
რუსი ტურისტების გარეშე, შეიძლება, ეკონომიკა რეცესიაში წავიდეს, რაც კლებას ნიშნავს|ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა რუსი ტურისტების გარეშე, შეიძლება, რეცესიაში წავიდეს.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ზე განაცხადა, სადაც დებატების თემა - “რუსოფობია - რეალობა თუ პოლიტიკური იარლიყი იყო”.
“საქართველოს ეკონომიკაში რუსი ტურისტების წვლილი არის ძალიან დიდი, ძალიან მნიშვნელოვანი… თეორიულად, რუსი ტურისტების გარეშე რომ წარმოვიდგინოთ საქართველოს ეკონომიკა, შეიძლება ეკონომიკა რეცესიაშიც კი წავიდეს, მარტო ტურიზმის ხარჯზე”, - თქვა მთავრობის მეთაურმა.
ცნობისთვის: 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ტურიზმიდან 1.9 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 249 201 ვიზიტორი ჩამოვიდა, რომლებმაც ჯამში დაახლოებით 335.6 მილიონი დოლარი დახარჯეს. ამავე პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან 610 825 ვიზიტორი შემოვიდა, რომელთა მიერ დახარჯულმა თანხამ დაახლოებით 307 მილიონი დოლარი შეადგინა.
კერძოდ, საქართველოში ევროკავშირიდან ჩამოსული 1 ტურისტი 1347 დოლარს ხარჯავს, რაც რუსი ტურისტის დანახარჯს 2.7-ჯერ აღემატება.
საქართველოში, EU-დან 249 ათასმა ვიზიტორმა უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე 611 ათასმა რუსეთიდან
საქართველოს ეკონომიკაში რუსი ტურისტების მნიშვნელობაზე ირაკლი კობახიძესა და დებატებში მონაწილე ექსპერტ ლელა ჯეჯელავას შორის მოკლე დისკუსია გაიმართა, რომელშიც პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც ჩაერთო.
ირაკლი კობახიძე: საქართველოში ყოველწლიურად ასიათასობით რუსი ტურისტი ჩამოდის . ისინი უნდა შემოვიდნენ თუ არა? ეს კარგია თუ ცუდი?
ლელა ჯეჯელავა: ტურისტი ძალიან კარგია თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემას აქვს თავი აკონტროლოს, რომ ტურისტის ნაცვლად სპეცსამსახურის თანამშრომელი არ შემოვიდეს.
ირაკლი კობახიძე: რამდენი წელია დავამტკიცეთ, რომ ამის თავი გვაქვს.
ლელა ჯეჯელავა: მაშინ არაა საშიში.
ირაკლი კობახიძე: საზოგადოებისთვის ძალიან კარგია იმის ცოდნა, რომ რუსი ტურისტი კარგია. საქართველოს ეკონომიკაში რუსი ტურისტების წვლილი არის ძალიან დიდი, ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არაა რაღაც პრინციპული, მაგრამ თეორიულად, რუსი ტურისტების გარეშე რომ წარმოვიდგინოთ საქართველოს ეკონომიკა, შეიძლება ეკონომიკა რეცესიაშიც კი წავიდეს, მარტო ტურიზმის ხარჯზე.
ლელა ჯეჯელავა: ტურიზმზე ამდენად რომ ვართ დამოკიდებული, ეს ცუდია…
ირაკლი კობახიძე: ტურიზმზე იმ შემთხვევაში ვიქნებით ნაკლებად დამოკიდებული, თუ ტურიზმის წილი ეკონომიკაში 4.6 მლრდ დოლარი კი არ იქნება, არამედ იქნება 460 მლნ. თუ გნებავთ, ნაკლებად ვიზრუნებთ ტურიზმის განვითარებაზე და ჩამოვიყვანთ ტურიზმის ეკონომიკას 4.6 მილიარდიდან 460 მილიონამდე.
ლელა ჯეჯელავა: მე არ მომწონს, რომ ტურიზმზე ვართ მარტო დამოკიდებული?
ირაკლი კობახიძე: მარტო ტურიზმზე რატომ? - ტურიზმიდან [შემოსავალია] 4.6 მილიარდი დოლარი. საქართველოს ეკონომიკა 104 მილიარდი ლარია… სხვა რამეს გეუბნებით - რუსი ტურისტების გარეშე რომ წარმოვიდგინოთ საქართველო, ეკონომიკა შეიძლება რეცესიაში წავიდეს. რეცესია ნიშნავს კლებას.
პაატა ზაქარეიშვილი: ვიზებით რომ შემოვიდნენ, რა მოხდება?
ირაკლი კობახიძე: ბევრად ნაკლები შემოვა… საზღვარზეც რომ იყოს ვიზა, ბევრად ნაკლები ტურისტი შემოვა, ვიდრე დღეს შემოდის.
BM.GE
წყარო: bm.ge