
რუსულ Yandex Bank-სა და WB Bank-ს სანქციები დაუწესდათ
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების სია კიდევ 70 სუბიექტით გაზარდა. როგორც ირკვევა, ახალ შეზღუდვებში Yandex Bank-ი და WB Bank-ი მოხვდნენ, რომელიც Wildberries-ის ჰოლდინგის წევრია.
პარალელურად, ლონდონმა სანქციები თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადამზიდ გემებზეც გაავრცელა, რის შედეგადაც დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც რუსული გაზმზიდების წინააღმდეგ მსგავსი შეზღუდვები აამოქმედა.
საყურადღებოა, რომ ახალი რეგულაციები მესამე ქვეყნების, კერძოდ ჩინეთის, ტაილანდისა და თურქეთის იმ კომპანიებსაც შეეხოთ, რომლებიც მოსკოვს კრიტიკულად მნიშვნელოვან სამხედრო ტექნიკას აწვდიან. შეზღუდვების სიაში ასევე მოხვდა ნიგერიაში რეგისტრირებული ერთი იურიდიული პირი, რომელიც, ბრიტანეთის ხელისუფლების მტკიცებით, კრემლს დასავლური სანქციების გვერდის ავლით აქტიურად ეხმარებოდა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დასახელებული ბანკების გარდა, ფინანსური შეზღუდვები Evrofinance Mosnarbank-ზე, სადაზღვევო კომპანია Rosgosstrakh-სა და სხვა რუსულ იურიდიულ პირებზეც გავრცელდა. მათ შორის სანქცირებულთა სიაში Vyatich-ი, Neptun-ი, Dilmas-ი და Morskie Navigacionnye Sistemy-ც მოხვდნენ.
მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა, WB Bank-ის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ორგანიზაცია ყოველთვის მხოლოდ რუსეთის შიდა ბაზარზე იყო ორიენტირებული, რის გამოც კლიენტებისა და Wildberries-ის პარტნიორების მომსახურების კუთხით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ყველა საბანკო ოპერაციის შეუფერხებლად შესრულება კვლავინდებურად შეუძლიათ.
BM.GE
წყარო: bm.ge