
რუსეთიდან საქართველოში $425 000-ის უკანონოდ შემოტანა სცადეს - თანხა ავტომობილის სამალავში აღმოაჩინეს
რუსეთიდან საქართველოში 425 000 დოლარის უკანონოდ შემოტანა სცადეს. რუსული მედიის 47channel-ის ინფორმაციით, თანხა ჩრდილოეთ ოსეთში, „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აღმოაჩინეს.
გამოცემის ცნობით, მძღოლს, რომელიც საქართველოში მსუბუქი ავტომობილით მიემგზავრებოდა, დეკლარირებას დაქვემდებარებული ნაღდი ფულის შესახებ საბაჟო კონტროლისას არ განუცხადებია. ავტომობილის შემოწმებისას კი, სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, სალონის ერთ-ერთ თაროში მოწყობილი სამალავი აღმოაჩინეს, სადაც 425 000 დოლარი იყო დამალული. თანხის ღირებულება დაახლოებით 35 მილიონ რუსულ რუბლს შეადგენს.
რუსეთის საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებული თანხა ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. შემდგომი სამართლებრივი გადაწყვეტილება მისი შედეგების საფუძველზე მიიღება.
რუსეთში 2022 წლის 1 მარტის საპრეზიდენტო განკარგულებით, ქვეყნიდან 10 000 დოლარის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი უცხოური ვალუტის გატანა აკრძალულია. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის 2026 წლის 29 სექტემბრის №706 ბრძანებულებით, ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში, აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში 1 მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების ნაღდი ფულის ექსპორტი. იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის ეს აკრძალვა ვრცელდება თანხის ოდენობის მიუხედავად.
BM.GE
წყარო: bm.ge