
სად ვყიდულობთ ფრინველის ხორცისა და სუბპროდუქტებს, რომლის იმპორტიც წელს $49 მილიონამდე გაიზარდა?
საქართველოში 2026 წლის იანვარ-მაისში ფრინველის ხორცისა და სუბპროდუქტების როგორც იმპორტი, ისე ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა.
საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, ხუთ თვეში ქვეყანაში 48.8 მილიონი დოლარის ღირებულების 33 562 ტონა ფრინველის ხორცი და სუბპროდუქტები შემოვიდა. 2025 წლის იმავე პერიოდში იმპორტმა 41.6 მილიონი დოლარი და 27 851 ტონა შეადგინა. შესაბამისად, იმპორტის ღირებულება 17.4%-ით, ხოლო მოცულობა 20.5%-ით გაიზარდა.
ფრინველის ხორცისა და სუბპროდუქტების უმსხვილესი მომწოდებელი წელს ჩინეთი იყო, საიდანაც საქართველომ 15.6 მილიონი დოლარის ღირებულების 9 802 ტონა პროდუქცია შეიძინა. მას მოსდევს უკრაინა (11 მილიონი დოლარი, 6 303 ტონა), ბრაზილია (6.5 მილიონი დოლარი, 5 479 ტონა), აშშ (5.4 მილიონი დოლარი, 4 609 ტონა), თურქეთი (3.7 მილიონი დოლარი, 2 765 ტონა) და ნიდერლანდები (3.3 მილიონი დოლარი, 2 473 ტონა). იმპორტიორ ქვეყნებს შორის ასევე არიან საფრანგეთი, რუსეთი, ბელგია და გერმანია.
ამავე პერიოდში გაიზარდა ექსპორტიც. 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 17.4 მილიონი დოლარის ღირებულების 12 171 ტონა ფრინველის ხორცი და სუბპროდუქტები, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტმა 14.3 მილიონი დოლარი და 8 993 ტონა შეადგინა. შედეგად, ექსპორტის ღირებულება 21.5%-ით, ხოლო მოცულობა 35.3%-ით გაიზარდა.
ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო ბაზრები თურქმენეთი და უზბეკეთი იყვნენ. თურქმენეთში ექსპორტმა 7.6 მილიონი დოლარი და 5 000 ტონა, ხოლო უზბეკეთში 7 მილიონი დოლარი და 5 435 ტონა შეადგინა. მათ მოჰყვებიან სომხეთი (1.7 მილიონი დოლარი, 969 ტონა), აზერბაიჯანი (835 ათასი დოლარი, 508 ტონა), გვინეა (153 ათასი დოლარი, 180 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (54 ათასი დოლარი, 47 ტონა) და ზიმბაბვე (48 ათასი დოლარი, 31 ტონა).
ინფორმაციისთვის, გასული წლის ნოემბერში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მთავრობის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის 4 სტრატეგიული მემორანდუმი გაფორმდა, რომლებიც მიზნად ისახავს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ინვესტიციური პარტნიორობის გაფართოებას ისახავს.