
სახაზინო ობლიგაციებში უცხოელმა ინვესტორებმა დაბანდებები ₾1.5 მილიარდამდე გაზარდეს
უცხოელმა ინვესტორებმა ლარში ნომინირებულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში საკუთარი დაბანდებები გაზარდეს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა.
სტატისტიკის თანახმად, არარეზიდენტების საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების მოცულობა, 2026 წლის პირველი სექტემბრისთვის 1.49 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც ბოლო ერთ თვეში 384 მილიონი ლარის ზრდას წარმოადგენს. ერთწლიან ჭრილში კი უცხოელთა დაბანდებები ლარის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში 12.5-ჯერ არის გაზრდილი.
ფინანსთა სამინისტრო მოელის, რომ უცხოელთა დაბანდებები ლარის სახაზინო ობლიგაციებში კიდევ გაიზრდება, რაც დაკავშირებულია ამერიკული საინვესტიციო ბანკის - J.P. Morgan-ის მიერ 2026 წლის სექტემბერში ახალი ფინანსური ინსტრუმენტის წარდგენასთან, რომელიც განვითარებადი, ე.წ. frontier ბაზრების ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსს - GBI-EM Edge-ს მოიცავს. J.P. Morgan-ის მიერ შექმნილი ინდექსის საერთო საბაზრო ღირებულება დაახლოებით $328 მილიარდია და ის 26 ქვეყნის, 24 ეროვნული ვალუტისა და 425 ინსტრუმენტის ობლიგაციებს მოიცავს. საქართველოს წილი ინდექსში 1.79%-ია. ეს ნიშნავს, რომ როდესაც გლობალური ინვესტორები ამ ინდექსს შეიძენენ, J.P. Morgan-ი შესაბამისი წილით საქართველოს სახაზინო ობლიგაციებს იყიდის, რაც საქართველოს შიდა ვალზე საგარეო მოთხოვნას გაზრდის.
უცხოელი ინვესტორების მიერ ლარის ფასიანი ქაღალდების შესყიდვას ასევე შეუწყო ხელი მთავრობის მიერ მაისში სინდიკაციის გზით გამოშვებულმა 400-მილიონიანმა ფასიანმა ქაღალდმა, რომლის ღირებულების 65%-იც უცხოელმა ინვესტორებმა შეიძინეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობა სულ უფრო მეტად იქნება ფოკუსირებული მსხვილ განთავსებებზე, რომლებიც საერთაშორისო ინვესტორებს შეეთავაზებათ, რომლის მთავარ მიზანსაც გლობალურ საფინანსო ბაზარზე ლარის ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესის ზრდა წარმოადგენს.
უცხოელი ინვესტორების მიერ ლარის სახელმწიფო ობლიგაციების ფლობა გლობალურ საფინანსო ბაზარზე საქართველოს ეკონომიკის და ლარის მიმართ ინტერესთან პირდაპირ არის დაკავშირებული. აღნიშნული პარამეტრი წარმოადგენს ინდიკატორს, რომელიც აჩვენებს თუ რამდენად არიან დაინტერესებული უცხოელი ინსტიტუციური ინვესტორები ლარში ნომინირებულ აქტივებში ინვესტირებით.
ლარში ნომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მთლიანი ზომა 12.7 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც ყველაზე მეტი - 8.8 მილიარდი ლარის ფასიანი ქაღალდები ქართული ბანკების საკუთრებაშია, არარეზიდენტ ინვესტორებს 1.5 მილიარდი ლარი ეკუთვნით, ხოლო სხვა ადგილობრივ ინვესტორებს, მათ შორის სახელმწიფო საპენსიო ფონდს 2.4 მილიარდ ლარამდე სახაზინო ობლიგაციები ეკუთვნის.
BM.GE
წყარო: bm.ge