
სამინისტრო განმარტავს, რატომ იქმნება ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების განვითარების სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, რატომ იქმნება ახალი სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგრო სერვისების განვითარების სააგენტო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ახალი სააგენტოს შექმნა მიზნად ისახავს ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომხმარებელთა მომსახურებისა და ციფრული სერვისების განვითარების ერთიანი ხედვისა და კოორდინირებული მართვის ჩამოყალიბებას.
"დღეის მდგომარეობით, სამინისტროს ცენტრალიზებული ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ 17 უწყებას ემსახურება. ცენტრი ამუშავებს და ინახავს 250-ზე მეტი სერვისისა და პროგრამული უზრუნველყოფის მონაცემებს. დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამუშაო პროცესების ბიზნეს ანალიზს, IT პროექტების, ქსელური ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა ცენტრის მართვას, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას, გეოსაინფორმაციო სისტემების ადმინისტრირებასა და მომხმარებელთა ტექნიკურ მხარდაჭერას.
ახალი სააგენტოს შექმნა მიზნად ისახავს ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომხმარებელთა მომსახურებისა და ციფრული სერვისების განვითარების ერთიანი ხედვისა და კოორდინირებული მართვის ჩამოყალიბებას. აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს ფუნქციების დუბლირებას, გაზრდის გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეს, ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს ხარჯების ოპტიმიზაციას და გააუმჯობესებს მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისების განვითარებას.
ზემოაღნიშნულ ერთიან სტრუქტურაში კონსოლიდაცია შექმნის ცენტრალურ საინფორმაციო ჰაბს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების, ციფრული სერვისების, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და მომხმარებელთა მოთხოვნების მართვის ინტეგრირებულ სისტემას", - წერია სამინისტროს განმარტებაში.
ცნობისთვის, ახალი სსიპ 18 ივნისის დადგენილებით იქმნება. გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების განვითარების სააგენტოსა, სამინისტროს დაქვემდებარებაში კიდევ ერთი სსიპ - გასტრონომიის ეროვნული სააგენტოც შეიქმნება.