მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ყოველწლიურად მინიმუმ 15 000 ტონა მანდარინი იყრება“ - „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი სუბსიდირებას არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნევს
„ყოველწლიურად მინიმუმ 15 000 ტონა მანდარინი იყრება“ - „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი სუბსიდირებას არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნევს

„ყოველწლიურად მინიმუმ 15 000 ტონა მანდარინი იყრება“ - „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი სუბსიდირებას არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნევს

BM.GE25 ოქტომბერი, 2026, 18:46|bm.ge

კომპანია „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი ვაჟა მკურნალიძე არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებას არამიზნობრივ ხარჯად აფასებს და მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დაფინანსება ციტრუსის სექტორის გრძელვადიან განვითარებას უნდა მოხმარდეს. BM.GE-სთან ინტერვიუში ის პრობლემის მთავარ მიზეზებად მოძველებულ ჯიშებს, არასწორად გაშენებულ ბაღებს, არასათანადო აგროტექნიკურ ღონისძიებებსა და მოსავლის რეალიზაციის მოკლე პერიოდს ასახელებს.

მკურნალიძის შეფასებით, სამაცივრე მეურნეობების სიმწირისა და ბაზარზე ჭარბი მიწოდების გამო, საახალწლო პერიოდის შემდეგ მანდარინის მნიშვნელოვანი ნაწილი ფუჭდება. მისი პროგნოზით, ყოველწლიურად მინიმუმ 15 000 ტონა მანდარინი იყრება. ის მიიჩნევს, რომ სუბსიდირების ნაცვლად თანხები ბაღების განახლებას, გადამმუშავებელი საწარმოებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარდეს.

„არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებას არავითარი ეკონომიკური ეფექტი არ აქვს, არც ფერმერისთვის. არასტანდარტული მანდარინის წარმოების თვითღირებულება ისეთივეა, როგორიც სტანდარტულის, რადგან ერთი და იგივე მცენარე იძლევა როგორც სტანდარტულ, ისე არასტანდარტულ ნაყოფს. ორივეს ერთნაირი წამლობა და მოვლა სჭირდება.

ამას ემატება საწარმომდე მიტანის ხარჯიც. ფერმერს ზოგჯერ ერთი კვირის განმავლობაში უწევს რიგში დგომა, რადგან ერთი ან ორი საწარმო მუშაობს, მიმართვიანობა კი ძალიან დიდია. საბოლოოდ, ეს მხოლოდ ფერმერისთვის გაწეული ხარჯის მცირე ნაწილის დაბრუნებაა. ჩემი აზრით, ეს არამიზნობრივად დახარჯული თანხაა“, - აცხადებს ვაჟა მკურნალიძე.

მისი აზრით, სახელმწიფო მხარდაჭერა არასტანდარტული მანდარინის გადამუშავების დაფინანსების ნაცვლად იმ მიზეზების აღმოფხვრას უნდა მოხმარდეს, რომლებიც დაბალი ხარისხის მოსავლის მიღებას განაპირობებს.

„რას ვაფინანსებთ ჩვენ? ყოველწლიურად ვაფინანსებთ არასტანდარტული მანდარინის საკონსერვო გადამუშავებას და ამით რა შედეგს ვიღებთ? სტიმულს ვაძლევთ, რომ უფრო მეტი არასტანდარტული მანდარინი ვაწარმოოთ? უბრალოდ ვერ ვხვდები, რა არის ამ პროგრამის მიზანი.

ამ თანხებს ხომ შეიძლება სხვა დანიშნულება ჰქონდეს? მაგალითად, ეტაპობრივად ჩანაცვლდეს მოძველებული და უვარგისი ჯიშები, დაფინანსდეს ჯიშგანახლება, განვითარდეს გადამმუშავებელი საწარმოები და ლოგისტიკური ცენტრები. ეს იქნება თანხის მიზნობრივი გამოყენება, რომელიც სექტორში არსებულ პრობლემებს გრძელვადიანად მოაგვარებს“, - ამბობს „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი.

მკურნალიძე სექტორის კიდევ ერთ მთავარ გამოწვევად მოსავლის შენახვისა და რეალიზაციის შესაძლებლობების სიმწირეს ასახელებს. მისი განმარტებით, სამაცივრე მეურნეობების განვითარება მანდარინის ბაზარზე მიწოდების პერიოდს მინიმუმ ორი-სამი თვით გაახანგრძლივებდა და ფერმერებს პროდუქციის ეტაპობრივად გაყიდვის საშუალებას მისცემდა.

„ჩვენი მთავარი პრობლემა ჭარბი მიწოდება და ის მოკლე პერიოდია, რომელიც მოსავლის აღებისა და რეალიზაციისთვის გვაქვს. თუ სამაცივრე მეურნეობები განვითარებული იქნება, მანდარინის ბაზარზე მიწოდებას მინიმუმ ორი-სამი თვით გავახანგრძლივებთ.

