მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რუსულ გაზზე იმდენად დიდი დამოკიდებულება არ გვაქვს, რომ პოლიტიკური რისკები შეიქმნას"|ინტერვიუ სემეკის წევრთან
"რუსულ გაზზე იმდენად დიდი დამოკიდებულება არ გვაქვს, რომ პოლიტიკური რისკები შეიქმნას"|ინტერვიუ სემეკის წევრთან

"რუსულ გაზზე იმდენად დიდი დამოკიდებულება არ გვაქვს, რომ პოლიტიკური რისკები შეიქმნას"|ინტერვიუ სემეკის წევრთან

BM.GE1 ივნისი, 2026, 23:57|bm.ge

"რუსული გაზის მოცულობის ზრდა აზერბაიჯანული გაზის იმპორტის შემცირების ხარჯზე არ მომხდარა", - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გივი სანიკიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, სადაც ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს გაზის მოხმარება და მომარაგების წყაროები იყო.

2025 წელს, წინა წელთან შედარებით, რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტი მცირედით გაიზარდა, რაც, სემეკის განმარტებით, განპირობებულია ქვეყნის შიგნით ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარებით, კერძოდ, პიკური დღიური მოხმარების მაღალი ნიშნულით (18-19 მლნ კუბური მეტრის ფარგლებში).

აღსანიშნავია, რომ ბოლო 6 წელიწადში რუსეთიდან გაზის იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ 2020 წელს ქვეყანამ 204 მლნ კუბური მეტრი გაზი შეიძინა, 2025 წელს ამ მაჩვენებელმა 886 მლნ კუბურ მეტრს მიაღწია.

ცნობისთვის: საქართველომ 2025 წელს სულ 3.1 მლრდ კუბური მეტრი გაზი მოიხმარა - ქვეყანა თითქმის 100%-ითაა დამოკიდებული იმპორტზე. 2025 წელს ქვეყნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მიღებული ბუნებრივი გაზის წილმა 71.7% შეადგინა, რუსეთის ფედერაციიდან ქვეყანამ ბუნებრივი აირის 27.9% მიიღო, ხოლო დარჩენილი ნაწილი ადგილობრივ წარმოებაზე მოდის.

გივი სანიკიძე მიიჩნევს, რომ რუსეთიდან გაზის მზარდი იმპორტის მიუხედავად, საქართველოს უსაფრთხო გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. „ბუნებრივი გაზის მოხმარების 70%-ზე მეტი აზერბაიჯანულ მხარეზე მოდის. შესაბამისად, რუსულ გაზზე იმდენად მნიშვნელოვანი დამოკიდებულება არ გვაქვს, რომ პოლიტიკურად რაიმე რისკფაქტორები შეგვექმნას. ეს სემეკის კომპეტენცია არ არის, მაგრამ, ბუნებრივია, მოფიქრებული იქნება მექანიზმები, რომლებითაც ასეთი რისკები აზერბაიჯანული მხრიდან ალტერნატიული მოწოდებით დაზიღვევა“, - აღნიშნა მან.

სემეკის წევრს „წერტილთან“ ინტერვიუში ე.წ. დამატებითი გაზის კონტრაქტზეც დავუსვით კითხვა, რომლის ფარგლებშიც, ბოლო 20 წელია, საქართველო „სამხრეთ კავკასიური მილსადენის კონსორციუმისგან“ 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს შეღავათიან ფასად იღებს. კონტრაქტს ვადა წლის ბოლოს ეწურება, მაგრამ საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ მაისში, ბაქოში სამთავრობო დელეგაციის ვიზიტისას, გაფორმდა მთავრობათაშორისი შეთანხმება, მათ შორის ამ საკითხზეც. „ამ [დამატებითი გაზის] შეთანხმებით შევძლებთ გაზის არსებული ტარიფების შენარჩუნებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, თუმცა დეტალები უცნობია - კერძოდ, მიიღებს თუ არა ქვეყანა ისევ 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს კონსორციუმისგან და რამდენად შეღავათიან ფასად.

