
თბილისში 2400 დევნილი ოჯახისთვის 264 მილიონიანი უბნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა - რა უჯდება მთავრობას ერთი ბინის მშენებლობა
თბილისში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ ისთ ფოინთის მიმდებარედ შენდება და ის 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც 4 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, 7 კორპუსში კი, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლება უახლოეს მომავალში იგეგმება. პროექტი საერთო ჯამში 2428 ბინას აერთიანებს და მისი ჯამური ღირებულება 264 მილიონ ლარს შეადგენს.
ამ ეტაპზე, დევნილი ოჯახებისთვის სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გამწვანებას, სტადიონების, ბავშვთა გასართობი მოედნებისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტზე ხელშეკრულება "ანაგთან" 2023 წლის თებერვალში გაფორმდა და მისი ღირებულება 243 მილიონ ლარს შეადგენდა, 2024 წელს კი პროექტის ღირებულება კეთილმოწყობის სამუშაოების გამო 264 მილიონ ლარამდე გაიზარდა. პროექტში სახელმწიფოს ერთი ბინის მშენებლობა 108,865 ლარი უჯდება.
პროექტის ფარგლებში კონტრაქტორმა სულ 128 838 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება ააშენა.
BM.GE
წყარო: bm.ge