
სახელმწიფო ქონება ₾35 მილიონად კახაბერ კობაივანოვის "ჯეოტეკ დისტრიბუციამ" იყიდა
თბილისში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ სახელმწიფო ქონება აუქციონზე 34 810 000 ლარად კახაბერ კობაივანოვის კომპანია "ჯეოტეკ დისტრიბუციამ" იყიდა. პრივატიზაციის შედეგების თანახმად, კომპანიამ საგარანტიო თანხის სახით 1 408 000 ლარი გადაიხადა.
აუქციონი 13 აგვისტოს დასრულდა და შედეგად, NATO-სა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილი ოფისი, რომლის საწყისი ფასი 14.1 მილიონი ლარი იყო, 21 მილიონი ლარით მეტად გაიყიდა.
სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, შპს ჯეოტეკ დისტრიბუცია 2008 წელს დარეგისტრირდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი კი საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქე კახაბერ კობაივანოვია.
"ჯეოტეკ დისტრიბუცია" რეგიონში ელექტროტექნიკის, საყოფაცხოვრებო საქონლისა და IT პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი კომპანიაა. ის არაერთი პოპულარული ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია: Dyson, Ninja, Cuisinart, Shark, Corelle, Corningware, BaByliss, JBL, HarmanKardon, Sandisk, Audio-Technica და სხვა.
გაყიდული ობიექტი თბილისში, შალვა დადიანის ქუჩა N2/კოტე აფხაზის ქუჩა N1-ში მდებარეობს და მოიცავს 478 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობას. მას საინვესტიციო ვალდებულებები მოჰყვება. კერძოდ, ქონების საპრივატიზებო პირობაა მაქსიმუმ 4 წლის ვადაში მინიმუმ 5 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება და ტერიტორიაზე ბიზნეს-ობიექტის (სასტუმრო, ოფისი, სავაჭრო ან კვების სივრცე) ამოქმედება.
BM.GE ცდილობს საინვესტიციო გეგმების შესახებ უშუალოდ კომპანიას დაუკავშირდეს.
"ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 48 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე კომერციული/ბიზნეს საქმიანობის მიზნით, საოფისე სივრცეების ან/და საერთაშორისო ოპერატორი კომპანი(ებ)ის (ან/და მათი ფილიალების) ქსელის სასტუმრო(ებ)ის ან/და სავაჭრო ან/და საკვები ობიექტ(ებ)ის/სივრც(ეებ)ის (გარდა ყოველდღიური მიზნებისთვის განკუთვნილი პირველადი მოხმარების ნივთების/საგნების სავაჭრო ობიექტ(ებ)ისა) შექმნა და ფუნქციონირების დაწყება",- აღნიშნულია აუქციონის შესახებ ინფორმაციაში.ამასთან, შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან/თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან საპრივატიზებო უძრავი ქონების თაობაზე ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება გააფორმოს.
BM.GE
წყარო: bm.ge