
სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის ყოფილი მაღალჩინოსანი მარატ კამბოლოვი იმარჯვებს
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი, რომელსაც წარსულში კრემლში მაღალი თანამდებობები ეკავა, 18 სექტემბერს გამართულ რიგგარეშე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს.
წინასწარი მონაცემებით, ის დამაჯერებელ გამარჯვებას აღწევს თავის ფორმალურ მეტოქეებზე - უშიშროების სამსახურის თანამშრომელ მურატ ვალიევზე, სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველ ყაზბეგ კოდოევსა და პარტია "ერთობის" თავმჯდომარე ზურაბ კოკოევზე.
ბიულეტენების 40%-ის დათვლის შემდეგ, ე.წ. ცესკოს ხელმძღვანელმა ემილია გაგიევამ განაცხადა, რომ კამბოლოვმა ხმების 88.4% მიიღო, ვალიევმა - 4.3%, კოდოევმა - 1.1%, ხოლო კოკოევმა - 1%.
მარატ კამბოლოვი მოსკოვის ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში პირველად 2026 წლის მაისში, მაშინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის მრჩევლის სტატუსით გამოჩნდა. მან მოკლე დროში მიიღო ადგილობრივი "მოქალაქეობა" და სულ რაღაც ერთ თვეში მინისტრიდან ე.წ. პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა, ხოლო ალან გაგლოევის გადადგომის შემდეგ დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.
საარჩევნო უბნები რუსეთის ტერიტორიაზეც იყო გახსნილი - ჩრდილოეთ ოსეთსა და მოსკოვში. ემილია გაგიევას განცხადებით, აქტივობა ყველა უბანზე მაღალი იყო და დარღვევები არ დაფიქსირებულა.
დე ფაქტო ცესკოს ცნობით, პროცესს აკვირდებოდა 66 დამკვირვებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან და 14 ქვეყნიდან: რუსეთიდან, ნიკარაგუიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან, ვენესუელიდან, გერმანიიდან, ზიმბაბვედან, კენიიდან, მექსიკიდან, სერბეთიდან, ტანზანიიდან, თურქეთიდან, უგანდიდან და სამხრეთ აფრიკიდან.
კომისიის წევრმა დინა ოსტაევამ განაცხადა, რომ დღის განმავლობაში "საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან ან კენჭისყრის ორგანიზებასთან დაკავშირებით არანაირი საჩივარი ან განცხადება არ შესულა".
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არჩევნები დაგმო საქართველოს საგარეო სამინისტრომ. უწყების განცხადებით, აღნიშნული ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.
განცხადება გაავრცელა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმაც, რომლის თქმითაც ე.წ. არჩევნების შედეგს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამასთან, ევროკავშირი გმობს მოსკოვის ქმედებებს და კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
BM.GE
წყარო: bm.ge