
"საჭიროა, რომ სტუმარს მხოლოდ საბაგირო არ დახვდეს" - Best Western Gudauri
გუდაურის სასტუმროების საშუალო დატვირთულობა ზაფხულის სეზონზე 60-65%-ის ფარგლებშია. ამის შესახებ სასტუმრო Best Western Gudauri-ს მფლობელმა გიორგი კვიწინაშვილმა BMGTV-ის გადაცემაში "ქალების ნარატივი" განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი დაბალია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კურორტზე ძირითადად ჯგუფური ტურიზმი ჭარბობს, რომელიც სასტუმროებისთვის შედარებით დაბალშემოსავლიან სეგმენტს წარმოადგენს.
„ეს ძალიან დაბალი დატვირთულობაა, განსაკუთრებით იმ ფასებიდან გამომდინარე, რასაც ჯგუფური ტურიზმი იხდის“, – განაცხადა კვიწინაშვილმა.
მისივე შეფასებით, გუდაურის ზაფხულის სეზონი საბაგიროს ამოქმედებაზე არ არის დამოკიდებული და რეალურად მაისის შუა რიცხვებიდან იწყება, როდესაც საქართველოში საერთაშორისო ჯგუფური ტურიზმი აქტიურდება.
"გუდაურის ზაფხულის სეზონი საბაგიროს გახსნა/არ გახსნასთან არასოდეს ყოფილა დაკავშირებული. მაისიდან უკვე იწყება აქტიური პერიოდი, როდესაც ჩინელი, კორეელი, პოლონელი და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ჯგუფები საქართველოში მოგზაურობენ", – აღნიშნა სასტუმროს მფლობელმა.
მისი თქმით, საბაგიროს ამოქმედება ძირითადად ერთდღიან ვიზიტორებზე მოქმედებს, რომლებიც ყაზბეგის მიმართულებით გადაადგილდებიან და გუდაურში მცირე დროით ჩერდებიან.
„გუდაური ბევრი ტურისტისთვის ამ ეტაპზე უბრალოდ იაფიანი ღამის თევის ადგილია. ისინი ჩამოდიან, ყაზბეგს ნახულობენ და შემდეგ მიდიან. კურორტზე ისეთი აქტივობები არ არის, რაც სტუმარს რამდენიმე დღით დარჩენის მოტივაციას მისცემს“, – განაცხადა კვიწინაშვილმა.
მისი შეფასებით, გუდაურის განვითარებისთვის საჭიროა მეტი ტურისტული პროდუქტის შექმნა, რაც ვიზიტორებს კურორტზე ხანგრძლივად დარჩენის ინტერესს გაუჩენს.
„საჭიროა, რომ სტუმარს მხოლოდ საბაგირო არ დახვდეს. უნდა არსებობდეს მეტი აქტივობა, ინფრასტრუქტურა და გამოცდილება, რომელიც გუდაურში დარჩენას უფრო მიმზიდველს გახდის“, – აღნიშნა მან.