
სახელმწიფო გვეუბნება, რომ ჩვენზე უკეთ იცის, რა გვჭირდება - მეღვინე
მეღვინე, „ზიარი ფერმის“ დამფუძნებელი ნუგზარ ქსოვრელი მიიჩნევს, რომ ღვინოზე სავალდებულო ნიშანდების შემოღება „ფარული გადასახადია“, რომელიც დარგს განვითარების ნაცვლად, დამატებით ტვირთად დააწვება.
როგორც ქსოვრელი BMG-სთან აცხადებს, სახელმწიფოს მიერ დასახელებული არგუმენტები ხარისხის კონტროლისა და მიკვლევადობის შესახებ, რეალობას აცდენილია.
მისი განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, ღვინის იდენტიფიცირებისა და კონტროლის მექანიზმები ისედაც გამართულად მუშაობს და ახალი მარკირება მხოლოდ ბიუროკრატიული და ფინანსური ბარიერია.
„თითოეულ მწარმოებელს აქვს ვალდებულება, დაიტანოს ბოთლზე 11-ციფრიანი ლოტის ნომერი, რომელიც აბსოლუტურ იდენტიფიკაციას აკეთებს და შესაძლებელს ხდის ღვინის მიკვლევადობას. ამიტომ, დამატებით რა საჭიროა ეს ყველაფერი, ვერ გავიგე. მოსაზრება, რომ ამ ქმედებით ხარისხი გაიზრდება, აბსურდულია,“ - აცხადებს ქსოვრელი BMG-სთან.
მეღვინე სახელმწიფოს მიდგომას პატერნალისტურს უწოდებს და მას საბჭოთა კავშირისდროინდელ მართვის სტილს ადარებს, სადაც ინდივიდუალური მეწარმის ნება უგულებელყოფილია.
„ეს იმას ჰგავს, მშობელი ბავშვს რომ ართმევს მობილურს და ეუბნება: შენ არ იცი ამის გამოყენება და მე უფრო კარგად ვიცი, რა უნდა გავაკეთოო. ან დედა რომ ფულს ართმევს შვილს - მე ვიცი, შენ რაც გინდა და იმას გიყიდიო. სახელმწიფო გვეუბნება: თქვენ ვერ წყვეტთ, თქვენ არ ხართ პასუხისმგებლები, ამიტომ ჩვენ ძალით წაგართმევთ ამ ფულს და მერე ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს სასიკეთოდ. მგონია, რომ ისევ საბჭოთა კავშირში ვართ.“
ქსოვრელის აზრით, თუ მარკეტინგული კამპანიებისთვის თანხების მობილიზებაა საჭირო, ეს პროცესი ნებაყოფლობითი უნდა იყოს და მწარმოებელთა გაერთიანებების მიერ უნდა კონტროლდებოდეს.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მეწარმე ამახვილებს ყურადღებას, პროდუქციის საბოლოო ფასის მოსალოდნელი ზრდაა, რაც განსაკუთრებით საექსპორტო ბაზრებზე აისახება.