყალტუბოს სავარჯიშო ბაზა, ფოთის „კოლხეთის“ მოედანი, ქობულეთის ცენტრალური სტადიონი, ბათუმის სპორტის სასახლის ორი ბუნებრივი მოედანი და თბილისის ობიექტები (მიხეილ მესხის ცენტრალური და სათადარიგო მოედნები, „ბასას“ ბაზა, პეტრიაშვილის სახელობის არენა, საგურამოსა და „დინამოს“ სავარჯიშო ცენტრები).
„სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატის დასრულებიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში, რამდენიმე მოედნის მენეჯმენტმა ექსპლუატაციის პროცესი დაბალბიუჯეტიან ადგილობრივ კომპანიებს გადააბარა. ამ გადაწყვეტილებამ საფრთხე შეუქმნა სახელმწიფოს მიერ უმაღლესი სტანდარტის ინფრასტრუქტურაში ჩადებულ სოლიდურ კაპიტალს: მოედნებმა ავტომატურად დაკარგა ჰიბრიდული საფარის 8-10-წლიანი საგარანტიო მხარდაჭერა, ხოლო ბალახის კონდიცია თვალსაჩინოდ გაუარესდა.
ჩვენ ყოველთვის ღიად ვეუბნებით პარტნიორებს - ელიტური დონის სათამაშო ზედაპირის შენარჩუნება მხოლოდ შესაბამისი რესურსითა და უმაღლესი პროფესიონალიზმითაა შესაძლებელი, რადგან ხარისხი კომპრომისს არ ცნობს. გულდასაწყვეტია, რომ აღნიშნულ ობიექტებს ამ სტანდარტის შესანარჩუნებლად საჭირო რესურსი არ აღმოაჩნდათ. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში მალე დამკვიდრდება საერთაშორისო პრაქტიკა, სადაც მოედნის საავტორო მოვლა აღიქმება არა ზედმეტ ხარჯად, არამედ სპორტსმენთა ტრავმების პრევენციისა და სახელმწიფო ინვესტიციის დაცვის უმთავრეს გარანტად”, - ამბობენ კომპანიაში.
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი
კომპანიის საოპერაციო სისწრაფისა და ტექნოლოგიური მდგრადობის უპრეცედენტო მაგალითი 2026 წლის 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესრულებული სამუშაო გახდა. მუნიციპალური განვითარების ფონდთან პარტნიორობით, SIS Pitches-მა რეკორდულ დროში - სულ რაღაც 60 დღეში - თბილისსა (ავჭალა, შევარდენი) და ქუთაისში („აია არენა“) 5 ჰიბრიდული მოედნის სრული რეაბილიტაცია და საკუთარი ექსკლუზიური SISGrass-ის რობოტიზებული აპარატებით ჩაკერვა უზრუნველყო, რაც სწორი მოვლის შემთხვევაში, არანაკლებ 8-წლიან ექსპლუატაციას უზრუნველყოფს. რამდენიმე ლოკაციაზე სამუშაოების პარალელურმა მართვამ და SISGrass-ის ინოვაციურმა ტექნოლოგიამ შესაძლებელი გახადა ის, რაც ტრადიციული მეთოდებით თვეებს მოითხოვდა.
მოედნების ხარისხი პრაქტიკაშიც დადასტურდა: ოთხი კვირის განმავლობაში ხუთმა მოედანმა ჯამში 245 სავარჯიშო სესიასა და მატჩს უმასპინძლა - დატვირთვას, რომელსაც, როგორც SIS Pitches Eastern Europe-ის მმართველი დირექტორი ილიას ქობალი აღნიშნავს, ბევრი სათამაშო ზედაპირი მთელი სეზონის განმავლობაშიც ვერ უძლებს. SISGrass-ის ჩაკერების ტექნიკისა და კომპანიის მიერ ყოველდღიური საავტორო მოვლის წყალობით, საფარმა რაგბის ექსტრემალურ წნეხს გაუძლო და მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ SIS Pitches-ის ექსკლუზიურ პორტფოლიოში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ საინჟინრო ობიექტს - „ბათუმი არენას“. ზღვისპირა, ჭარბტენიანი სუბტროპიკული კლიმატისა და სტადიონის ნახევრად გადახურული კონსტრუქციის მიუხედავად, კომპანია წლებია, მოედანს უნაკლო მდგომარეობაში ინარჩუნებს და საერთაშორისო მატჩებს მუდმივად უმაღლეს დონეზე მასპინძლობს.
SIS Pitches-ის სტრატეგიული მიზანი საქართველოში მხოლოდ საფარის დაგებით არ შემოიფარგლება. კომპანია ისწრაფვის, შექმნას ხარისხის ახალი ეკოსისტემა, აღზარდოს ადგილობრივი პროფესიონალები და საქართველო რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად აქციოს, საიდანაც სპორტული ინფრასტრუქტურის უმაღლესი სტანდარტები მთელ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონზე გავრცელდება.
„ჩვენ ღიად და თამამად ვამბობთ: ბაზარზე SIS Pitches-ის საინჟინრო ხარისხს კონკურენტი არ ჰყავს. ჩვენი ტექნოლოგია ათწლეულების გარანტიას ქმნის. იმედი გვაქვს, რომ დამკვეთები და სპორტული ინდუსტრიის გადაწყვეტილების მიმღები პირები სრულად გააცნობიერებენ მოედნის გრძელვადიანი, ავტორიზებული მოვლის კრიტიკულ მნიშვნელობას.
მხოლოდ ამ გზით შეძლებს ქართული სპორტი, ჰქონდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც იცავს მოთამაშეს, ამართლებს ინვესტიციას და ქვეყანას გლობალურ სპორტულ რუკაზე ღირსეულ ადგილს უმკვიდრებს”, - აცხადებენ SIS Pitches-ში.
BM.GE
წყარო: bm.ge