ე.წ. „დამატებითი გაზის“ კონტრაქტის გახანგრძლივების თუ ახალი კონტრაქტის პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არც სემეკის წევრი გივი სანიკიძე ფლობს, თუმცა ვარაუდობს, რომ არსებული კონტრაქტით გათვალისწინებული გაზის მოცულობა [500 მლნ კუბური მეტრი] შენარჩუნდება.

ინტერვიუ გივი სანიკიძესთან

- ელექტროენერგიის ტარიფი ახალი გაზრდილია [დენის ტარიფი 5 თეთრით 1-ელი აპრილიდან გაძვირდა], ამიტომ ნაკლებია მოლოდინი, რომ დენი კიდევ გაძვირდება, მაგრამ რა მოლოდინი უნდა გვქონდეს გაზის ტარიფთან მიმართებით და, ამავდროულად, მოსახლეობასაც შევახსენოთ, როდის უწევს სემეკს გაზის ტარიფის ხელახალი დათვლა და, შესაბამისად, დადგენა?

- ბუნებრივი გაზის ტარიფების გადათვლა იგეგმება რეგულირების პერიოდის დასრულების შემდეგ. მოგეხსენებათ, ბუნებრივი გაზის სექტორში ჩვენ ხუთწლიანი სატარიფო რეგულირების პერიოდი გვაქვს. ჯერჯერობით, სატარიფო რეგულირების პერიოდი არ დასრულებულა, ამიტომ ამ ეტაპზე ტარიფების გადათვლის მოლოდინი არ არსებობს, თუ სატარიფო მეთოდოლოგიით ამის აუცილებლობა და ვალდებულება არ წარმოიშობა. შესაბამისად, როდესაც 2027 წლის ბოლოს დასრულდება მიმდინარე სატარიფო რეგულირების პერიოდი, უკვე გეგმურად მოხდება ბუნებრივი გაზის ტარიფების გადათვლა.

- საინტერესოა, რა ინფორმაციას ფლობს სემეკი ე.წ. “დამატებითი გაზის” კონტრაქტის გახანგრძლივების თუ აზერბაიჯანთან ახალი კონტრაქტის პირობებზე და რამდენად აზღვევს ეს კონტრაქტი მოსახლეობას ტარიფების გაძვირებისგან? პრემიერმა კი თქვა, რომ ეს კონტრაქტი იძლევა გაზის არსებული ტარიფების შენარჩუნების შესაძლებლობას, მაგრამ თქვენ რა დოზით იზიარებთ ამ სცენარს?

- ბუნებრივი გაზის ახალ კონტრაქტს რაც შეეხება, ჩვენ ზუსტად იმ ინფორმაციას ვფლობთ, რაც თქვენ გააჟღერეთ და მინდა, ჩემი მხრიდან დავადასტურო ის ფაქტი, რომ ის მოცულობები, რომლებიც სახელმწიფოს გრძელვადიან პერსპექტივაში გარანტირებულად ექნება, იძლევა მრავალი რისკის დაზღვევის შესაძლებლობას. თავისთავად ცხადია, როდესაც ქვეყანას ყოველწლიურად არ აქვს იმის აუცილებლობა, რომ ეძებოს ბუნებრივი გაზი იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, და ეს მოცულობები გარანტირებულია, თანაც გარანტირებულია განსაზღვრულ ფასად, ბუნებრივია, დაზღვეული ვართ იმისგან, რომ ყოველწლიურად გაზის ფასი მერყევი იყოს. აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, ეს ხელშეკრულება გრძელვადიან პერსპექტივაში, გარანტირებული მოწოდებითა და კონკრეტული, განსაზღვრული ფასით, გვაზღვევს ფასების მერყეობის რისკებისგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია სატარიფო რეგულირების კუთხით.

- გეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც ვცდილობთ მეტი დეტალი გავიგოთ - ე.წ. დამატებითი გაზის კონტრაქტი გახანგრძლივდა თუ სრულიად ახალი კონტრაქტი დაიდო? თქვენი ინფორმაციით, ისევ 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს საქართველო შაჰდენიზის მილსადენიდან "დამატებითი გაზის" სახით?

- ზუსტად ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ გაგვაჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ხელშეკრულება სულ ახლახან გაფორმდა და, შესაბამისად, აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დეტალები არ გვაქვს.

- რადგან ახსენეთ, გარანტირებული მოცულობების მიღება, ამიტომ ჩაგეკითხეთ...

- გარანტირებული უნდა იყოს, სავარაუდოდ, ის მოცულობები, რომლებთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, ამოიწურა მანამდე არსებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა. თავისთავად ცხადია, მოლოდინიც არსებობს ამ მიმართულებით და თუ ამ მოცულობებზეა საუბარი, სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მოთხოვნას.

- მოკლედ, თქვენც ვარაუდის დონეზე იცით, რომ ისევ 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს საქართველო...

- ჩვენც გვაქვს მოლოდინი, რომ, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ამ მოცულობაზე უნდა იყოს საუბარი.

- საინტერესოა ისიც, რამდენად შეღავათიან ფასად ვიყიდით გაზს ახალი კონტრაქტით... ალბათ ნაკლებად მოსალოდნელია ის ტარიფი, რაც ბოლო 20 წელი გვქონდა, რადგან ვხედავთ, რა ცვლილებებია გაზის გლობალურ ბაზარზე...

- რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია. როგორც მოგეხსენებათ, ეს კონფიდენციალურია. ამ ეტაპზე სემეკს არ გააჩნია ამ ხელშეკრულების დეტალებზე წვდომა, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით, ეს ხელშეკრულება ჩვენ არ მოგვწოდებია.

- აზერბაიჯანთან გაზის კონტრაქტის კომერციულ პირობებს ხელი მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა მოეწეროს - ასე განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში. თუ აღმოჩნდა, რომ მთლად იმდენ გაზს ვერ მივიღებთ ე.წ. დამატებითი გაზის კონტრაქტით და ვერც მთლად ისეთ შეღავათიან ფასად, ვიდრე ახლა, რა გამოწვევის წინაშე დადგება სემეკი ამ შემთხვევაში? 2027 წელზე უფრო ადრეც, არაგეგმურად ხომ არ მოუწევს კომისიას ახალ ტარიფზე მსჯელობა?

- ვერ ვიტყვი ასე დანამდვილებით, რომ აუცილებლად მოხდება ტარიფის კორექტირება. შეიძლება, სახელშეკრულებო პირობების ცვლილებამ გეგმური გადახედვის დროს გამოიწვიოს გარკვეული ცვლილებები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე წლის ბოლოს აუცილებლად, სავალდებულო წესით მოხდება ტარიფის კორექტირება. ამიტომ უნდა დაველოდოთ შესაბამის ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდება. ის, რაც საჯარო იქნება ამ ხელშეკრულების ფარგლებში და სატარიფო რეგულირების პირობებში, ბუნებრივია, სემეკი ამას ყველაფერს გაასაჯაროებს, იმიტომ რომ მოსახლეობისთვის და მომხმარებლებისთვის, ბუნებრივია, ტარიფთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა ძალიან მნიშვნელოვანია.

- განვიხილოთ 2025 წლის სემეკის ანგარიშში აღწერილი მდგომარეობა გაზის მოხმარების და მიღების წყაროების შესახებ - როგორც ვნახე, ბოლო ხუთ წელიწადში რუსეთიდან გაზის იმპორტი, ფაქტობრივად, ოთხჯერ არის გაზრდილი. რატომ გაიზარდა რუსულ გაზზე დამოკიდებულება ასე მკვეთრად - მთავარი მიზეზი მოხმარების ზრდაა?

