მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სახელმწიფოსთვის როგორც სჯობს, იმას უნდა მივემხროთ"|გზამშენებელი" სახელმწიფო კომპანიის შექმნაზე
"სახელმწიფოსთვის როგორც სჯობს, იმას უნდა მივემხროთ"|გზამშენებელი" სახელმწიფო კომპანიის შექმნაზე

"სახელმწიფოსთვის როგორც სჯობს, იმას უნდა მივემხროთ"|გზამშენებელი" სახელმწიფო კომპანიის შექმნაზე

BM.GE29 ივნისი, 2026, 22:00|bm.ge

კომპანია “გზამშენებლის“ მფლობელი ირაიდა ფაცია, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის მიზნით სახელმწიფო კომპანიის შექმნას დადებითად აფასებს. “მივესალმები სახელმწიფო კომპანიის შექმნას”, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში. ირაიდა ფაცია, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის სფეროში 1970-იანი წლებიდან მუშაობს, 1999 წლიდან კი “გზამშენებლის“ მფლობელია, მიიჩნევს, რომ კერძო სექტორს ზამთრის პერიოდში სპეციფიკური ტექნიკის დეფიციტის გამო გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილება უჭირს, რის გამოც სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია. ის არ უარყოფს, რომ გარკვეულწილად არსებობს რისკი, სახელმწიფო კომპანიამ კერძო ბიზნესს კონკურენცია გაუწიოს, მაგრამ ამის მიუხედავად მთავრობის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. “მოსალოდნელი, რა თქმა უნდა, არის მაგრამ სახელმწიფოსთვის როგორც სჯობს, ჩვენ იმას უნდა დავეყრდნოთ”, - ამბობს ის. კომპანია „გზამშენებელი“, ამჟამად, 200 კილომეტრამდე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ გზას (მათ შორის ავტობანებს) უვლის და როგორ ირაიდა ფაცია ამბობს, დამკვეთს ანუ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მათთან ხარისხის მხრივ პრეტენზიები არასდროს ჰქონია.

ინტერვიუ ირაიდა ფაციასთან|კომპანია "გზამშენებელის" მფლობელი

- პარლამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნას მხარი დაუჭირა. ინფრასტრუქტურის მშენებელი ბიზნესის ნაწილი გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებს და ახალ უწყებაში კონკურენტს ხედავს. თქვენ როგორ აფასებთ ამ ნაბიჯს, საჭირო იყო თუ არა სახელმწიფო კომპანიის შექმნა?

- მე მივესალმები სახელმწიფო კომპანიის შექმნას და ამ გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ. რატომ? - ერთი კუთხით იმიტომ, რომ ჩვენი არეალი და დღევანდელი მოთხოვნები ძალიან დიდია. ზაფხულში, კი ბატონო, ვართმევთ თავს, მაგრამ ზამთრის პერიოდში, არსებული ტექნიკით, მოთხოვნებს ფიზიკურად ვერ ვაკმაყოფილებთ. იმის საშუალება, რომ ამდენი ქვიშა-მარილის მომყრელი, ამდენი გრეიდერი და სხვა საჭირო ტექნიკა შევიძინოთ, კერძო კომპანიებს არ გაგვაჩნია.

- კონკურენტად არ განიხილავთ სახელმწიფო კომპანიას?

- კონკურენტად შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ სახელმწიფოსთვის როგორც სჯობს, იმას უნდა მივემხროთ.

- ბიზნესისთვის როგორ აჯობებდა?

- შიდასახელმწიფოებრივი გზების მოვლა-შენახვა ჩვენ განკარგულებაში იქნება - ჩვენ ასე ვიცით.

