
როგორი ფინანსური შედეგები აქვს General Motors-ს?
ამერიკული ავტომწარმოებლის, General Motors-ის კვარტალური შემოსავალი $50 მილიარდამდე გაიზარდა, რაც უოლ-სტრიტის $48.52-მილიარდიან პროგნოზს მნიშვნელოვნად აღემატება.
პარალელურად, მკვეთრად გაიზარდა კომპანიის საოპერაციო მოგება, რომელმაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით იმატა და $4.1 მილიარდი შეადგინა. რაც შეეხება მოგებას თითო აქციაზე, ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებული $3.57-ის ნაცვლად, მაჩვენებელი $3.70-ით განისაზღვრა.
როგორც ირკვევა, ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესების მიუხედავად, ამერიკულ ბაზარზე ავტომობილების გაყიდვები 5.5%-ით შემცირდა და 670,974 ერთეული შეადგინა. აღნიშნული კლება პირდაპირ უკავშირდება ელექტრომობილებზე მოთხოვნის 62%-იან ვარდნას. შესაბამისად, ჯამურ გაყიდვებში მათი წილი 4%-ს ჩამოსცდა.
ამასთან, General Motors-ის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა აქციების $20-მილიარდიანი გამოსყიდვის მრავალწლიანი პროგრამა, რომელსაც მოქმედების ვადა განსაზღვრული არ აქვს. გარდა ამისა, კორპორაციამ კვარტალური დივიდენდი ერთ აქციაზე $0.18-ის ოდენობით განსაზღვრა. აღმასრულებელმა დირექტორმა, მერი ბარამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოსყიდვის პროგრამა ინვესტორებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნის სტრატეგიის ნაწილია.
რაც შეეხება ბაზრის რეაქციას, მოსალოდნელზე უკეთესი შედეგების მიუხედავად, კომპანიის აქციების შეფასება თითქმის 7%-ით დაეცა, რადგან ინვესტორებს სამომავლო პროგნოზები და გარკვეულ სეგმენტებში მოთხოვნის შემცირება არ მოეწონათ.
BM.GE
წყარო: bm.ge