- ჩვენ თუ გადავხედავთ გასული წლის სტატისტიკას, იქ აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ აზერბაიჯანიდან იმპორტირებული გაზის მოცულობა არ შემცირებულა. თქვენ ახსენეთ 2020 წელი და მაშინაც 2 მილიარდ 300 მილიონი კუბური მეტრი იყო იმპორტირებული; 2024 წელსაც 2 მილიარდ 300 მილიონი იყო და 2025 წელსაც თითქმის 2 მილიარდ 300 მილიონი იყო იმპორტირებული. ანუ რუსული გაზის მოცულობის ზრდა არ მომხდარა აზერბაიჯანული გაზის იმპორტის შემცირების ხარჯზე. რა თქმა უნდა, თქვენ სწორად აღნიშნეთ, 2020 წლიდან მოყოლებული მოხმარება გაზრდილია - თუ მაშინ თითქმის 2 მილიარდ 600 მილიონი იყო ქვეყნის მოხმარება, დღეს უკვე ეს მაჩვენებელი თითქმის 3 მილიარდ 200 მილიონამდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, გამართლებულია ის, რომ ქვეყანა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ მოწოდების წყაროზე. მოწოდების წყაროები დივერსიფიცირებულია და, ბუნებრივია, ეს გვაზღვევს გარკვეული რისკებისგან, როდესაც შესაძლებელია რაიმე შეფერხება მოხდეს თითოეული მიმართულებით გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით. მთავარი მიზეზი და ამოცანა არის ის, რომ მომხმარებელი არ დარჩეს გაზის გარეშე; როდესაც იზრდება მოხმარება, თუ მოწოდებელი მხარე თავის საკონტრაქტო ვალდებულებას ასრულებს - ამ შემთხვევაში აზერბაიჯანულ მხარეს ვგულისხმობ - ბუნებრივია, დამატებითი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია სხვა, ალტერნატიული წყაროებიდან გაზის შემოტანა და ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია.

- დივერსიფიკაცია, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ რუსეთი არ არის მთლად საიმედო დივერსიფიკაციის წყარო ჩვენი ქვეყნისთვის, არცერთი მიმართულებით, ამიტომ ჩნდება ლოგიკური კითხვა ჩნდება, რომლის პირდაპირი ადრესატი, შეიძლება, თქვენ არც ხართ: დიახ, აზერბაიჯანი ასრულებს თავის პირობებს, ვიღებთ კუთვნილ გაზს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი გაზი მივიღოთ აზერბაიჯანიდან და ნაკლებად გაიზარდოს რუსეთზე დამოკიდებულება?

- დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ ყველაფერი კეთდება. რასაკვირველია, აზერბაიჯანსაც აქვს თავისი ვალდებულებები, თავისი შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებას გაზის მოწოდების ნაწილში. ცხადია, მას [აზერბაიჯანს] აქვს თავისი ვალდებულებები სხვა მიმართულებებითაც. შეიძლება, სახელმწიფოს მხრიდან იყოს ყველანაირი მცდელობა იმისა, რომ უფრო მეტად ვიყოთ უზრუნველყოფილი აზერბაიჯანული გაზით, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ასევე მოწოდებელი მხარის ინტერესები და ვალდებულებებიც. თუმცა ჩვენ აქ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ, როგორც თქვენ ბრძანეთ, გაზის მოხმარების 70% და მეტი აზერბაიჯანულ მხარეზე მოდის და, შესაბამისად, რუსულ გაზზე არ არის იმდენად მნიშვნელოვანი დამოკიდებულება, რომ ჩვენ აქ პოლიტიკურად რაიმე რისკფაქტორები შეგვექმნას. ეს არ არის, რა თქმა უნდა, სემეკის კომპეტენცია, მაგრამ, ბუნებრივია, იქნება მოფიქრებული ისეთი მექანიზმები, როდესაც ასეთი რისკები შესაბამისად დაზღვეული იქნება ალტერნატიული მოწოდებით, თუნდაც იგივე აზერბაიჯანული მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი სწორად იქნება შეფასებული.

