
"სუბსიდირების არსებული სქემა დარგის ხელოვნურ სუნთქვაზე დასმაა" - რაჭველი მეღვინე
რაჭაში მევენახეობა-მეღვინეობის სუბსიდირების არსებული სქემა უნდა შეიცვალოს, თუმცა დაფინანსების სრულად შეწყვეტა დარგისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება, - ამის შესახებ მეღვინეობა „პატარიძე რაჭულის“ დამფუძნებელმა შორენა პატარიძემ BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ რაჭაში დახარჯული თანხა დარგის განვითარებას უნდა მოხმარდეს და არა მხოლოდ ყურძნის სუბსიდირებას.
„ზოგადად, სუბსიდიის თემა რაჭაში რაღაცნაირად უნდა შეიცვალოს. ეს სქემა, რომლითაც ახლა მიმდინარეობს, უნდა დავივიწყოთ, იმიტომ რომ ეს არის მუდმივად ხელოვნურ სუნთქვაზე დარგის დასმა. წელს ვინმეს რომ სუბსიდია მოეხსნა, ეს უფრო დიდი კატასტროფა იქნებოდა, ვიდრე ის შედეგი, რომელსაც საბოლოოდ მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ვიღებთ. მაგრამ გვინდა, რომ ის თანხა, რომელიც იხარჯება, დარგის გაჯანსაღებასა და განვითარებას მოხმარდეს და არ იყოს ჰაერში დაკარგული, უშედეგოდ გაფლანგული ბიუჯეტი“, - განაცხადა შორენა პატარიძემ.
მისი განმარტებით, რაჭაში რთველი წელს შედარებით უკეთ ორგანიზებულად მიმდინარეობს, რადგან ადგილობრივმა თვითმმართველობამ მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზე ყურძნის ჩაბარების პროცესი გამიჯნა და მარჯვენა სანაპიროზე რთველი უფრო ადრე დაიწყო. ამან რიგები შეამცირა, თუმცა ამინდის გამო ყურძენმა შაქრიანობის დაგროვება ვერ მოასწრო და რეგიონში რთველი კვლავ პრობლემებთან არის დაკავშირებული.
პატარიძის თქმით, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის სუბსიდირებისას შაქრიანობის კრიტერიუმის გაუთვალისწინებლობა წელს მევენახეებისთვის შეღავათია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გლეხებს მოსავლის რეალიზება გაუჭირდებოდათ. თუმცა, მისი შეფასებით, სუბსიდირების მოდელი ისე უნდა შეიცვალოს, რომ დახმარება უშუალოდ ვენახის მოვლასა და მევენახეობის განვითარებას მოხმარდეს.
„ძალიან დიდი მადლობა სახელმწიფოს, რომ რაჭაზე ამხელა თანხა იხარჯება - ეს ცოტა თანხა არ არის. მაგრამ გვინდა, რომ ეს თანხა დარგს მოხმარდეს. მაგალითად, მევენახე დაფინანსდეს ვენახზე. კადასტრმა ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა, აღრიცხულია თითოეული ვენახი და ისიც, თითოეულ გლეხს რამდენი ძირი ალექსანდროული და მუჯურეთული აქვს. თუ ამ მონაცემების მიხედვით გავუწევთ მევენახეს ფინანსურ დახმარებას, ის საკუთარ ვენახს მიხედავს და ეს დარგის განვითარებასაც შეუწყობს ხელს“, - განმარტა მან.
მეღვინის შეფასებით, სახელმწიფო მხარდაჭერა მხოლოდ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. რაჭაში სხვა ადგილობრივი ჯიშებიც არის, მათ შორის ცოლიკაური, წულუკიძის თეთრა და გუდურაული, რომელთა განვითარებასაც, მისი აზრით, ასევე სჭირდება ხელშეწყობა.
„ალექსანდროული და მუჯურეთული ძალიან მნიშვნელოვანი ჯიშებია, მაგრამ რაჭაში სხვა ბევრი საინტერესო ჯიშიც გვაქვს. ის, რომ ალექსანდროული და მუჯურეთული მეტად არის წამოწეული და სუბსიდირებული, სხვა ჯიშებს დავიწყებისკენ უბიძგებს. ცოლიკაური, წულუკიძის თეთრა, გუდურაული - ეს ჯიშებიც უნდა იყოს მხარდაჭერილი“, - აღნიშნა პატარიძემ.
მისი თქმით, დაფინანსების მოდელის ცვლილება ადგილობრივი ღვინის ხარისხისა და წარმომავლობის დაცვასაც უნდა ემსახურებოდეს. პატარიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ალექსანდროულისა და მუჯურეთულისგან დამზადებული ღვინო ფალსიფიკაციისგან იყოს დაცული და კონტროლდებოდეს სხვა რეგიონებიდან შეძენილი ღვინომასალის ბოთლში ჩამოსხმის პროცესი.
„ვამბობთ, რომ ალექსანდროული და მუჯურეთული მსოფლიო ბაზარზე ფალსიფიკაციისგან უნდა დავიცვათ. თუ სხვა რეგიონებიდან იქნება შეძენილი ამ ჯიშებისგან წარმოებული ღვინომასალა, უნდა გაკონტროლდეს, რომ სწორედ ის მასალა ჩამოისხას ბოთლში და ისე გავიდეს ბაზარზე. ამასთან, სუბსიდია შეიძლება იმ მეღვინეზეც გავრცელდეს, რომელიც ამ ღვინომასალას შეიძენს. ეს უფრო გააჯანსაღებს დარგს, ვიდრე ყურძნის უმისამართოდ დაფინანსება, როდესაც საბოლოოდ არავინ იცის, სად წავა ეს ყურძენი და რა ღვინო დამზადდება მისგან“, - განაცხადა მან.
პატარიძის მოსაზრებით, რაჭა სუბსიდირებიდან ერთბაშად ვერ გამოვა, თუმცა სახელმწიფო დახმარების მიზნობრივი განაწილება დარგს განვითარების შესაძლებლობას მისცემს. მისი თქმით, დაფინანსება უნდა ემსახურებოდეს არა მხოლოდ მიმდინარე რთვლის მხარდაჭერას, არამედ ვენახების მოვლას, ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნებასა და ხარისხიანი ღვინის წარმოებას.
BM.GE
წყარო: bm.ge