
„საკვებ პროდუქტებზე ვმუშაობთ“ – „სოლიდუსი“ სპეციალური საწარმოს სტატუსის გახანგრძლივებაზე
„სოლიდუსის“ მფლობელის გიორგი არველაძის განცხადებით, კომპანიას სპეციალური საწარმოს სტატუსი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის ყოველწლიურად გარკვეული ვადით უხანგრძლივდება. ამის შესახებ მან BM.GE-ის მას შემდეგ განუცხადა, რაც რედაქციამ მთავრობის განკარგულების შედეგად სტატუსის გახანგრძლივების მიზნობრიობის შესახებ კითხვით მიმართა.
გიორგი არველაძე აღნიშნავს, რომ 2010 წელს „სოლიდუსის“ დაფუძნების შემდეგ ოკუპირებულ რეგიონში, ძირითადად საკვებ პროდუქტებს აწვდის.
„ყოველ წელს მიხანგრძლივდება ეს სტატუსი. ჩვეულებრივი პროცედურაა. ვადიანია ეს ნებართვა. გაუვა და მერე აგრძელებენ. ხან სამთვიანია, ხან სამწლიანია, ხანდახან ერთწლიანია. ძირითადად ვმუშაობთ საკვებ პროდუქტებზე. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე“, - განუცხადა BM.GE-ს გიორგი არველაძემ.
სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე „სოლიდუსი“ ოკუპირებულ აფხაზეთში აგვისტო-სექტემბერში საწვავსაც ყიდდა, რაც ადგილობრივად შექმნილი დეფიციტიდან გამომდინარე გახდა მოთხოვნადი. ბიზნესმენის თქმით, დღეისთვის ოკუპირებულ რეგიონში საწვავზე მოთხოვნა აღარ არის, შესაბამისად კომპანიას საწვავს აღარ აწვდის.
BM.GE
წყარო: bm.ge