- სამხრეთ-კავკასიურ მილასადენში ანუ იგივე შაჰდენიზის მილსადენში ჩვენი წილი სიმძლავრის დათმობაზეც მინდა გკითხოთ... როგორც ვიცით, 2023 წლიდან საქართველოს მთავრობა დათანხმდა "სოკარს" ანუ აზერბაიჯანს, რომ მილსადენში ჩვენი კუთვნილი გაზი ეგრეთ წოდებული სატრანზიტო მილსადენით კი არ მივიღოთ, არამედ - ყაზახი-საგურამოს მილსადენით. პერიოდულად ჩნდება ხოლმე კითხვა - ამ დათმობით საქართველო ნაკლებ კუთვნილ გაზს ხომ არ იღებს? ასევე, სემეკის ანგარიშში იყო ასეთი წინადადება [გვ.77]: „აზერბაიჯანის მხრიდან ბუნებრივი გაზის მიღების წერტილების დაკონტრაქტებული სიმძლავრეები ვერ აკმაყოფილებდა 2025 წელს შიდა მოხმარებას და საჭირო გახდა დამატებითი ბუნებრივი გაზის შემოტანა“. სიმძლავრეების დათმობა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ კუთვნილზე ნაკლები გაზი მივიღეთ თუ მხოლოდ სატრანზიტო მილის დროებითი დათმობა იგულისხმება?

- სიმძლავრეების დათმობასთან დაკავშირებით, ალბათ სემეკი არ არის [კომპეტენტური]... ჩვენ უბრალოდ ამ ინფორმაციას წლიური ანგარიშის კუთხით ვაწვდით ჩვენს მომხმარებელს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თუმცა ამის ცალსახად უარყოფით კონტექსტში შეფასება არ იქნება სწორი. რაც უფრო მეტი ბუნებრივი გაზის გატარება მოხდება [სამხრეთკავკასიური] მილსადენით, მით უფრო მეტ გაზს მიიღებს საქართველო პროცენტულ ჭრილში შეღავათიანი ფასით. ასე რომ, ამას დადებითი მხარეც აქვს და ცალსახად უარყოფით კონტექსტში ამის შეფასება არ იქნება მართებული.

- არანაირი კონტექსტი არც მიგულისხმია, უბრალოდ, განმარტება ჩავთვალე საჭიროდ, რადგან ცოტა ბუნდოვან წინადადებად მომეჩვენა...

- დიახ, აქ იგულისხმება ის, რომ აზერბაიჯანიდან მოწოდების წერტილის გამტარუნარიანობა დღე-ღამეში არის 9-10 მილიონი კუბური მეტრი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გვაქვს პიკური მოთხოვნა ზამთარში - 19 მილიონ კუბურ მეტრამდე, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ მთლიანი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, აუცილებელია რუსეთიდან ბუნებრივი გაზის შემოტანა, რომლის ქსელის გამტარუნარიანობაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე აზერბაიჯანული ქსელის.

- ანუ გამოდის, რომ რადგან საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანის თხოვნა გაითვალისწინა, რათა [აზერბაიჯანმა] ევროკავშირს მეტი გაზი მიაწოდოს სამხრეთკავკასიური მილსადენით, ჩვენ ცოტათი მაინც ვზარალობთ ანუ გვიწევს რუსეთიდან მეტი გაზის ყიდვა?

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ შეიძლება ამის ასე შეფასება. აქ უნდა გაანალიზდეს, თუ რა ფასად ხდება გაზის შემოტანა რუსეთიდან, რამდენად გამართლებულია ამ გაზის იმპორტი და ამის შემდეგ უნდა შეფასდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რაც უფრო მეტი გაზი გაივლის სამხრეთკავკასიურ მილსადენს, მით უფრო მეტი შეღავათიანი ბუნებრივი გაზი დარჩება საქართველოს...

