
საფრანგეთში იშვიათი რუსული წიგნების მოპარვისთვის ექვს ქართველს პატიმრობა მიესაჯა - france 24
საფრანგეთში იშვიათი რუსული წიგნების მოპარვისთვის ექვს ქართველს პატიმრობა მიესაჯა - ამის შესახებ france 24 წერს.
მედიის ცნობით, არსებობს ვარაუდი, რომ ეს დანაშაულები ორგანიზებულ ქსელს უკავშირდება, რომელსაც პოტენციურად რუსეთთან აქვს კავშირი.
ქურდებმა მილიონობით დოლარის ღირებულების იშვიათი რუსული კლასიკის ნიმუშები მოიპარეს - მათ შორის მე-19 საუკუნის ისეთი გამოჩენილი მწერლების ნაწარმოებები, როგორებიც არიან პუშკინი, ნიკოლაი გოგოლი და მიხაილ ლერმონტოვი.
ექვსივე ბრალდებული - ხუთი მამაკაცი და ერთი ქალი - დამნაშავედ ცნეს დანაშაულის ჩადენის მიზნით კრიმინალურ შეთქმულებაში, ხოლო ზოგიერთ მათგანს გამოფენილი კულტურული ფასეულობის მოპარვაც დაუმტკიცდა.
ორი მათგანი დაუსწრებლად გაასამართლეს, რადგან ისინი უკვე დააკავეს საქართველოში, ქვეყანა კი საკუთარი მოქალაქეების ექსტრადიციას არ ახდენს.
კიდევ ორი ბრალდებული - იდენტიფიცირებულნი მხოლოდ როგორც მიხეილ ზ. და ბექა ტ. - მსგავსი დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებულნი და დაპატიმრებულნი იყვნენ სხვა ქვეყნებში და ისინი დროებით გადასცეს საფრანგეთს.
50 წლის მიხეილ ზ.-ს ყველაზე მკაცრი სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გათავისუფლებისა და დეპორტაციის შემდეგ მას საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა სამუდამოდ აეკრძალება. ის უკვე იყო გასამართლებული გასულ წელს ლიეტუვაში, სადაც 606 000 ევროდ შეფასებული მე-19 საუკუნის პუბლიკაციების ორგანიზებული ქურდობისთვის 3 წლითა და 4 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
49 წლის ბექა ტ.-ს 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც ესტონეთში მისთვის უკვე მისჯილ 3 წელსა და 6 თვეს ემატება.
პროკურორმა თავის დასკვნით სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ექვსი ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქურდობა იყო "მასშტაბური, ორგანიზებული, დაგეგმილი და განხორციელებული განსაკუთრებული სიზუსტითა და ცინიზმით".
ქურდობებმა, რომლებიც ასევე მოხდა გერმანიაში, შვეიცარიასა და ჩეხეთში, ბიძგი ევროკავშირის პოლიციისა და მართლმსაჯულების კოორდინაციის სააგენტოების (Europol და Eurojust) ეგიდით ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას მისცა. ამან 2024 წელს რამდენიმე პირის დაკავება გამოიწვია.
საფრანგეთში დანაშაულები 2023 წელს მოხდა აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ლიონში, უმაღლესი სკოლის (ENS) დიდროს ბიბლიოთეკაში, ასევე პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკასა (BnF) და ენებისა და ცივილიზაციების საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (BULAC).
გამომძიებლების თქმით, ქურდები ბიბლიოთეკებში იშვიათი და ღირებული ნამუშევრების გასაცნობად მიდიოდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ზომავდნენ მათ, მოგვიანებით კი ბრუნდებოდნენ და პრაქტიკულად შეუმჩნეველი ასლებით ანაცვლებდნენ.
2023 წლის მარტიდან ოქტომბრამდე მიხეილ ზ. ეროვნულ ბიბლიოთეკაში 40-ჯერ მივიდა, რათა ხელნაწერებზე (ძირითადად პუშკინის) წვდომა ეთხოვა. ის ამტკიცებდა, რომ მე-19 საუკუნის რუსულ ლიტერატურაში დემოკრატიის საკითხებს იკვლევდა.
ნოემბერში ბიბლიოთეკამ აღმოაჩინა, რომ 9 ნაშრომი ასლებით იყო ჩანაცვლებული, რამაც დაახლოებით 650 000 ევროს ზარალი გამოიწვია.
2024 წლის ივნისში რუსულმა სააუქციონო სახლმა Litfond-მა თავის კატალოგში პუშკინის "კავკასიელი ტყვის" მეორე გამოცემა განათავსა - წიგნი, რომელიც BnF-დან მოპარულ ეგზემპლარს შეესაბამება.
სააუქციონო სახლმა ფრანგულ ხელისუფლებას განუცხადა, რომ გააჩნდა დოკუმენტაცია, რომელიც წიგნის შეძენას მისი მფლობელისგან ადასტურებდა, რუსეთში 2014/2015 წლებში.
გამომძიებლების აზრით, ეს ქურდობები შესაძლოა დაკავშირებული იყოს რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების სურვილთან, იმ დროს, როდესაც მოსკოვის ურთიერთობები ევროპასთან სულ უფრო დაძაბულია რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო.
არცერთი მოპარული ნამუშევარი ნაპოვნი არ არის, თუმცა BnF-ის ადვოკატმა, ალექსანდრ დე კონმა განაცხადა, რომ ინსტიტუციას "ამ ნამუშევრების დაბრუნების იმედი არ დაუკარგავს".
BM.GE
წყარო: bm.ge