
“საკმაოდ მაღალი თამასა გვაქვს მოთხოვნილი” - რა ეტაპზეა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა საქართველოში?
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა სატესტო რეჟიმის შემდეგ აქტიური განხორციელების ეტაპზე გადავიდა. დაფინანსების მოდელის ცვლილება, ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების ზრდა, ახალი სერვისების დამატება და შედეგზე დაფუძნებული დაფინანსება კლინიკებისთვის - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რასაც პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ითვალისწინებს.
პროგრამა გასული წლის ივლისიდან სატესტო რეჟიმში 6 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში ამოქმედდა, დღეს კი მასში რამდენიმე ათეული კლინიკა მონაწილეობს. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და მასში 40-სზე მეტი სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. ის, რომ პირველად ჯანდაცვა არსებითი ყურადღების მიღმა რჩებოდა, ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი ფაქტს გაშვებულ შესაძლებლობად აფასებს და ამბობს, რომ პროგრამა დღეს წარმატებით ხორციელდება.
“ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმაა, რომელიც ბოლო წლების ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული რეფორმებიდან უნდა გამოვარჩიოთ თავისი მნიშვნელობით.
მე ვფიქრობ, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი ხშირ შემთხვევაში საქართველოში, სამწუხაროდ, რჩებოდა არსებითი ყურადღების გარეშე. ეს დასანანია და ეს ნიშნავს იმას, რომ წლების განმავლობაში შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა გახლდათ.
პირველადი ჯანდაცვის რგოლის მთავარი ფუნქცია გახლავთ ის, რომ სწორად ორიენტირების შესაძლებლობა ჰქონდეს თითოეულ პაციენტს მთლიანად ჯანდაცვის მიმართულებით, რომ მაგალითად, არასწორი რჩევების მსხვერპლი არ აღმოჩნდეს. მეორე — ეს არის, მაგალითად, ვაქცინაციის პოპულარიზაცია, ეს არის სკრინინგის პოპულარიზაცია. კონკრეტული მოქალაქისთვის მიცემული რჩევა არის, საბოლოო ჯამში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომლითაც სახელმწიფოს შეუძლია ძალიან წარმატებულად გაუმკლავდეს ისეთ გამოწვევებს, როგორიც არის ონკოლოგია, როგორიც არის გარკვეული დაავადებების გავრცელება ვაქცინაციის გააქტიურების მეშვეობით და ა.შ.
საბედნიეროდ წარმატებით ხორციელდება ეს პროგრამა. რატომ მიმაჩნია, რომ ეს არის წარმატებული? — საკმაოდ მაღალი თამასა გვაქვს მოთხოვნილი, საკმაოდ მაღალია და მკაცრია მოთხოვნები, რომელსაც ვუწესებთ პირველადი ჯანდაცვის რეფორმირებული სისტემით პროგრამაში მონაწილეობისთვის, რაც გვაქვს დადგენილი.
ამ მიმართულებით უნდა ვთქვათ, რომ ინტერესი საკმაოდ დიდია თვითონ სექტორისგან. ამ რგოლში მოღვაწე დაწესებულებების დიდი ნაწილი დაინტერესებულია პროგრამაში ჩართვით. ეს ძალიან კარგი მანიშნებელია და მეორეს მხრივ, ჩვენი ამ მოთხოვნების შემდეგ, არ არის რამდენიმე, არამედ რამდენიმე ათეულია ორგანიზაცია, რომელიც რეალურად ამ დრომდე უკვე ჩაერთო ამ პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტის სახით. 40-ს აჭარბებს მათ რიცხვი, რაც საბედნიეროდ საკმაოდ შთამბეჭდავია.
მოთხოვნები უკავშირდება დაწყებული ინფრასტრუქტურული მზადყოფნას, დამთავრებული, მათ შორის, მუშაობის გარკვეულ პრინციპებს და შედეგებს, რომელიც დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ. მაგალითად, საკუთარ პოპულაციაში, ანუ ვინც ჰყავთ პაციენტების ბაზა, რამდენად სრულფასოვნად ხორციელდება მაგალითად ვაქცინაცია, მაგალითად ისეთი მაჩვენებლები, როგორიც არის სკრინინგის სერვისებში ჩართულობა ამ პოპულაციის და ა.შ.
ასეთია ჩვენი მოთხოვნა მათდამი, ბუნებრივია, ისინიც ვალდებულები იქნებიან ამ ყველაფერს დაემორჩილონ, ამას პატივი სცენ და ამას ანგარიში გაუწიონ. ვფიქრობ, რომ სწორი მიმართულებით, სწორი გეზით ვითარდება ეს პროგრამა და ვფიქრობ, რომ ძალიან სწრაფად შეგვეძლება, რომ კონკრეტული შედეგები დავინახოთ",-აცხადებს bm.ge-ს კითხვაზე საპასუხოდ მიხეილ სარჯველაძე.
ჯანდაცვის სამინისტროს გაცხადებული აქვს, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში სექტორის 120 მილიონი ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს, რისი გავლენითაც, ჯანდაცვის სექტორს დაახლოებით, 160-მილიონიანი შეღავათი ექნება.
საქართველოს ჯანდაცვის ასოციაციის ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებს პროგრამაში ჩასართავად საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილება უწევთ, მათ შორის ინფრასტრუქტურული, რის გამოც სექტორს დამატებითი ინვესტიციის განხორციელება უწევს. რეფორმა ითვალისწინებს არა მხოლოდ დაფინანსების ზრდას, არამედ მოქალაქეებისთვის უფასო გამოკვლევების სპექტრის დამატებასაც. გარდა იმისა, რომ 50%-ით იზრდება კლინიკების დაფინანსება, შედეგებზე ორიენტირებული სისტემა მათთვის ანაზღაურების დამატებით ზრდასაც ითვალისწინებს.
სამინისტროს ცნობით, პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლების განახლებულ მოდელში ჩართვის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. ჯანმრთელობის სააგენტოში პროგრამაში ჩართვის სურვილი განაცხადით დამატებით უკვე დაფიქსირებული აქვთ დაწესებულებებს. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი განახლებულ დაფინანსების მოდელში 2027 წლის 1-ელი მარტიდან ჩაერთვებიან. 2028 წლიდან პროგრამაში სოფლის ექიმების და ამბულატორიების ჩართვაც არის გათვალისწინებული.
BM.GE
წყარო: bm.ge