- თუმცა ეს გაზი ხომ უნდა შემოვიტანოთ შემდეგ და რამდენად აქვს ყაზახი-საგურამოს მილსადენს შესაბამისი გამტარუნარიანობა?

- დიახ, და ეს ყაზახ-საგურამოს მილსადენი სრულად აკმაყოფილებს იმ საკონტრაქტო ვალდებულებას, რაც აქვს აზერბაიჯანულ მხარეს. შესაბამისად, თუ კონტრაქტი ითვალისწინებს 2 მილიარდ 300 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოწოდებას და ამას აკმაყოფილებს მოწოდების წერტილი, თავისთავად ცხადია, ეს არის ამ კონტრაქტის და ამ ვალდებულების ფარგლებში…

- თუმცა თუ ყაზახი-საგურამოს მილსადენს ვერ ექნება გამტარუნარიანობა, მაშინ რა ხდება?..

- მთავარია, ეს ხორციელდება საკონტრაქტო ვალდებულების ფარგლებში - მოცულობას ვგულისხმობ და დამატებითი მოცულობები, რომლებიც სამხრეთკავკასიურ მილსადენში გაივლის, დამატებით შეღავათიან გაზს და უფრო მეტ შეღავათს ნიშნავს საქართველოსთვის.

- ყაზახ-საგურამოს მილსადენზე გადავერთეთ 2023 წლიდან, რომლის გამტარუნარიანობა დღეში 10 მილიონი კუბური მეტრია, თუმცა თქვენც ახსენეთ, რომ სეზონურობა ახასიათებს და ამიტომაც დაგვჭირდა რუსეთიდან ყიდვა… არ ვიცი, სემეკის მანდატი რამდენად არის, მაგრამ ხომ ფიქრობთ, რომ საჭიროა მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდაზე ზრუნვა, რათა მილსადენი უფრო ფუნქციური გახდეს?

- აღნიშნული სიმძლავრეების გაზრდა მნიშვნელოვან ინვესტიციებთან იქნება დაკავშირებული, რომელიც უნდა უზრუნველყოს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ. თავისთავად ცხადია, ამაზე ფიქრი და უახლოეს პერსპექტივაში ამის გათვალისწინება შესაძლებელია, თუმცა აქ აუცილებლად უნდა შეფასდეს ის, თუ რა დანახარჯებთან იქნება ეს დაკავშირებული, რაც, ბუნებრივია, აისახება ტარიფში და ზეგავლენას მოახდენს ტრანსპორტირების ტარიფზე, ეს კი, თავის მხრივ, საბოლოო მომხმარებლის ტარიფზეც აისახება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორია უმსხვილესი იაპონური კომპანიების რეიტინგი?

როგორია უმსხვილესი იაპონური კომპანიების რეიტინგი?

BM.GE

წელს, რაჭაში სეზონი დაახლოებით ერთი თვის დაგვიანებით დაიწყო - "კესანე არ დამივიწყო"

წელს, რაჭაში სეზონი დაახლოებით ერთი თვის დაგვიანებით დაიწყო - "კესანე არ დამივიწყო"

BM.GE

ტრამპთან დაკავშირებული სტარტაპი სამხედრო ჰუმანოიდი რობოტების შექმნას გეგმავს

ტრამპთან დაკავშირებული სტარტაპი სამხედრო ჰუმანოიდი რობოტების შექმნას გეგმავს

BM.GE

"150 ადამიანი, რომელიც კერავდა, სახლში სხედან და მელოდებიან" - ლაურა ღაჭავას სამკერვალო 4 თვეა დაიხურა|მიზეზები

"150 ადამიანი, რომელიც კერავდა, სახლში სხედან და მელოდებიან" - ლაურა ღაჭავას სამკერვალო 4 თვეა დაიხურა|მიზეზები

BM.GE