
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
ბავშვობის ყველაზე ძვირფასი მოგონებები ხშირად ის წუთებია, რომლებიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ჩანს. მამასთან ერთად სეირნობას, თამაშს ან საუბარს შეუძლია, ბავშვური უპირობო სიყვარულისა და უსაფრთხოების განცდა ათწლეულების შემდეგაც შეგვახსენოს. სწორედ ასეთი ყოველდღიური მომენტები ქმნის ემოციურ კავშირს მშობლებთან, რაც ბავშვის განვითარებისთვის გადამწყვეტია.
სწორედ ამ იდეას ეხმიანება „თეგეტა ჰოლდინგის“ წლევანდელი კამპანია, რომელიც მამის დღის აღნიშვნას ეძღვნება და მისი მთავარი გზავნილია - „როცა უბრალოდ ერთად ვართ“. კამპანიის მიზანია, მამებისა და შვილების ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვას ხაზი, რომელიც „უბრალო“ მომენტებითა და ყოველდღიურობით იქმნება. „თეგეტამ“ ამ დღის აღსანიშნავად თემატური ვიდეორგოლიც მოამზადა.
მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR კოორდინატორი: „მამის დღის აღნიშვნა ჩვენს CSR სტრატეგიასა და გენდერული თანასწორობის პრინციპებს ეხმიანება. ჩვენს კომპანიაში უმრავლესობა სწორედ კაცები არიან. შესაბამისად, მათი წახალისება და ამ საკითხზე დაფიქრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ თანასწორ პარტნიორობასა და პოზიტიური მშობლობის იდეებს, ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მამის როლიც ოჯახში აქტიურ ემოციურ ჩართულობასთან, ზრუნვასა და შვილებთან ერთად გატარებულ ხარისხიან დროსთან ასოცირდება.
წლევანდელი გზავნილიც - „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - გვახსენებს, რომ ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხშირად არა განსაკუთრებული მოვლენები, არამედ მშობლებთან ერთად გატარებული ყოველდღიური მომენტებია. სწორედ ასეთი დამოკიდებულება ქმნის უფრო თანასწორ, ჯანსაღ და მხარდამჭერ გარემოს როგორც ოჯახში, ისე „თეგეტასა“ და, ზოგადად, საზოგადოებაში“.
„თეგეტა ჰოლდინგი“ უკვე მეხუთე წელია, უერთდება მამის დღის აღნიშვნას და თეგეტელი მამები ამ დღის აქტიური მონაწილეები არიან. კომპანია 2022 წლიდან თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA in Georgia) და სხვადასხვა ინიციატივით მხარს უჭერს პოზიტიური მშობლობის, გენდერული თანასწორობისა და ოჯახურ პასუხისმგებლობებში კაცების ჩართულობის იდეას.