
"სახელმწიფო არის ჭარბი მოსავლის შეძენის გარანტია" - დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო რთველის სუბსიდირებიდან გამოსულია. სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრი განმარტავს, რომ სახელმწიფო არის ჭარბი მოსავლის შეძენის გარანტი.
„რთველის სუბსიდიიდან სახელმწიფო გამოსულია. დღეს სახელმწიფო არის ჭარბი მოსავლის შეძენის გარანტი, რაც ნიშნავს, რომ არც ერთ მევენახეს არ ექნება პრობლემა თავისი მთელი წლის ნაშრომის რეალიზების და ჩაბარების. შარშან რთველის დროს სატესტოდ იყო ყურძნის ფასის ხარისხობრივი დაყოფა. წელს უკვე გაცხადებულად ვთქვით, რომ იქნება გრადაცია და ფასი იქნება ხარისხიდან გამომდინარე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს გაცხადებულ პოლიტიკას, რომ უნდა ვაწარმოოთ ხარისხიანი პროდუქცია“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ყურძნის შესყიდვის ინტერესს არ გამოხატავს, სახელმწიფო განსაზღვრავს შესასყიდ ფასებს შაქრიანობის მიხედვით. ამ მიმართულებით 60 მლნ ლარის დახარჯვაა განსაზღვრული, ხოლო 2025 წელს 150 მლნ ლარამდე დაიხარჯა.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ნებადართული ჯიშების ყურძნის შემთხვევაში, თუ შაქრიანობა აღემატება 20%-ს, ჩასაბარებელი ფასი 1.30 ლარია, 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 0.80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0.30 ლარი. რაც შეეხება საფერავს, 22%-ზე მეტი შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 1.50 ლარია, 17%-დან 22%-მდე - 0.90 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0.30 ლარი.