
როცა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გირაოთია გამოშვებული, ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს?! - არჩილ ჩუხრუკიძე
"როცა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს?!" - ასე ეხმაურება "თბილისის გულის ცენტრის" გენერალური დირექტორი და კარდიოლოგი არჩილ ჩუხრუკიძე ექიმ გიორგი ჩახუნაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯას.
არჩილ ჩუხრუკიძის Facebook "პოსტს" სრულად გთავაზობთ:
"მინდა გამოვეხმაურო ბატონ გიორგი ჩახუნაშვილის დაპატიმრებას და 5 წლის მისჯის თემას.
მე არ ვარ იურისტი და ვერ შევალ იურიდიულ პოლემიკაში.
თუმცა ჩვენი კოლეგა, რომელიც ათწლეულია ემსახურება თავის პაციენტებს და განსაკუთრებით ბავშვებს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით და სამშობლოსადმი უდიდესი სიყვარულით, რაშიც იმედია, ეჭვი არავის ეპარება, უნდა გახდეს ჩემი აზრით, თუ დადასტურდა, არაპროპორციული დევნის ობიექტი. იმ დროს, როცა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს?!
იმედია, სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს. პირადად მე მზად ვარ, ბატონი გიორგის საპყრობილიდან გამოშვებას ფინანსურად თუ სხვა სახით მხარი დავუჭირო", - წერს არჩილ ჩუხრუკიძე.
19 ივნისს, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს მოსამართლემ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
BM.GE
წყარო: bm.ge