
სად არის გეგმა, რომლითაც განათლების ხარისხი უნდა აამაღლოთ?! - ნინო დობორჯგინიძის კითხვები განათლების სამინისტროსთან
“რატომ ანგრევთ აშენებულ სისტემებს და რატომ გგონიათ, რომ იმ ნანგრევებიდან მერე თქვენ შეგეძლებათ უკეთესის აშენებას?! სად არის ის გეგმა, რომლითაც ხარისხი უნდა აამაღლოთ?! - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ნინო დობორჯგინიძეს განათლების სამინისტროსთან აქვს.
რექტორის შეფასებით, განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული განათლების რეფორმის შედეგი არა - ხარისხის გაუმჯობესება, არამედ ათწლეულების განმავლობაში ნაშენი, საერთაშორისო დონის აკადემიური სისტემის მიზანმიმართული დანგრევაა, რომელსაც ანალოგი საბჭოთა პერიოდშიც კი არ მოეპოვება.
განათლების სამინისტროს მთავარ არგუმენტს, რომ კვოტებისა და პროგრამების შემცირება შრომის ბაზრის საჭიროებებს ეფუძნება, ნინო დობორჯგინიძე კონკრეტული ციფრებითა და ფაქტებით აბათილებს.
„შრომის ბაზრის რომელ კვლევაზეა საუბარი?! განვიხილოთ მარტივი მაგალითი: საქართველოში დაახლოებით 600 000-დან 700 000-მდე სკოლის მოსწავლეა. თითოეული მათგანი, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სავალდებულო წესით სწავლობს ქართულ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკასა და ინგლისურ ენას. მეორე უცხოურ ენას - მაგალითად, ფრანგულს ან რუსულს - მოსწავლეები, როგორც წესი, მეოთხე ან მეექვსე კლასიდან იწყებენ.
ამ მოცემულობის ფონზე, სამინისტროს (ან შესაბამისი უწყების) გადაწყვეტილება ალოგიკურია: მაშინ, როდესაც 700 000 მოსწავლეს ესაჭიროება ქართულის, ინგლისურისა და მათემატიკის მასწავლებელი, ხოლო რუსული ან ფრანგული ენების პედაგოგებზე მოთხოვნა მხოლოდ 2%-ს შეადგენს, [ილიაუნის საბაკალავრო პროგრამებზე 2026-2027 სასწავლო წლისთვის] ყველა ამ მიმართულებას თანაბრად - 20-20 ადგილი გამოუყვეს. ამის შემდეგ, ბაზრის რომელ კვლევაზე გვესაუბრებიან?!
არსებობს პორტალი Teacher.ge, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (მასწავლებლის სახლი) მართავს. დღესვე რომ შეხვიდეთ და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სკოლების მიერ გამოცხადებული ვაკანსიები ნახოთ, აღმოაჩენთ, რომ ამ ეტაპზე 1800-ზე მეტი მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიაა აქტიური. ჩვენ ხომ განგვისაზღვრეს და გვითხრეს, რომ სწორედ ჩვენ ვართ მთავარი რგოლი, რომელმაც მასწავლებლები უნდა მოამზადოს, და რომ ჩვენი საქმე არ არის არც გლაციოლოგია და არც ფილოსოფია?! ამ დროს კი, მხოლოდ 20-20 ადგილი გამოგვიყვეს [მათემატიკის, ქართული ფილოლოგიისა თუ ანგლისტიკისთვის] როგორც ჩანს, თავად უწყებაშიც აღარ ახსოვთ, თავიდან რა დაგეგმეს”, - აცხადებ ილიას უნივერსიტეტის რექტორი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლებისთვის მისაღები სტუდენტების კვოტა დაახლოებით 14-ჯერ შემცირდა. უნივერსიტეტი წელს, საბაკალავრო პროგრამებზე მხოლოდ 300 სტუდენტს მიიღებს, მაშინ როცა გასულ წელს ილიაუნის კვოტა 4207 იყო.
“წერტილთან” ინტერვიუში ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტების დაფინანსების ბუნდოვან მოდელს. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე სულ რამდენიმე თვე რჩება, განათლების სამინისტრო ვერ აკონკრეტებს რა ტიპის დაფინანსება მოჰყვება ილიაუნისთვის დატოვებულ 400-მდე კვოტას. უფრო მეტიც, რექტორის თქმით, ჩნდება კითხვა, როგორ უნდა გადარჩეს ის ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევები, რომლებსაც ილიაუნი აქამდე სწორედ სასწავლო პროგრამებიდან მიღებული შემოსავლით აფინანსებდა.
ჟურნალისტის კითხვაზე - რა დარჩება 17 000-სტუდენტიანი უნივერსიტეტისგან 4 წლის შემდეგ, თუკი კვოტები ამ ნიშნულზე შენარჩუნდება, რექტორი ღიად ამბობს, რომ „ძალიან ცოტა დარჩება“, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ისინი ამ ფორმით რეფორმის გატარებას არ დაუშვებენ.
ნინო დობორჯგინიძის იმედი სამართლებრივი ბრძოლა, მათ შორის, საკონსტიტუციო სარჩელი და თავად ხელისუფლების წარსული გამოცდილებაა, როდესაც არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების გამო უკან დახევა არაერთხელ მოუწიათ (მაგალითად: უნივერსიტეტების გაერთიანების იდეა, 12-კლასიანი სისტემის გაუქმების მცდელობა, 3-წლიანი ბაკალავრიატი და ა.შ.).
ილიას უნივერსიტეტის რექტორი ღიად აკრიტიკებს იმ კომისიის შემადგენლობას, რომელმაც უმაღლესი განათლების რეფორმა დაგეგმა და აღნიშნა, რომ პროცესში არცერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტი არ ყოფილა ჩართული.
“ეს პრინციპული საკითხია ჩემთვის. 66 წლის ვარ და ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, რომ არ დავანგრევინო ის სისტემა ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არ ესმით, როგორ უნდა ააშენონ იგი.
რა იცის ბატონმა გივი მიქანაძემ, როგორ უნდა ააწყოს გლაციოლოგია?! ამას განსაზღვრავენ პროფესიონალები, დარგის სპეციალისტები… და თვითონ რომ აიღო მთავრობამ ხელში, თვითონ რომ უნდა განსაზღვროს გლაციოლოგიაც და ეკოლოგიაც - როგორ?! განა თავად ეკოლოგიც არის, გლაციოლოგიც, სეისმოლოგიც, ჰუმანიტარიც და ფილოსოფოსიც?! ამიტომ ეს არ უნდა დავუშვათ”, - ამბობს ის.
რას უნდა დავუსვათ წერტილი საქართველოში? - “ განათლების სისტემაში უგეგმოდ, გეგმის გარეშე რაღაცა ცვლილებების განხორციელებას. ეს არ არის ერთი ნებისმიერი სფეროს ცვლილება, ეს არის ამ ქვეყნის მომავალი, ეს არის ამ ქვეყნის უსაფრთხოება და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, რომელიც არ შეიძლება ასე თბილისის და რუსთავის მერებმა და ეკონომიკის და ძალოვანმა მინისტრებმა დაგეგმონ”, - განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge