
სამართალდამცველების პასუხისმგებლობა და გამოხატვის შემზღუდავი კანონების გაუქმება|ევროპის საბჭოს რეკომენდაციები
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტიმ 19 ივნისს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს პროგრესს მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის კუთხით და გააუქმოს ის საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ზღუდავს შეკრების, ასოციაციისა და გამოხატვის თავისუფლებას.
ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში 14-15 აპრილს იმყოფებოდა. მისი ვიზიტი ფოკუსირებული იყო 2024 წელსა და 2025 წლის დასაწყისში საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის გამო სახელმწიფო აგენტების მიმართ ანგარიშვალდებულების არარსებობის საკითხზე, გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებების მზარდ შეზღუდვებზე, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებზე.
სამართალდამცველთა პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა
კომისარი მიესალმება საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც სამართალდამცავი უწყებების ყველა თანამშრომლისგან ხილული საიდენტიფიკაციო ნომრების ტარებას მოითხოვს, და მოუწოდებს მის დროულად მიღებისა და ეფექტური იმპლემენტაციისკენ. იგი ითვალისწინებს ახლახან გამოცხადებულ სისხლისსამართლებრივ ბრალდებებს ხუთი პოლიციელის წინააღმდეგ, რომლებიც 2024 წელსა და 2025 წლის დასაწყისში მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას ეხება.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველმა მიიღო ინფორმაცია 360 მომიტინგის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ, კომისარი შეშფოთებულია მნიშვნელოვანი შეფერხებებისა და დღემდე მიღწეული შეზღუდული პროგრესის გამო. იგი ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების მნიშვნელობას, რაც შეეხება არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების ეფექტურ და დამოუკიდებელ გამოძიებასა და დემონსტრაციების დროს წესრიგის დაცვას.
„ხელისუფლებამ ყოველგვარი დაყოვნების გარეშე უნდა უზრუნველყოს საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენების თაობაზე, მსხვერპლთა და სამოქალაქო საზოგადოების სრული მონაწილეობითა და მიღებული შედეგების საჯაროობით“, - განაცხადა კომისარმა მაიკლ ო'ფლაერტიმ.
დემოკრატიული თავისუფლებების დაცვა
კომისარი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებაზე არსებული შეზღუდვების გადახედვის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლებამ 2025 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში დამატებითი შეზღუდვები დააწესა. ეს მოიცავს წინასწარი სავალდებულო შეტყობინების მოთხოვნას ნებისმიერი შეკრებისთვის, მათ შორის სპონტანური პროტესტის დროს, პოლიციის ახალ უფლებამოსილებებს, რათა შეზღუდოს მომიტინგეების მიერ საგზაო ან ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის შეფერხება, გაფართოებულ ადმინისტრაციულ სანქციებსა და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას პროტესტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განმეორებისთვის.
„ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას და შეუსაბამოდ გამოიყურება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში (ECHR) ასახულ აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან“, - აღნიშნა კომისარმა.
კომისარი ასევე შეშფოთებულია იმ მბოჭავი ეფექტით, რომელიც „უცხოურ გავლენასთან“ დაკავშირებულმა რამდენიმე კანონმა მოახდინა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე (CSO), ადამიანის უფლებათა დამცველებსა და ჟურნალისტებზე.
„მოვუწოდებ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის გაუქმებისკენ, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ უცხოური ძალის აგენტებად, ისევე როგორც გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ფართომასშტაბიანი ცვლილებების გაუქმებას, რაც სამოქალაქო ორგანიზაციებს უზღუდავს უცხოური დაფინანსების მიღებას ოფიციალური ნებართვის გარეშე. ხელისუფლებამ ასევე უნდა შეაჩეროს ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი დევნა ათობით სამოქალაქო ორგანიზაციის წინააღმდეგ უცხოური დაფინანსების მიღების ან დამამძიმებელ გარემოებებში საბოტაჟში სავარაუდო მონაწილეობის გამო, და დაუყოვნებლივ მოხსნას ყადაღა მათ საბანკო ანგარიშებს“, - განაცხადა კომისარმა.
იგი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სამართლებრივი მოქმედებები, რომლებიც მიმართულია ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ, შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან (ECHR).
კომისარი აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მათ შორის მედიასაშუალებებისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვა და ცილისწამების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების კუმულაციური ეფექტი, ქმნის რისკს, რომ ჟურნალისტებმა თვითცენზურას მიმართონ.
BM.GE
წყარო: bm.ge