
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 14.25%-მდე შეამცირა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 50 საბაზისო პუნქტიან კლებაზე ნაკლებია.
არსებული ინფორმაციით, რბილი საბიუჯეტო პოლიტიკა და საწვავის წარმოების შემცირება იმ უმთავრეს რისკებს შორის სახელდება, რომელთა გამოც მონეტარული კომიტეტი უფრო მკვეთრ შემცირებას მოერიდა. უწყების განმარტებით, საავტომობილო საწვავის წარმოების დროებითი კლების შედეგად პროინფლაციური რისკები გაიზარდა.
პრინციპში, ეს განცხადება პირველი მაღალი დონის ოფიციალური აღიარებაა, რომელიც რუსულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონების თავდასხმების მასშტაბურ ეკონომიკურ გავლენას ადასტურებს. ამასთან, თავდასხმების ფონზე, დამოუკიდებელმა ავტოგასამართმა სადგურებმა ფასები 20%-მდე გაზარდეს, რის გამოც ანტიმონოპოლიურმა რეგულატორმა მათგან განმარტება მოითხოვა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები სულ უფრო ღრმავდება, რაც ენერგეტიკულ სექტორზე განხორციელებული იერიშებით არის განპირობებული. გასულ წელს, მაღალი საპროცენტო განაკვეთების, დასავლური სანქციებისა და მყარი რუბლის პირობებში, რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი ქვეყნის ეკონომიკა 0.2%-ით შემცირდა. უწყების პროგნოზით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდა 0.5%-ს შეადგენს, ხოლო 2026 წლის ოფიციალური წლიური პროგნოზი 0.4%-ით განისაზღვრა.
BM.GE
წყარო: bm.ge