- დიახ, როგორც ცნობილია, სახელმწიფო კომპანია ამ ეტაპზე გორი-არგვეთის 105-კილომეტრიან ავტობანს მოუვლის, თუმცა პრემიერმაც აღნიშნა, რომ კერძო სექტორის მუშაობის ხარისხით დიდად კმაყოფილები არ არიან… თუ მთავრობამ გადაწყვიტა, კერძო სექტორი სხვა გზებსაც ვერ უვლის სათანადოდ და სახელმწიფო კომპანია, რომელიც 63 მლნ ლარს ახალი ტექნიკის შესაძენად დახარჯავს, უკეთ შეასრულებს სამუშაოებს, ვერ ხედავთ რისკს, რომ თქვენი ბიზნესი განიდევნოს ბაზრიდან?

- მოსალოდნელი არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი: სახელმწიფოსთვის როგორც სჯობს, ჩვენ იმას უნდა დავეყრდნოთ. რაც შეეხება იმას, თითქოს კერძო სექტორი გზებს ვერ უვლის - მე ჩემს უბანზე შემიძლია გითხრათ: „გზამშენებელი“ ჯამში, თითქმის 200 კმ გზას ემსახურება. ამაში ავტობანებიც შედის, მით უმეტეს ჯაპანა-ლანჩხუთი-გურიის მონაკვეთი მთლიანად ჩვენია. საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჩემს მიმართ მსგავსი პრეტენზიები არასდროს ჰქონია.

- თუ ერთ დღესაც სახელმწიფომ გადაწყვიტა, ვინაიდან უფრო ახალი ტექნიკა აქვს, პრევენციაზე დაფუძნებით უკეთ მოუვლის გზებს და თქვენს ტერიტორიაზეც შემოვიდა, მაშინ რას იტყვით - გაგიხარდებათ?

- არ გამიხარდება, მაგრამ სახელმწიფოს როგორც სურს, უნდა დავეყრდნოთ მას..

- ბიზნესის ინტერესებიც ხომ ძალიან მნიშვნელოვანია? - ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და შეაქვს გადასახადები ბიუჯეტში…

- რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ მარტო საავტომობილო გზების დეპარტამენტის სამუშაოებზე არ ვართ დამოკიდებული, თუმცა ეს ჩვენი ძირითადი მიმართულებაა. გარდა ამისა, ფოთში ადგილობრივ ტენდერებშიც ვმონაწილეობთ, გვაქვს სხვადასხვა სახის კერძო შეკვეთები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ტერმინალები შენდება და ა.შ. როგორმე თავს გავიტანთ, ვნახოთ.

- თქვენი კომპანია კიდევ უფრო რომ განვითარდეს და ახალი ტექნიკა შეიძინოთ, რა სახის მხარდაჭერა გჭირდებათ სახელმწიფოსგან?

- იცით, როგორ არის?! აი, ისინი რომ შექმნიან სახელმწიფო ორგანიზაციას, კადრები ხომ დასჭირდებათ? ისევ ჩვენთან მოვლენ, ხომ?!

- თუ ახალ კადრებს იპოვიან?

- ვერ იპოვიან კვალიფიციურ და გამოცდილ კადრებს. დღეს ქვეყანაში კადრების დიდი დეფიციტია, განსაკუთრებით კი - მექანიზატორების. მუშა ხელსაც ვერ იშოვით.

- ანუ ფიქრობთ, რომ სახელმწიფო და კერძო კომპანიები ერთმანეთს წაართმევთ კადრებს?

- შეიძლება, სახელმწიფოს ქვეკონტრაქტორების აყვანა მოუწიოს. რატომ არ შეიძლება, რომ სახელმწიფო ორგანიზაციამ ჩვენ კონტრაქტორად აგვიყვანოს და ასე ვიმუშაოთ?! მე ამ გადაწყვეტილებას მაინც დადებითი კუთხით ვუყურებ.

- ვნახოთ. ზოგადად, როგორ მუშაობს ეს ბიზნესი - როგორ ცხადდება მოვლა-შენახვის ტენდერები და რატომ არის ეს სპეციფიკური მიმართულება?

