
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე დაფინანსების გაცემა შეზღუდეს - მაია მელიქიძე
საქართველოს საბანკო სექტორში ენერგეტიკის სექტორის სასესხო პორტფელი რეკორდულ მაჩვენებელზეა და 3 მილიარდ ლარს აჭარბებს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-იან ზრდას წარმოადგენს.
განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის მაია მელიქიძის განმარტებით, ადგილობრივი კომერციული ბანკების მხრიდან დაკრედიტების ასეთი მაღალი აქტივობა რამდენიმე ფუნდამენტურმა ფაქტორმა განაპირობა.
როგორც GREDA-ს ხელმძღვანელი BMG-სთან აღნიშნავს, ბოლო პერიოდში, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა გარკვეულწილად შეზღუდეს დაფინანსების გაცემა, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემცირებასთან ერთად, ბაზარზე ბანკებისთვის ახალი სივრცე გააჩინა.
„იმ რეალობამ და მოცემულობამ, რაც გულისხმობს ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან დაფინანსების შეზღუდვას, ავტომატურად გააჩინა სივრცე კერძო სექტორისთვის - ვგულისხმობ, კომერციულ ბანკებს - იმისათვის, რომ დაფინანსების წყაროები შეეთავაზებინათ სექტორისთვის. ამას დაემატა უცხოური ინვესტიციების შემცირება ზოგადად. კომერციულმა ბანკებმა გამოხატეს თავიანთი სურვილი, ჩამოაყალიბეს, დახვეწეს და მოარგეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს თავიანთი საკრედიტო პროდუქტები“ - აცხადებს მაია მელიქიძე BMG-სთან.
მისივე თქმით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსების პაუზა დროებითი ხასიათისაა და სექტორში მსხვილი პროექტების განხორციელება გრძელდება - მათ შორის, EBRD-ის მიერ დაფინანსებული ქსნის 203-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა.
თუმცა მისივე შეფასებით, ენერგეტიკის სექტორში დაკრედიტების ზრდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი გლობალური ინფლაცია და მშენებლობისთვის საჭირო მასალებისა თუ აღჭურვილობის გაძვირებაა.
„ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც სექტორს აქვს, არის ის, რომ ძალიან სწრაფია ინფლაციის მაჩვენებელი არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. საშენი მასალა და ის მოწყობილობები, რომლითაც ჰიდრო, მზის თუ ქარის ელექტროსადგურები უნდა აღიჭურვოს, ძალიან სწრაფი ტემპით ძვირდება. ამიტომ ის მოდელი და გათვლა, რომელიც კერძო სექტორს აქვს, დროსთან ერთად უფრო ძვირდება. შესაბამისად, დამატებითი დაფინანსების წყაროს მოზიდვა აუცილებელი ხდება პროექტების განხორციელებისთვის“, - განმარტავს GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი.
მაია მელიქიძის შეფასებით, დღეს ჰიდროენერგეტიკა შედარებით ნელი ტემპით ვითარდება, თუმცა საკმაოდ სწრაფად იზრდება მზის ენერგეტიკის მიმართულება.
„აქ ყველაზე მთავარი არის ის, რამდენად აქვს ინვესტორს, ბიზნესს მიერთების უფლება გადამცემ ქსელზე. თუ ეს უფლება არსებობს და მოპოვებული აქვს, არსებობს ქვესადგურიც, გადამცემი ხაზებიც შესაბამის მდგომარეობაშია და განახლებადი ენერგოწყაროებისგან წარმოებული ელექტროენერგიის ინტეგრაცია შეუძლია ქსელს - ამ შემთხვევაში, უკვე შეუძლია ინვესტორის სამშენებლო ეტაპზე გადავიდეს, მიიღოს ნებართვა და ამისთვის მას, რა თქმა უნდა, სჭირდება დაფინანსება. ამ დაფინანსების წყარო კი კომერციული ბანკების მხრიდან შეთავაზებული პროდუქტებია“, - განმარტავს მაია მელიქიძე.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში, ბიზნეს სექტორზე გაცემული საბანკო მოცულობა 44.7 მლრდ ლარია. ბიზნესის დაკრედიტება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9%-ით არის გაზრდილი. ენერგეტიკის სექტორზე გაცემული საბანკო სესხების მოცულობა 27%-ით არის გაზრდილი და 3,158 მლრდ-ს შეადგენს.
ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის მეორე კვარტალში დარგში მხოლოდ 9.3 მლნ დოლარის FDI ჩაიდო, რაც წლიურად 83.1%-იანი კლებაა.
სექტორში ინვესტიციები 6 თვის ჭრილშიც შემცირებულია, წლის პირველ ნახევარში ენერგეტიკაში სულ 41.2 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც წლიურად 66.9%-იანი შემცირებაა.
BM.GE
წყარო: bm.ge