მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ ვითარდება საკრუიზო ინდუსტრია|ლიდერი კომპანიები (2025)
როგორ ვითარდება საკრუიზო ინდუსტრია|ლიდერი კომპანიები (2025)

როგორ ვითარდება საკრუიზო ინდუსტრია|ლიდერი კომპანიები (2025)

BM.GE14 ივნისი, 2026, 23:41|bm.ge

გლობალური საკრუიზო ინდუსტრია მნიშვნელოვანი მდგრადობისა და ზრდის ფაზაშია. საკრუიზო ხაზების საერთაშორისო ასოციაციის (CLIA) მონაცემებით, 2025 წელს ინდუსტრიამ გლობალურად 37 მილიონ მგზავრს უმასპინძლა, რაც 7.5%-ით მეტია 2024 წელს დაფიქსირებულ 34 მილიონ მგზავრზე. ამ დინამიკამ საგრძნობლად გადააჭარბა პანდემიამდელ მაჩვენებლებს - 2019 წელს დაფიქსირებულ 29 მილიონ მოგზაურს. მგზავრთნაკადის ამგვარმა ზრდამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური კვალიც დატოვა. უახლესი კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წელს საკრუიზო სექტორმა რეკორდული 198.8 მილიარდი დოლარის საერთო ეკონომიკური პროდუქტი შექმნა.

მოგზაურობების გეოგრაფიული განაწილება თბილი კლიმატის მარშრუტების მიმართ მკაფიო უპირატესობას აჩვენებს. კარიბის ზღვის, ბაჰამისა და ბერმუდის რეგიონი კვლავ რჩება მოგზაურთა ინტერესის უდავო ლიდერად, რომელმაც კრუიზების მგზავრთა 44% მიიზიდა. მეორე ყველაზე პოპულარული რეგიონი კი ხმელთაშუა ზღვას ეკუთვნის, რომელსაც ყოველი მეექვსე მოგზაური ირჩევს.

ამ მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ოპერატორები სტაბილურად აფართოებენ და ათანამედროვებენ თავიანთ ფლოტს. მოსალოდნელია, რომ წამყვანი სავაჭრო ასოციაციების წევრთა საოკეანო ფლოტი 2026 წლისთვის 327 მოქმედ გემს მიაღწევს და ჯამში თითქმის 700,000 საწოლ-ადგილს გააერთიანებს.

TOP 5 საკრუიზო კომპანია მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საკრუიზო სექტორი სხვადასხვა ნიშურ და რეგიონულ ოპერატორებს აერთიანებს, გლობალური ბაზრის წილისა და შემოსავლის ძირითადი ნაწილი ხუთ მსხვილ კორპორაციულ ჯგუფზე ნაწილდება.

მეხუთე ადგილს $5-მილიარდიანი შემოსავლით, კომპანია "Viking Cruises" იკავებს, რომელზეც საკრუიზო ინდუსტრიის შემოსავლების 4% მოდის. დიდი კონკურენტებისგან განსხვავებით, Viking-მა შეგნებულად აარიდა თავი გიგანტური გემების ბაზარს და სანაცვლოდ არჩევანი საგულდაგულოდ შერჩეულ სამდინარო, საოკეანო და საექსპედიციო მოგზაურობებზე შეაჩერა. 2025 წლის მონაცემებით, კომპანია 14 საოკეანო და დაახლოებით 90 სპეციალიზებულ სამდინარო გემს მართავს.

ჟენევაში ბაზირებული "MSC Cruises" ბაზრის მეოთხე უმსხვილესი მოთამაშეა, რომელიც მგზავრთნაკადის 10%-ს და გლობალური საკრუიზო შემოსავლების 7.3%-ს ფლობს. უახლესი ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიის წლიური შემოსავალი 5,3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. MSC მსოფლიოში უმსხვილესი კერძო საკრუიზო კომპანიაა, რომელსაც ზურგს საკონტეინერო გადაზიდვების გლობალური ლიდერი – Mediterranean Shipping Company (MSC Group) უმაგრებს. თანამედროვე ევროპული სტილით ცნობილი MSC 26 თანამედროვე გემს მართავს და 2030 წლისთვის კიდევ ოთხი უახლესი გემის დამატებას გეგმავს.

მაიამიში ბაზირებული "Norwegian Cruise Line Holdings" ინდუსტრიაში მესამე ადგილს იკავებს. კომპანია მგზავრთა გლობალური ნაკადის 9.4%-ს ფლობს, ხოლო მისი წლიური შემოსავალი 10,2 მილიარდ დოლარს აღწევს. შესაბამისად, კომპანიაზე ინდუსტრიის შემოსავლის 14%-იანი წილი მოდის, რაც მისი პრემიუმ საფასო პოლიტიკითა და გემბანზე გაწეული ხარჯების მაღალი მაჩვენებლით აიხსნება. "თავისუფალი სტილის ნაოსნობის" პიონერი კორპორაცია ამჟამად 36 გემს მართავს და 2036 წლისთვის მიზნად კიდევ 13 ახალი გემის დამატებას ისახავს.

როგორც მსოფლიოში სიდიდით მეორე საკრუიზო ოპერატორი, "Royal Caribbean Group" აკონტროლებს მგზავრთა გლობალური ნაკადის 27%-ს და გლობალური საკრუიზო შემოსავლების 24.8%-ს. ჯგუფის წლიური შემოსავალი 18 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანიის სათავო ოფისი ასევე მაიამიში მდებარეობს და იგი აღიარებულია, როგორც ინდუსტრიის პიონერი გემების ზომის, საინჟინრო ტექნოლოგიებისა და გართობის სფეროში. საკუთარი ბრენდების ქვეშ მოქმედი 57 გემის გარდა, კომპანია ასევე გერმანული "TUI Cruises"-ის 50-%-იან წილს ფლობს.

მსოფლიოში უმსხვილესი საკრუიზო კომპანიების რეიტინგში პირველ ადგილს მყარად იკავებს "Carnival Corporation". ეს გიგანტური მულტინაციონალური ჯგუფი მგზავრთა გლობალური ნაკადის 41.5%-ს აკონტროლებს და საკრუიზო ინდუსტრიის მთლიანი შემოსავლის 36%-ს ფლობს. კორპორაციის წლიური შემოსავალი 26 მილიარდ დოლარს აღემატება. Carnival მართავს ცხრა განსხვავებული საკრუიზო ხაზის მრავალფეროვან პორტფელს, რომლებიც სხვადასხვა დემოგრაფიულ და გეოგრაფიულ სეგმენტზეა მორგებული. 94 მოქმედი გემისგან შემდგარი ფართო ფლოტითა და თითქმის 300,000 სამგზავრო ადგილით, Carnival Corporation საკრუიზო სექტორში დომინანტ ძალად რჩება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობები 1909-დან 2026 წლამდე

მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობები 1909-დან 2026 წლამდე

BM.GE

მომავალ თვეში Microsoft-ის Xbox-ი მასშტაბურ შემცირებებს განახორციელებს

მომავალ თვეში Microsoft-ის Xbox-ი მასშტაბურ შემცირებებს განახორციელებს

BM.GE

ნორმის დარღვევით წარმოებული საკვებით ყოველწლიურად 1.5 მილიონი ადამიანი იღუპება - WHO

ნორმის დარღვევით წარმოებული საკვებით ყოველწლიურად 1.5 მილიონი ადამიანი იღუპება - WHO

BM.GE

ქვეყნები, სადაც შობადობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი/დაბალია - TOP 10

ქვეყნები, სადაც შობადობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი/დაბალია - TOP 10

BM.GE