![[რუსეთ-უკრაინის] ომის დასრულების სცენარშიც საქართველოს მყარი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება - IMF](/_next/image?url=https%3A%2F%2Fbm.ge%2Fuploads%2Ffiles%2F2024%2F05%2F27%2F248126%2Fimf-saertashoriso-savaluto-fondi_w_h.jpeg&w=3840&q=75)
[რუსეთ-უკრაინის] ომის დასრულების სცენარშიც საქართველოს მყარი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება - IMF
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება საქართველოსთვის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს გააჩენს, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
როგორც სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სუბირ ლალიმ BMG-ის კითხვის პასუხად განაცხადა, საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე სხვადასხვა სავალუტო ნაკადებს დადებითი გავლენა ჰქონდა. თუმცა ფონდი მიიჩნევს, რომ რეგიონში საომარი მოქმედებების დასრულების შემთხვევაშიც საქართველოს ეკონომიკა მყარი ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს.
ამის შესახებ სუბირ ლალიმ ტაილანდში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის შესახებ გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა.
“[ეკონომიკური ზრდის პერსპექტივასთან] დაკავშირებული რისკები მეტწილად დაბალანსებულია. რაც შეეხება [რუსეთ-უკრაინის] ომის დასრულების გავლენას, საქართველომ აშკარად, მრავალი თვალსაზრისით, სარგებელი მიიღო ინვესტიციების, ტურიზმის და ასევე ვაჭრობის გარკვეული ნაკადებიდან. თუმცა იქნება სხვა სარგებელიც მას შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები შეწყდება, რადგან ეს გააჩენს საინვესტიციო შესაძლებლობებს და ასევე გახსნის მეტ გზას ეკონომიკის ზრდისთვის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ სცენარშიც კი გაგრძელდება საქართველოს იმ ძალიან მყარი ზრდის მხარდაჭერა, რასაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვხედავდით და ეს მომავალშიც გაგრძელდება”, - აღნიშნა სუბირ ლალიმ
რაც შეეხება IMF‑ის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას 7.2%-მდე, სუბირ ლალი აღნიშნავს, რომ ეს იმ ფაქტობრივ მონაცემებს უკავშირდება, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება.
“საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესების მიზეზი ნამდვილად უკავშირდება იმ ახალ შემოსულ მონაცემებს, რომლებიც ჩვენ წინა, აპრილის პროგნოზის შემდეგ მივიღეთ. ზრდის ტემპი კვლავ ძლიერი და ძალიან მყარი რჩება, ასე რომ ეს არსებითად ასახავს იმ მონაცემებს, რომლებიც შემოვიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს გვქონდა მონაცემები”, - განაცხადა სუბირ ლალიმ.
ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა [IMF] საქართველოს ეკონომიკური ზრდის 6.5%-დან 7.2%-მდე გაზარდა. ფონდი 2026 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7.2%-იან ზრდას ელის, 2027 წელს კი 5.7%-იანი ზრდას პროგნოზირებს.
აღსანიშნავია, რომ ფონდმა მესამედ დააკორექტირა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ზრდის მიმართულებით, რადგან მიმდინარე წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდი 5.3%-იან ზრდას ელოდებოდა.
BM.GE
წყარო: bm.ge