მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორი კავშირია საქართველო-სომხეთის საფინანსო სექტორში | ინტერვიუ სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან
როგორი კავშირია საქართველო-სომხეთის საფინანსო სექტორში | ინტერვიუ სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან

როგორი კავშირია საქართველო-სომხეთის საფინანსო სექტორში | ინტერვიუ სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 01:50|bm.ge

სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ საფინანსო სექტორში სომხური და ქართული კომპანიების თანამშრომლობის ბევრი მაგალითი უკვე არის.

როგორც ოვანეს ხაჩატრიანმა BMG-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მოლოდინია, რომ მომავალში ამ მიმართულებით უფრო მეტი ტრანზაქცია იქნება. სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ფინანსური აქტივების შეძენით როგორც სომხეთში, ისე საქართველოში მულტინაციონალური კომპანიებიც არიან დაინტერესებულნი.

BMG სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გასულ კვირას საქართველოში გამართული ფინანსური სამიტის ფარგლებში ესაუბრა.

როგორც ვიცით, ქართული საბანკო სექტორი უკვე წარმოდგენილია სომხეთში. მხედველობაში მაქვს „საქართველოს ბანკის ჯგუფი“, რომელმაც 2024 წელს სომხური ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი შეიძინა. როგორ შეაფასებდით ამ ინტეგრაციას და ზოგადად, რამდენად პერსპექტიული შეიძლება იყოს სომხეთის ბაზარი ქართული საფინანსო სექტორისთვის?

გმადლობთ ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ მივესალმებით ყველანაირ თანამშრომლობას, ურთიერთკავშირებს სომხურ და ქართულ ბიზნესებს შორის, მათ შორის საფინანსო სექტორშიც. „საქართველოს ბანკის ჯგუფის” მიერ „ამერიაბანკის“, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციის შეძენა და ახლა მისი ლონდონის საფონდო ბირჟაზე „Lion Financial Group“-ის სახელით FTSE 100-ში შესვლა, რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც ძალიან საინტერესო და თვალსაჩინო მაგალითს მსგავსი თანამშრომლობისა. ვხედავთ ბევრ სინერგიას ამ თანამშრომლობიდან ამ დიდ ჯგუფში ყოფნით. კვლავ მივიჩნევთ, რომ ორმხრივი შესყიდვები, შერწყმები, თანამშრომლობა მეტ ღირებულებას სძენს ორივე ქვეყნის საფინანსო სექტორს.

ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ სომხეთიდან ინვესტიციაზე საქართველოს საფინანსო ბაზარზე. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ სომხური "Ardshinbank"-ის მფლობელი ჯგუფი საქართველოში TeraBank-ს ყიდულობს და შესაბამისი შეთანხმებაც გაფორმდა. როგორ შეაფასებდით ამგვარ თანამშრომლობას სომხურ და ქართულ საფინანსო სექტორებს შორის და რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ორივე მხარემ ამ ტრანზაქციიდან?

მართალია აღნიშნული გარიგება ჯერ ბოლომდე დასრულებული არაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ვიცით მის შესახებ. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობისა. ვფიქრობ, ეს გარიგება შეიძლება იყოს დამატებითი ღირებულება საქართველოს საფინანსო სექტორისთვისაც, რადგან ამ ჯგუფს შემოაქვს საკუთარი გამოცდილება და კავშირები, ეს ასევე არის ზრდის შესაძლებლობა სომხური ბანკისთვის. ნებისმიერ ბანკს სომხეთსა და საქართველოში აქვს თავისი უპირატესობები, საკუთარი ცოდნა, კავშირები. სომხური ბანკები მუშაობდნენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სივრცეში, საქართველო კი იქ არ ყოფილა, თუმცა ქართული ბანკებიც აქტიურობენ ცენტრალური აზიის რეგიონში. ვფიქრობ, ამ ჯგუფს გარკვეულ სფეროებში როგორიცაა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე წვდომა, საბროკერო საქმიანობაში, სამომხმარებლო დაკრედიტების ზოგიერთ მიმართულებაში შეუძლია შემოიტანოს გარკვეული ექსპერტიზა. ასევე მათ შეუძლიათ გამოიყენონ ნიჭიერი კადრები, რადგან ისინი ყიდულობენ არა მხოლოდ აქტივებს, არამედ ყიდულობენ ბანკს თავისი დასაქმებულებით და აფასებენ საქართველოს, სადაც ბევრი საინტერესო რამ ხდება. შედეგად, ისინი ერთმანეთისგან ბევრ რამეს ისწავლიან. ზუსტად ეს ხდება „საქართველოს ბანკისა“ და „ამერიაბანკის“ შემთხვევაშიც. ვფიქრობ, რომ სინერგია ძალიან დიდი იქნება. ხოლო გარე ინვესტორის პოზიციიდან — როდესაც მხოლოდ ერთ პატარა ქვეყანას წარმოადგენ, შენი ბიზნესი უფრო კონცენტრირებულია. უკეთესია, როდესაც ყიდულობ აქციას, მაგალითად, „Lion Finance Group“-ში და გაქვს აქტივები და ბიზნესი სომხეთში, საქართველოში, ყაზახეთში ან უზბეკეთში. ასე რომ, ამას მოაქვს მასშტაბის ეკონომია და ცოდნის დაგროვება. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტ დაკავშირებადობას ქვეყნებს შორის.

