მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ იქცა ნავთობით ღარიბი ჩინეთი სანავთობო ზესახელმწიფოდ?
როგორ იქცა ნავთობით ღარიბი ჩინეთი სანავთობო ზესახელმწიფოდ?

როგორ იქცა ნავთობით ღარიბი ჩინეთი სანავთობო ზესახელმწიფოდ?

BM.GE25 ოქტომბერი, 2026, 17:22|bm.ge

გლობალურ ეკონომიკასა თუ პოლიტიკაში გავლენისა და ძალაუფლების ქონისათვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, არ იყო დამოკიდებული სხვა სახელმწიფოზე. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე კრიტიკულ რესურსებს ეხება.

თუმცა ამ მხრივ უიშვიათესი გამონაკლისია ჩინეთი, რომელიც ახერხებს, შეინარჩუნოს გლობალური დომინაცია და, ამავდროულად, უპრობლემოდ იარსებოს მაშინაც კი, როცა უცხოურ პროდუქციაზე, კერძოდ, ნავთობზე სერიოზულადაა დამოკიდებული.

მართალია, მას დღიურად 11 მილიონ ბარელზე მეტის დეფიციტი აქვს, რაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უარყოფითი მაჩვენებელია, მაგრამ ახერხებს, გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარსაც კი დაუდგინოს წესები.

როგორ მოიპოვა ჩინეთმა ეს კოლოსალური ბერკეტი და როგორ იქცა ის სანავთობო ზესახელმწიფოდ, სწორედ ამას შეეხება ეს სტატია.

კლასიკურ ეკონომიკურ თეორიას თუ დავეყრდნობით, დღეს ჩინეთი ბაზარზე ყველაზე მოწყვლადი მოთამაშე უნდა იყოს, რადგან ქვეყანა დღეში საშუალოდ 16.3 მილიონ ბარელ საწვავს მოიხმარს, საკუთარი ჭაბურღილებიდან კი მხოლოდ 4.4 მილიონს მოიპოვებს.

მარტივად რომ ვთქვათ, უცხოეთიდან ყოველ 24 საათში 11.6 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის იმპორტი უწევს, რაც მთლიანი წლის პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, სახელმწიფოს მიერ გაღებულ $300 მილიარდ დოლარს ნიშნავს.

თუმცა, ბოლო წლებში პეკინმა მოახერხა და თავისი "აქილევსის ქუსლი" სიძლიერედ აქცია. ის იქცა მსოფლიოში ყველაზე მძლავრ მონოფსონიად.

ამისთვის კი პირველი ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა, შიდა მოხმარების სტრუქტურული გარდაქმნა იყო.

მთავრობის ძალისხმევით მოხერხდა ელექტრომობილების პოპულარობის ზრდა, სწრაფმავალი რკინიგზის განვითარება და ლოგისტიკაში თხევად გაზზე მომუშავე სატვირთოების შემოყვანა, რამაც 2019 წლიდან დღემდე სატრანსპორტო სექტორში ნავთობზე მოთხოვნა დღეში 1.2 მილიონი ბარელით შეამცირა.

რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ჩინეთმა ამ მოცულობის ნავთობის იმპორტი კი არ შეწყვიტა, არამედ ის ნავთობქიმიური გიგანტებისკენ გადაამისამართა, სადაც წიაღისეულ საწვავს მაღალტექნოლოგიურ პოლიმერებად გარდაქმნიან და ექსპორტზე გააქვთ.

მეორე ნაბიჯი, რომელიც ასევე სი ძინპინის ხელისუფლებას მიეწერება, ნავთობის გადამუშავების მასშტაბების ზრდაა. მისი მმართველობის პერიოდში ჩინეთმა აშშ-ს გადაუსწრო და წლიურად 1 მილიარდ ტონაზე მეტის წარმოებით მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა.

სხვათა შორის, ეს პეკინმა ორდონიანი სისტემით შეძლო.

ერთ მხარეს არიან სახელმწიფო გიგანტები და უახლესი მეგა-კომპლექსები, რომლებიც თითოეული ბარელის 40-70%-ს ითვისებენ და პირდაპირ ქიმიურ ნედლეულად აქცევენ, მაშინ როცა ძირითადი დასავლური ქარხნების მაჩვენებელი მხოლოდ 10-20%-ია.

მეორე მხარეს დგანან შანდუნის პროვინციაში მოქმედი დამოუკიდებელი, ე.წ. „ჩაიდნის“ ტიპის ქარხნები, რომლებიც მართალია მოძველებულები არიან და ათვისების მასშტაბებით დიდ გიგანტებს ვერ უტოლდებიან, მაგრამ ქვეყნის გადამუშავების მეოთხედს მაინც ავსებენ.

კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ სწორედ ეს მცირე ქარხნები ასრულებენ სანქცირებული ნავთობის მთავარი გამტარის როლს. ვინაიდან მათ დასავლურ ფინანსურ სისტემასთან ბმა არ აქვთ, ისინი თამამად ყიდულობენ იაფ რუსულ თუ ირანულ ნავთობს. სახელმწიფო კი ამას პრობლემად არ აღიქვამს.

მაგალითად, მალაიზიის წყლებში, გემიდან გემზე გადატვირთვის სქემებითა და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით, ჩინეთი ირანის საზღვაო ექსპორტის 80-დან 90%-მდე ითვისებს. რაც შეეხება რუსეთს, პეკინი მისთვის დაწესებული ფასდაკლებით სრულფასოვნად სარგებლობს და ჯამურად, წლიურად 27 მილიარდ დოლარზე მეტს ზოგავს.

მოკლედ, მესამე ნაბიჯი, რომელიც დეფიციტში მყოფ ჩინეთს ნავთობის ზესახელმწიფოდ ყოფნაში ეხმარება, სანქციებისა თუ შეზღუდვების უგულებელყოფაა.

აი, მეოთხე მეთოდი კი პირდაპირ სცემს პასუხს კითხვას, თუ როგორ ახერხებს ქვეყანა, გლობალურ ბაზრებზე ფასების კონტროლს - ეს მეთოდი გიგანტური სტრატეგიული მარაგებია.

ჩინეთის მიწისქვეშა საცავებსა და ტერმინალებში 1.2-დან 1.4 მილიარდ ბარელამდე ნავთობი ინახება, რაც ქვეყანას აძლევს საშუალებას, რომ საშუალოდ 130 დღე, ანუ 18 კვირა იმპორტის სრული შეჩერების ფონზეც კი ჩვეულებრივად გააგრძელოს საქმიანობა.

სხვათა შორის, როცა გლობალური ბაზრის კონტროლზე ვსაუბრობთ, სწორედ აქ იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეზერვები. მაგალითად, როდესაც მსოფლიოში კრიზისი მწვავდება, ჩინეთი საერთოდ აჩერებს საწვავის შესყიდვას და არ აძლევს მწარმოებელ ქვეყნებს საშუალებას, ამით ისარგებლონ.

მარტივად რომ ვთქვათ, ქრება ბაზრიდან და ავტომატურად ამცირებს ფასის ზრდის საფრთხესაც.

სიცხადისთვის, დღეს რომ ჩინეთს რეზერვები არ გააჩნდეს, ბრენტის ფასი, საშუალოდ, არა $110 დოლარი, არამედ $145 იქნებოდა, რადგან ქვეყნის მოთხოვნის გათვალისწინებით, ბარელის ღირებულება $30-$35 დოლარით მოიმატებდა.

შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთმა მოახერხა და დაამტკიცა, რომ თანამედროვე სასაქონლო ბაზარზე ძალაუფლება მხოლოდ მას არ ეკუთვნის, ვინც ნავთობს მოიპოვებს.

გადასამუშავებელი ქარხნების კონტროლი, ღრმაწყლოვანი პორტების ქონა, ტანკერების ფლოტის ფლობა, გიგანტური საცავების მართვა და დიდი ფინანსები მსოფლიო ბაზრის მართვას მწვავე დეფიციტის ფონზეც კი შესაძლებელს ხდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ყოველწლიურად მინიმუმ 15 000 ტონა მანდარინი იყრება“ - „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი სუბსიდირებას არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნევს

„ყოველწლიურად მინიმუმ 15 000 ტონა მანდარინი იყრება“ - „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი სუბსიდირებას არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნევს

BM.GE

"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ოპოზიციური პარტიის ალიანსი დღეს, თსუ-სთან აქციას გამართავს

"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ოპოზიციური პარტიის ალიანსი დღეს, თსუ-სთან აქციას გამართავს

BM.GE

არჩევნების დღე ბალკანეთში - სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო, ბულგარეთში კი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

არჩევნების დღე ბალკანეთში - სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო, ბულგარეთში კი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

BM.GE

"ბევრს კარტოფილი მიწაში დარჩება" - ახალქალაქში ნალექი მოსავლის აღებას აფერხებს

"ბევრს კარტოფილი მიწაში დარჩება" - ახალქალაქში ნალექი მოსავლის აღებას აფერხებს

BM.GE