
რუსეთი, ინდოეთი, უკრაინა - რომელი ქვეყნების მოქალაქეები აღრიცხა საქსტატმა მოსახლეობის აღწერაში
საქართველოში გრძელვადიანად უცხოეთის 133,857 მოქალაქე ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 3.4%-ია - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მოსახლეობის აღწერის დეტალური შედეგებიდან ხდება ცნობილი. საქსტატის თანახმად, უცხოეთის მოქალაქეთა შორის ყველაზე ბევრია რუსეთის მოქალაქე; მეორე პოზიციას ინდოეთის, მესამე ადგილს კი უკრაინის მოქალაქეები იკავებენ.
მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობა 3,929,581-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქსტატმა მოსახლეობის აღწერის პირველადი მონაცემები, რაც 2025 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა, მიუთითა რომ მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა იყო 3,914,000 ადამიანი, ხოლო უცხოელთა წილი კი 6.6%-ს ანუ 257,000-ს შეადგენდა. თუმცა, განახლებული მონაცემებით დაზუსტდა უცხოელთა რაოდენობა და ის 133 857-მდე შემცირდა, რაც სავარაუდოდ, დაკავშირებულია უცხოელთა საქართველოში დაყოვნების მოთხოვნებთან, რაც სტატისტიკური მეთოდოლოგიის თანახმად 12 თვეს უნდა აღემატებოდეს.
ამასთან, საქსტატმა გამოაქვეყნა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან აღრიცხული საქართველოს მოსახლეობის მთლიან შემადგენლობაში:
• რუსეთის მოქალაქე - 37,715 ადამიანი; • ინდოეთის მოქალაქე - 23,925 ადამიანი; • უკრაინის მოქალაქე - 11,542 ადამიანი; • აზერბაიჯანის მოქალაქე - 8,309 ადამიანი; • სომხეთის მოქალაქე - 5,381 ადამიანი; • თურქეთის მოქალაქე - 5,262 ადამიანი; • ბელარუსის მოქალაქე - 4,473 ადამიანი; • ირანის მოქალაქე - 4,322 ადამიანი; • ისრაელის მოქალაქე - 3,244 ადამიანი; • იორდანიის მოქალაქე - 3,037 ადამიანი.
საქართველოს მოსახლეობის აღწერის მიზანია ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის დადგენა, შესაბამისად მასში შედიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოეთის მოქალაქეებიც, რომლებიც ქვეყანაში მუდმივად ცხოვრობენ.
"მოსახლეობის გამოთვლის მომენტად (აღწერის კრიტიკული მომენტი) განისაზღვრა 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია, ხოლო სასოფლო-სამეურნეო აღწერას დაექვემდებარა ყველა ის შინამეურნეობა და იურიდიული პირი, რომელსაც 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო მიწა, ან ჰყავდა პირუტყვი, ფრინველი ან ფუტკრის ოჯახი, მიუხედავად იმისა, საანგარიშო წელს აწარმოვა თუ არა რაიმე სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან - 31 დეკემბერი) - კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI)."