
რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა
რუსეთმა და საუდის არაბეთმა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ოფიციალურად აამოქმედეს, რაც 11 მაისიდან ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოგზაურობის წესებს ამარტივებს. სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის რიადში 2025 წლის 1 დეკემბერს გაფორმდა, ძალაში სწორედ დღეს შევიდა.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებს საუდის არაბეთში შესვლა და დარჩენა ვიზის გარეშე, კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამურად 90 დღით შეუძლიათ. აღნიშნული პირობა მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტის მიზანი არ არის მუშაობა, სწავლა ან სამეფოში მუდმივი ცხოვრება. საუდის არაბეთის მოქალაქეები რუსეთში სტუმრობისას ანალოგიური უვიზო პრივილეგიებით ისარგებლებენ.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შეზღუდვები ნარჩუნდება კონკრეტული კატეგორიის ვიზიტებზე. რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საუდის არაბეთში დასაქმების, განათლების მიღების ან მუდმივი ცხოვრების მიზნით მიემგზავრებიან, ვალდებულნი არიან შესაბამისი ვიზა გააფორმონ. გარდა ამისა, სავიზო რეგულაცია კვლავ ვრცელდება მომლოცველებზე, რომლებიც სამეფოს ჰაჯისა და უმრას პერიოდში ეწვევიან.
ცნობისთვის, აღნიშნული შეთანხმება ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ტურისტული კავშირების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მანამდე რუსეთის მოქალაქეებისთვის საუდის არაბეთში შესვლა ელექტრონული ან სტანდარტული ვიზის საფუძველზე იყო შესაძლებელი.