
"რუსეთის ეკონომიკას ჰიპოთერმია სჭირს" - Sberbank-ის ხელმძღვანელი
Sberbank-ის ხელმძღვანელმა, გერმან გრაფმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მას "ჰიპოთერმია სჭირს". სიტყვით გამოსვლისას გრეფმა განაცხადა, რომ ახლა ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების წახალისების პოლიტიკაზე გადასვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ფინანსისტის განმარტებით, თუ გასული წლის მიწურულს პროცესები სადავო იყო, მიმდინარე მაჩვენებლების გათვალისწინებით ციფრები უკვე თავისთავად მეტყველებს ვითარების გაუარესებაზე. გრეფის თქმით, ვიდრე რუსეთის ცენტრალური ბანკი ეკონომიკის ეტაპობრივ შენელებაზე საუბრობს, რეალობა გაცილებით მძიმეა და ის ჰიპოთერმიის მდგომარეობას ჰგავს.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს ქვეყანაში ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი რეკორდულ მინიმუმამდე, -3.6 პუნქტამდე შემცირდა. მსგავსი ნეგატიური მონაცემი რუსეთში 2022 წლის გაზაფხულის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა.
სიტყვით გამოსვლისას გრეფი უმუშევრობის დაბალ დონეს, მოხმარების შემცირებასა და ძირითადი კაპიტალის ფორმირების ვარდნასაც შეეხო. Sberbank-ის ხელმძღვანელის განცხადებით, წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ პოტენციურ მაჩვენებელზე (1.5-2.5%) 0.6%-ით ნაკლები იყო. მისი თქმით, ეს პროცესი მხოლოდ მიმდინარე ვითარებას არ ასახავს და შემაშფოთებელ ტენდენციებზე მკაფიოდ მიუთითებს.
შექმნილი ვითარების ფონზე Sberbank-ის პრეზიდენტი ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების მხარდაჭერის პოლიტიკაზე გადასვლას უალტერნატივოდ მიიჩნევს. მისი განცხადებით, ბაზარზე გარდამტეხი ცვლილებები მანამ არ დაიწყება, სანამ საბაზრო განაკვეთები 10-12%-იან დიაპაზონს არ დაუბრუნდება. გრეფის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის აღდგენისა და სტაბილიზაციისთვის დასახელებულ ნიშნულამდე დაბრუნება დღეს მთავარი ამოცანა უნდა იყოს. ფინანსისტმა ისიც დასძინა, რომ ამჟამად მაკროეკონომიკურ პირობებს ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ადგილობრივ ბიზნესს დახმარება სჭირდება.
შეგახსენებთ, რუსეთის ეკონომიკის რთულ მდგომარეობაზე Sberbank-ის ხელმძღვანელმა მიმდინარე წლის ივნისშიც ისაუბრა. მაშინ გერმან გრაფმა განაცხადა, რომ ვითარების გამოსასწორებლად საჭირო იყო, ცენტრალურ ბანკს ძირითადი განაკვეთი შეემცირებინა.
BM.GE
წყარო: bm.ge