
"საკმაოდ უნაყოფო იყო" - ბრიუსელში წყარო ვიზების საკითხზე დიალოგს აფასებს
ევროკავშირის ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა "რადიო თავისუფლებას" ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებული დიალოგი „საკმაოდ უნაყოფო“ აღმოჩნდა.
ცნობისთვის, 11 ივნისს გამართულ დიალოგს საქართველოდან საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორი, გიორგი ტაბატაძე ესწრებოდა.
EU-ის თანამდებობის პირი "რადიო თავისუფლებას" შეხვედრის დასრულების შემდეგ ესაუბრა: "მისი თქმით, საქართველოს წარმომადგენლებმა დაიცვეს ის კანონები, რის გაუქმებისკენაც დიდი ხანია ბრიუსელი ქვეყანას მოუწოდებს და რაც ხელახალი ჩართულობის უცვლელი წინაპირობაა.
ამ წყაროს ცნობით, როდესაც გიორგი ტაბატაძესა და მის გუნდს ჰკითხეს, მზად არიან თუ არა კანონების შეცვლისთვის, პასუხად მიიღეს, რომ ისინი წარმოადგენდნენ ტექნიკურ ჯგუფს, ხოლო წამოწეული საკითხი პოლიტიკური იყო.
ამრიგად, თბილისის შეთავაზება არის, რომ ბრიუსელმა კვლავ მოიწვიოს პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად ყველა დონეზე, რათა თავად განსაჯონ პოლიტიკური მზაობა.
ამავე წყაროს თანახმად, დღევანდელი დელეგაციის მაქსიმუმი იყო იმის ახსნა-განმარტება, თუ რას გულისხმობს აღნიშნული რეპრესიული კანონები.
რადიო თავისუფლებასთან ეს თანამდებობის პირი „პროპაგანდას“ უწოდებს დელეგაციის საუბრის პუნქტებს, თუ როგორ ცდილობენ უცხოეთიდან დაფინანსებული აგენტები რეჟიმის ცვლილებას და ძალადობრივი პროტესტის ორგანიზებას.
წყაროს ცნობითვე, თბილისი ამტკიცებს, რომ „მკაფიო სფეროები“ არსებობს, რადაც შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, - თუმცა ეს, წყაროს შეფასებით, უკიდურესი მინიმუმია, - და სანაცვლოდ ელის ევროკავშირის მხრიდან კეთილგანწყობის დაფიქსირებას", - წერს "რადიო თავისუფლება".
თავის მხრივ, გიორგი ტაბატაძემ გამოცემა „ევროსკოპს“ განუცხადა, რომ პოზიტიურად არის განწყობილი.