
საერთაშორისო ფორუმი ბაქოში: მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომები ეკონომიკური და ინდუსტრიული ტრანსფორმაციისთვის
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 11 ივნისს საერთაშორისო კონფერენცია „Technovation by PMI“ გაიმართა, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესის, სახელმწიფო სექტორის, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლები გააერთიანა. ღონისძიების მთავარი თემა იყო მეცნიერების, ინოვაციებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეგულირების როლი ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და მდგრადი განვითარების პროცესში.
ფორუმი „Technovation by PMI“-ის საერთაშორისო სესიების ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება და მიზნად ისახავს მეცნიერებას, ტექნოლოგიებსა და საჯარო პოლიტიკას შორის დიალოგის გაღრმავებას. 2026 წელს კონფერენცია უკვე გაიმართა აშშ-სა და შვედეთში, ხოლო ბაქო ამ გლობალური დისკუსიის მორიგი მასპინძელი გახდა.
ღონისძიება აზერბაიჯანში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Azerbaijan) თანაორგანიზებით ჩატარდა და 150-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა. კონფერენციის ორგანიზატორების შეფასებით, მსგავსი პლატფორმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ეკონომიკური დივერსიფიკაციის, ტექნოლოგიური მოდერნიზაციისა და მდგრადი განვითარების ახალ სტრატეგიებს ეძებს.
პირველი პანელური დისკუსია აზერბაიჯანის და კავკასიის რეგიონის ეკონომიკური ტრანსფორმაციის საკითხებს მიეძღვნა. მონაწილეებმა განიხილეს, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს ინოვაციებმა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ და კერძო სექტორის განვითარებამ ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების და ეკონომიკური დივერსიფიკაციის პროცესში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელნურ სოლთანოვი, ალათის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელი ვალეჰ ალასკაროვი და აზერბაიჯანის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ცენტრის (C4IR Azerbaijan) აღმასრულებელი დირექტორი ფარიზ ჯაფაროვი.
მეორე პანელი ბიზნესის სექტორის წარმომადგენლების პერსპექტივებს დაეთმო და მის ფარგლებში კორპორაციულ ტრანსფორმაციასა და მდგრად განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ იყენებენ საერთაშორისო კომპანიები მეცნიერებას, კვლევებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს ბიზნეს-მოდელების განახლებისა და ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტაციისთვის. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც თანამედროვე ბიზნესი დგას.