
რთველის სუბსიდირების სახელმწიფო კომპანიამ ბანკისგან 122 მლნ ლარის ვალი აიღო
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა „მოსავლის მართვის კომპანიამ“, რომელიც რთველის სუბსიდირების ფარგლებში ჭარბ ყურძენს იბარებს და მისგან ღვინო-მასალასა და საკონიაკე სპირტს აწარმოებს, 2025 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიამ 121.9 მილიონი ლარის საბანკო კრედიტი აიღო.
სესხის აღება კომპანიას რეკორდული რთველის დასაფინანსებლად დასჭირდა. 2025 წელს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 145.7 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარა, რაზეც სახელმწიფომ 240 მილიონი ლარი დახარჯა. ეს მთლიანი მოსავლის, 330 ათასი ტონის, დაახლოებით 44% იყო. თუმცა, სუბსიდიის პარალელურად, როგორც ირკვევა კომპანიამ ასევე გამოიყენა საბანკო კრედიტი, რაც ყურძნის შესყიდვაზე მიიმართა.
მიღებული ყურძნისგან კომპანიამ 100.6 მილიონი ლიტრი ღვინო-მასალა აწარმოა, საიდანაც 10 მილიონი ლიტრი აბსოლუტური სპირტის მოცულობის საბრენდე სპირტი მიიღო.
მოსავლის მართვის კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სუბსიდიით წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საწყის ფასად ვერ ხდება, რის გამოც მარაგების ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა.
2025 წლის ბოლოს კომპანიას მარაგები 220.7 მილიონ ლარად ჰქონდა შეფასებული, თუმცა მათი ღირებულება 52.2 მილიონ ლარამდე ჩამოფასდა. შედეგად, მარაგების ღირებულება 168.5 მილიონი ლარით, ანუ 76%-ით შემცირდა.
ჩამოფასების მიზეზია ის, რომ პროდუქციის გაყიდვა აუქციონებზე საწყისი ფასით ვერ ხერხდება და რეალიზაციისთვის ფასის შემცირება ხდება.
მსგავსი პრაქტიკა წინა წლებშიც იყო. 2022 წელს კომპანიამ 90 მილიონი ლარის მარაგები 68 მილიონი ლარით ჩამოფასა, 2024 წელს კი 102 მილიონი ლარის მარაგები 39 მილიონ ლარამდე შემცირდა.
2026 წლის დასაწყისში სახელმწიფო კომპანიამ 10 მილიონი ლიტრი ახალგაზრდა საკონიაკე სპირტის გაყიდვა სცადა. საწყისი ფასი 80 მილიონი ლარი იყო, თუმცა პირველი აუქციონები ჩავარდა. შემდეგ ფასი 72 მილიონ ლარამდე, ხოლო მოგვიანებით 64.8 მილიონ ლარამდე შემცირდა.