ახალ წლამდე ექსპორტზე იყიდება ის პროდუქცია, რომლის რეალიზაციაც შესაძლებელია, ადგილობრივ ბაზარზე კი დაახლოებით 10 000 ტონა იყიდება. ახალი წლის შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე ან სომხეთის მიმართულებით, ძირითადად ერევანში, მხოლოდ მცირე რაოდენობა გადის. შედეგად, ყოველწლიურად მინიმუმ 15 000 ტონა მანდარინი ფუჭდება და იყრება. ამაზე სრულად ვაგებ პასუხს - ყოველ წელს ასე ხდება. ახალი წლის შემდეგ სოფლებში მანდარინის გადაყრილ გროვებს ვნახავთ. სწორედ ეს არის პრობლემა“, - აცხადებს მკურნალიძე.

მისივე განმარტებით, არასტანდარტული მანდარინის გადამუშავების სუბსიდირება თავად საწარმოებსაც სჭირდებათ, რადგან მიღებულ პროდუქტზე, მანდარინის კონცენტრატზე მოთხოვნა დაბალია, რაც გადამუშავებას კომერციულად ნაკლებად მოგებიანს ხდის.

„არასტანდარტული მანდარინის გადამუშავების დროს საწარმოც ფინანსდება, რადგან მანდარინის კონცენტრატზე მსოფლიოში მოთხოვნა ძალიან დაბალია. ფორთოხლისა და ლიმონის შემთხვევაში მოთხოვნა გაცილებით მაღალია, მაგრამ მანდარინის კონცენტრატზე, მისი მჟავიანობისა და შემადგენლობის გამო, მოთხოვნა არ არის ისეთი, რომ საწარმოს დამოუკიდებლად, სუბსიდიის გარეშე, მიღებული მოცულობის გადამუშავება უღირდეს. შესაბამისად, სუბსიდირების გარეშე საწარმოებს იმ რაოდენობის გადამუშავებაც არ უღირთ, რასაც ამჟამად იღებენ“, - აღნიშნავს ის.

მკურნალიძე არასტანდარტული მანდარინის მაღალი წილის მიზეზად მოსავლიანობის მატებასთან ერთად ბაღების სტრუქტურულ პრობლემებსაც ასახელებს. მისი შეფასებით, საქართველოში ამის განმაპირობებელია არასწორად გაშენებული ბაღები, არასათანადო აგროტექნიკური ღონისძიებები და არასწორად შერჩეული ჯიშები. შესაბამისად, სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ბაღების ეტაპობრივი განახლება და ხარისხიანი მოსავლის წარმოების ხელშეწყობა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონზე სუბსიდირების გაგრძელებას, მკურნალიძე ამბობს, რომ ბოლო წლებში პროგრამის შესახებ გადაწყვეტილება ხშირად სეზონის დაწყებისას ხდება ცნობილი. მისი შეფასებით, სუბსიდიის გამოყოფა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა დაფინანსების ეფექტიანობა და ალტერნატიული მიმართულებები სახელმწიფომ უნდა შეაფასოს.

„ბოლო წლებია, სეზონის დასაწყისში უცებ ხდება ცნობილი, რომ სარეზერვო ფონდიდან ციტრუსის სუბსიდია გამოიყო. არ ვიცით, წელს რა იქნება და შესაძლოა, პროგრამა გაუქმდეს კიდეც. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. მთავარი კი ის არის, რომ თანხა იქ უნდა დაიხარჯოს, სადაც სექტორისთვის რეალური და გრძელვადიანი შედეგის მიღება შეგვიძლია“, - აცხადებს ვაჟა მკურნალიძე BM.GE-სთან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Gen Z, მილენიალები, "ბეიბი ბუმერები" - რომელ ავტომობილს ანიჭებს სხვადასხვა თაობა უპირატესობას?

Gen Z, მილენიალები, "ბეიბი ბუმერები" - რომელ ავტომობილს ანიჭებს სხვადასხვა თაობა უპირატესობას?

BM.GE

ჩვენი ღვინო ექსპორტზე 27-ზე მეტ ქვეყანაში გადის, აქცენტი დასავლეთის ბაზარზე გვაქვს - "ფაფრის ველი"

ჩვენი ღვინო ექსპორტზე 27-ზე მეტ ქვეყანაში გადის, აქცენტი დასავლეთის ბაზარზე გვაქვს - "ფაფრის ველი"

BM.GE

"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ოპოზიციური პარტიის ალიანსი დღეს, თსუ-სთან აქციას გამართავს

"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ოპოზიციური პარტიის ალიანსი დღეს, თსუ-სთან აქციას გამართავს

BM.GE

არჩევნების დღე ბალკანეთში - სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო, ბულგარეთში კი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

არჩევნების დღე ბალკანეთში - სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო, ბულგარეთში კი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

BM.GE