
საკმარისი დრო გავიდა, რომ ელექტროენერგიის სისტემური გათიშვების მიზეზებზე დეტალური დასკვნა მომზადებულიყო - ენერგეტიკოსი
ენერგეტიკოსი გია არაბიძე მიიჩნევს, რომ უკვე საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ზაფხულში საქართველოში მომხდარ ელექტროენერგიის სისტემურ გათიშვებზე დეტალური დასკვნა მომზადებულიყო.
როგორც ენერგეტიკოსმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ავარიის გამომწვევი მიზეზების ცოდნა მნიშვნელოვანია, რათა სამომავლოდ მსგავსი ფაქტების პრევენცია მოხდეს.
გია არაბიძის შეფასებითვე, სავარაუდოა, რომ ავარიის დროს არ იმუშავა დამცავმა სისტემებმა, რომლებსაც სისტემური გათიშვა უნდა აერიდებინა.
“უკვე საკმარისი დრო გავიდა და ამ დროის განმავლობაში უნდა მომზადებულიყო დეტალური დასკვნა მიზეზების შესახებ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ასეთი ავარიების შესწავლა არ არის იოლი საქმე და საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ უკვე იმდენი დრო გავიდა, რომ უკვე უნდა ვიცოდეთ ყოველ შემთხვევაში ის საკვანძო პარამეტრები, რომელიც გაგვიყვანს ავარიის ნამდვილ მიზეზზე.
ზოგადად ვფიქრობ, რომ ეს მაინც მართვის, რეგულირების პრობლემაა, ეს არის ავტომატური დაცვის პრობლემა, რომ დროულად არ იმოქმედა დაცვის სისტემებმა და სისტემის “გამოგდების” ნაცვლად, არ გათიშა ის მომხმარებლები, რისი დეფიციტიც შეიქმნა სისტემაში. ასეთი ავარიები ხდება მსოფლიოში, მაგალითად, ესპანეთის ავარია, რომელმაც პორტუგალია და საფრანგეთი ჩაითრია, ამიტომ აქ სასწაული არ მომხდარა, მაგრამ მთავარია, რომ ვიცოდეთ, რატომ მოხდა და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მომავლისათვის ასეთი ავარია აღარ განმეორდეს. სამწუხაროდ, მე დღეს არ ვიცნობ შესაბამის ტექნიკურ დასკვნას.
მინდა ვიფიქრო, რომ სირთულესთან არის დაკავშირებული ამ ავარიის გაშიფვრა და შესწავლა. არ მგონია, რომ უწყებებს შორის გარკვეული პრობლემების გამო გვიანდებოდეს დასკვნის გაკეთება. შეიძლება ვერ შეჯერდნენ გარკვეულ საკითხებზე. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ რაღაც პარამეტრები კარგი იქნებოდა, რომ გვცოდნოდა, ძირითადი მიზეზი, რის გამოც მოხდა ავარია”, - განაცხადა გია არაბიძემ.
როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ჯერ კიდევ სექტემბერში აცხადებდა, ელექტროენერგიის სისტემურ გათიშვებზე კომისია უახლოეს მომავალში დაასრულებს დასკვნის მომზადებას.
2026 წლის ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა ჯამში სამჯერ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 5 აგვისტოსაც. სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს გათიშვა ტესტირების პროცესს უკავშირდებოდა, რომლის მიზანიც სწორედ 24-25 ივლისს მომხდარი ავარიული გათიშვების მიზეზების დადგენა იყო. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ავარიის დროს თითქმის ყველა ძირითადი გადამცემი ხაზის მაჩვენებელი „განულებული“ იყო. 24-25 ივლისის ე.წ. ბლექაუთების მიზეზების დადგენაზე ამ დრომდე მუშაობენ როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
BM.GE
წყარო: bm.ge