
"სანავთობე ბაზრებზე დღეს სტაბილურობა არ გვაქვს" - რატომ ძვირდება საწვავი საქართველოში?
საქართველოში საწვავი გაძვირდა. საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდის ფონზე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ადგილობრივ ქსელში ბენზინისა და დიზელის ღირებულება 4-15 თეთრით გაიზარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ივნისის დასაწყისიდან საქართველოში მოქმედ გასამართ სადგურებზე საწვავი ივლისის დასაწყისამდე იაფდებოდა, რაც აღნიშნული პერიოდისთვის აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზებითა და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დასტაბილურებით იყო განპირობებული. თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი კვლავ ძვირდება და ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით ივლისის დასაწყისში დაიწყეს. ივლისის ბოლოსთვის სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი დაახლოებით 20 თეთრამდე იყო გაძვირებული.
შექმნილ ვითარებასა და ფასების რყევას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს. მისი თქმით, სანავთობე ბაზრებზე ჯერჯერობით არანაირი სტაბილურობა არ შეინიშნება.
„მშვიდობა ეკონომიკურად განვითარებადი ქვეყნებისთვის სტაბილურობის მთავარი გარანტიაა, თუმცა სანავთობე ბაზრებზე დღეს არანაირი სტაბილურობა არ გვაქვს. დღეს შეიძლება გაჩნდეს სტაბილიზაციისკენ მოძრაობის იმედი, მაგრამ ხვალ ისევ არასტაბილურ სიტუაციებს ვუბრუნდებით. ეს ყველაფერი, თავისთავად, დაკავშირებულია ამერიკა-ირანის ურთიერთობებთან, ჰორმუზის სრუტეში არსებულ მდგომარეობასთან და საერთო სიტუაციასთან მთელ მსოფლიოში, რადგან მშვიდობას პირი არ უჩანს“, - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს ევროპულ ბაზარზე არსებულ ვითარებაზეც და ენერგომატარებლების დეფიციტზე საუბრობს.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროპაში სტაბილური ვითარებაა, ცდება. ევროპულ ქვეყნებში საწვავი დღეს ძალიან ძვირია. გარდა ამისა, ევროპისთვის ძალიან სასურველი და მოხმარებადი პროდუქტი გახდა თხევადი აირი. უკვე საზღვაო ტრანსპორტი - ოკეანის გემები, ასევე ავტობუსები და სატვირთო მანქანები მასობრივად გადადიან თხევად აირზე. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ენერგეტიკა აირია, ეს დეფიციტი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა“, - აღნიშნავს იობაშვილი.
საერთაშორისო ბირჟებზე არსებული მოლოდინები ამ ეტაპზე კვლავ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე რჩება დამოკიდებული, რაც პირდაპირ აისახება ქართულ ბაზარზე და იმპორტირებული საწვავის ღირებულებაზე.
BM.GE
წყარო: bm.ge