ასევე საინტერესოა, თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენად არიან დაინტერესებულები სხვა საფინანსო ორგანიზაციები სომხეთიდან საქართველოს ბაზარზე შემოსვლით?

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, საფინანსო სექტორში სომხური და ქართული კომპანიების თანამშრომლობის ძალიან ბევრი მაგალითი უკვე გვაქვს. ისეთ სფეროებში როგორიცაა ფინტეკი, ფასიანი ქაღალდების კომპანიები, ახლად დაფუძნებული კრიპტოაქტივების მომსახურება და ა.შ. ვფიქრობ, მომავალში ჩვენ ვიხილავთ კიდევ მეტ ტრანზაქციას და მეტ რეალურ თანამშრომლობას, რაც უკეთეს სერვისებს მოუტანს ამ ქვეყნების მოსახლეობასა და ბიზნესებს. უცხოელებს კი, რომლებიც რეგიონში ეწევიან ბიზნესს, ექნებათ უფრო მოქნილი კავშირი რეგიონთან, როდესაც საქმე აქვთ საფინანსო ინსტიტუტების ჯგუფთან, რომელიც საზღვრის ორივე მხარეს არის წარმოდგენილი. შემიძლია გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ბევრი მოლაპარაკება მიმდინარეობს. მულტინაციონალური კომპანიებიც არიან დაინტერესებულნი ფინანსური აქტივებით როგორც სომხეთში, ისე საქართველოში.

ჩემი შემდეგი კითხვა ცენტრალურ ბანკებს და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს ეხება, რაზეც ფინანსური სამიტის ფარგლებშიც იმსჯელეთ. როგორია ის გარემო და გამოწვევები, რის წინაშეც ამ ეტაპზე რეგიონის ცენტრალური ბანკები დგახართ?

გლობალურად, ცენტრალური ბანკები ებრძვიან ინფლაციას და უმკლავდებიან ფინანსური სტაბილურობის გამოწვევებს, რაც გარე ფაქტორებიდან მომდინარე გარკვეული რისკებითაა გამოწვეული. ეს არის ენერგეტიკული კრიზისი, გეოპოლიტიკური ფრაგმენტაცია, გეოპოლიტიკური რისკები ცხელი კონფლიქტების სახით. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პოზიტიურ ძვრებს რეგიონში — როგორც უფრო მცირე რეგიონში, როგორიცაა სამხრეთ კავკასია, ასევე ცენტრალური აზიის ჩათვლით, დასავლეთით შავი ზღვისა და ევროკავშირთან და ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით, ასევე ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებითაც. ეს მიგვიყვანს იმ ვითარებამდე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უსაფრთხო ნავსაყუდელი ეკონომიკური ზრდისთვის, ინვესტიციებისთვის და დაკავშირებადობისთვის. ეს არის ერა, როდესაც კავშირები გაიხსნება და განვითარდება, რაც კარგი იქნება ბიზნესისთვის, საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, ინვესტიციებისთვის და რეგიონის მოსახლეობისთვის.

ვისაუბროთ ქართულ და სომხურ საბანკო სექტორებს შორის მსგავსებასა და განსხვავებებზეც. როგორც იცით, საქართველოში 20-მდე კომერციული ბანკია, თუმცა ბაზარი შედარებით კონცენტრირებულია და ორი მსხვილი მოთამაშითაა წარმოდგენილი. რა მსგავსებებს და განსხვავებებს ხედავთ ორი ქვეყნის საფინანსო და საბანკო სექტორებს შორის?

ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ ორი ქვეყანა ძალიან ვგავართ ერთმანეთს. რა განსხვავებებიც არ უნდა ყოფილიყო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ ვუახლოვდებით ერთმანეთს მრავალ სფეროში. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ვსწავლობთ ერთმანეთისგან, სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს, ასევე ჩვენი საფინანსო ინსტიტუტები. რა თქმა უნდა, კონკურენტული გარემო განსხვავებულია. სომხეთში უფრო მეტი საშუალო ზომის ბანკია. მსხვილ ბანკებს თავისი დადებითი მხარეები აქვს, მათ შორის მასშტაბის ეკონომია, ასევე ისეთ მსხვილ პლატფორმებზე ყოფნა, როგორიცაა საფონდო ბირჟები. თუმცა აქტიურად მოქმედი ბანკების დიდი რაოდენობა მეტ კონკურენციას ქმნის. სავარაუდოდ, სომხეთში კონკურენცია ცოტათი უფრო მკაცრია. ინოვაციების თვალსაზრისით კი ვფიქრობ, ორივე ქვეყნის საფინანსო სისტემა ძალიან აქტიურია, ასე რომ, უფრო მეტი მსგავსებაა, ვიდრე განსხვავება.

ჩვენი საუბრის ბოლოს სომხეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებზეც ვისაუბროთ. თქვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპასთან და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურ ჭრილში. საინტერესოა, როგორ აისახება ეს პროცესები სომხეთის ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე?

ზოგადად რომ ვთქვათ, სომხეთის ეკონომიკური პოლიტიკა არის ღიაობის პოლიტიკა. ღიაობა ოთხივე მიმართულებით. ჩვენ ვართ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში და შესაძლოა შეამჩნიეთ, რომ ქვეყანა განიხილავს სხვადასხვა შესაძლებლობებს. მაგრამ სომხეთის ხელისუფლებისა და ბიზნესის განწყობაა, იყვნენ ღია ყველა მხარის მიმართ და აკეთონ ბიზნესი, ვაჭრობა, რადგან სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა ვიმყოფებით ამ გზაჯვარედინზე და გვსურს ამით ვისარგებლოთ. სხვადასხვა ბაზრებზე წვდომა და მათი სტანდარტების დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ ეს მაღალი სტანდარტებია, კაპიტალის ბაზრებზე წვდომა კაპიტალდაბანდების თვალსაზრისით, ფინანსური ტრანზაქციები, გადახდები და ა.შ. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. მაგრამ ალბათ გზა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დანიშნულების ადგილი. გზა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს სტანდარტებს, სისტემებს, ვაუმჯობესებთ რეგულაციას, კანონის უზენაესობას ვთამაშობთ იმ წესებით, რაც საფინანსო სექტორშია დადგენილი - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ყველა რისკის დაზღვევის კუთხით, რათა ამ მეტად ტურბულენტურ სამყაროში საქართველოსთან ერთად პატარა უსაფრთხო ნავსაყუდელი ვიყოთ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AI-ის განსავითარებლად Oracle-მა ინვესტორებისგან $20 მილიარდის მოზიდვა გადაწყვიტა

AI-ის განსავითარებლად Oracle-მა ინვესტორებისგან $20 მილიარდის მოზიდვა გადაწყვიტა

BM.GE

Ray-Ban-ის მემკვიდრე ოჯახის წილების €22 მილიარდად გამოსყიდვას გეგმავს: რა ხდება სათვალეების გიგანტის გარშემო?

Ray-Ban-ის მემკვიდრე ოჯახის წილების €22 მილიარდად გამოსყიდვას გეგმავს: რა ხდება სათვალეების გიგანტის გარშემო?

BM.GE

მხოლოდ შენობების აღდგენა ეფექტური ვერ იქნება კურორტის განვითარებისთვის - წყალტუბოს განვითარების ჯგუფი

მხოლოდ შენობების აღდგენა ეფექტური ვერ იქნება კურორტის განვითარებისთვის - წყალტუბოს განვითარების ჯგუფი

BM.GE

"რატომ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება?" — რა ისაუბრა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ დებატებში

"რატომ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება?" — რა ისაუბრა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ დებატებში

BM.GE