
საერთაშორისო ბანკებიდან ფინანსური რესურსების მოზიდვა სექტორისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აჩენს - "ევროკრედიტი"
„ევროკრედიტი“ დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას ახდენს. როგორც BMG-სთან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოპერაციების დირექტორი სალომე გიორგბერიძე აცხადებს, თუკი გასულ წლებში სექტორისთვის დაფინანსების ძირითად წყაროს ადგილობრივი ქართული კომერციული ბანკების კრედიტები წარმოადგენდა, „ევროკრედიტმა“ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა გააფართოვა.
„აქამდე, სექტორის დაფინანსების ძირითადი წყარო ქართული კომერციული ბანკების კრედიტები იყო. ბანკებზე დამოკიდებულება კვლავ დომინანტურია, თუმცა, "ევროკრედიტის" მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ 2025 წელს ჩვენ, უცხოური ბანკისგან და უცხოური ფონდისგან მივიღეთ დაფინანსება. ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ახალი გამოცდილება იყო და ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ, არაქართულ ვალუტაში მიგვეღო სესხი.
პროცესი ნამდვილად არ იყო ისეთი მარტივი, მაგრამ არ ჩამორჩებოდა ქართულ ბანკებთან დღესდღეობით არსებულ პროცესებს. საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ არსებულ პროცენტთან შედარებით ძალიან მისაღები იყო. აქ შეიძლება ჰეჯირების საკითხები შემოვიდეს, რადგან უცხოურ ვალუტაზე ვსაუბრობთ, თუმცა, საბოლოოდ, კონკურენციას ნამდვილად ქმნის ბაზარზე.
დღეს ჩვენი სტრუქტურა 50/50-ზეა - როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების გათვალისწინებით.
პრაქტიკულად, იმდენად ხელმისაწვდომი გახდა უცხოური ფონდებისა და უცხოური ბანკებისგან რეალურად სახსრების მოზიდვა, რომ შესაძლებელია ქართული ბანკებისთვის ეს გარკვეულწილად, გამოწვევად ჩავთვალოთ - ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა მათთან ვისაუბროთ თუნდაც, საპროცენტო განაკვეთის ნაწილში და სხვადასხვა პირობებზე.
მთლიანობაში, ეს სტრუქტურა ნამდვილად შეიცვალა და მგონია, რომ ცვლილება გაგრძელდება და საბოლოო ჯამში ალბათ, ცოტა განსხვავებულ სურათს მივიღებთ, ვიდრე იყო უფრო ადრე“, - აცხადებს სალომე გიორგბერიძე BMG-სთან.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევროკრედიტი“ ზრდის დინამიკას ინარჩუნებს და მიმდინარე პერიოდისთვის 115 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს ფლობს. კომპანიის წლიურმა ზრდამ 15% შეადგინა, რაც სექტორის საშუალო მაჩვენებელზე (10%) მაღალია. კომპანიის ოპერაციების დირექტორის თქმით, ზრდის ძირითად ფაქტორებს შორის რეგიონული გაფართოება და ახალი ფილიალების გახსნა წარმოადგენს. 2025-2026 წლებში განხორციელებული აქტივობების შედეგად, „ევროკრედიტი“ დღეისათვის საქართველოს 22 დიდ ქალაქში 30 ფილიალით არის წარმოდგენილი.
BM.GE
წყარო: bm.ge