- 52 წელია ამ ბიზნესში ვარ. გზების მოვლა-შენახვა ძალიან სპეციფიკური სამუშაოა. თუ კომპანიას ამაზე წარმოდგენა არ აქვს, თავს ვერ გაართმევს, შანსი არ არსებობს. ამ სისტემის ყველა ნიუანსი ძირფესვიანად ვიცი. ჩვენს ტენდერებში სხვა კომპანიები თითქმის არც შემოდიან. ერთადერთხელ იყო შემთხვევა, როცა ერთმა კომპანიამ გაყალბებული საბუთებით სცადა შემოსვლა, თუმცა აღმოვუჩინე და დისკვალიფიკაცია მისცეს. არავინ ინტერესდება ამ სფეროთი, რადგან ძალიან რთულია. როგორია, იცით?! ერთი პატარა ორმოს გამო შეიძლება 120 კილომეტრის გავლა მოგიწიოს. ზამთარში ჩვენთვის ძილი არ არსებობს, 24-საათიან მორიგეობაზე ვართ. თოვლი წამოვა თუ არა, ზუსტად უნდა იცოდე, როგორ იმუშაო, რა დროს გაწმინდო, რა დოზით მოაყარო ქვიშა-მარილი. თუ გამოცდილება არ გაქვს, ვერც საგზაო ნიშნების განთავსებას შეძლებ და ვერც გზის დახაზვას სწორად. ათასნაირი ნიუანსია: არხების ამოწმენდა, ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტი - ზოგს ეზოში შესასვლელის მოწყობა უნდა, ზოგს წყალმიმღების გაწმენდა. მოვლა-შენახვა კარგი დიასახლისის საქმეს ჰგავს - სახლში სულ მუშაობს, მუშაობს და დღის ბოლოს მაინც ბევრი საქმე რჩება გასაკეთებელი. ზუსტად ასეა - გზა მუდმივად სუფთა და მოწესრიგებული უნდა იყოს, ნიშნები თავის ადგილზე უნდა იდგეს.

- ამჟამად რამდენ კილომეტრ გზას უვლით და კონკრეტულად რომელ მონაკვეთებს?

- ჩვენ ვუვლით სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის ძველი გზის მე-16-დან 57-ე კილომეტრამდე მონაკვეთს. გარდა ამისა, ჩვენს განკარგულებაშია ავტობანი ჯაპანიდან გრიგოლეთამდე, ასევე ურეკიდან შეკვეთილამდე - ფაქტობრივად, ქობულეთის საზღვრამდე. ამას ემატება თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 252-ედან 288-ე კილომეტრამდე მონაკვეთი და სენაკი-ფოთი-სარფის გზის ნულოვანი კილომეტრიდან 62-ე კილომეტრამდე არსებული მონაკვეთი. ავტობანის ორმხრივ ზოლებს თუ გავითვალისწინებთ, ჯამში, თითქმის 200 კილომეტრამდე გზას ვუვლით.

- “გზამშენებელი” რამდენ ადამიანს ასაქმებს დღეს?

- ამჟამად ჩვენს კომპანიაში 65 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის საავტომობილო ბაზარი 2040 წლისთვის მკვეთრად შემცირდება - პროგნოზი

აშშ-ის საავტომობილო ბაზარი 2040 წლისთვის მკვეთრად შემცირდება - პროგნოზი

BM.GE

აქციების გამოსყიდვის საჯარო შეთავაზებიდან ლიბერთის აქციებზე ₾1.5 მილიონის გარიგებები დაიდო

აქციების გამოსყიდვის საჯარო შეთავაზებიდან ლიბერთის აქციებზე ₾1.5 მილიონის გარიგებები დაიდო

BM.GE

Valve-ის კონსოლის გაყიდვები დაიწყო - რა ეღირება და რა მახასიათებლები აქვს

Valve-ის კონსოლის გაყიდვები დაიწყო - რა ეღირება და რა მახასიათებლები აქვს

BM.GE

არგენტინამ საგარეო ვალის დასაფარად "ოქროს პასპორტის" პროგრამა შეიმუშავა

არგენტინამ საგარეო ვალის დასაფარად "ოქროს პასპორტის" პროგრამა შეიმუშავა

BM.GE