
საპენსიო ფონდის მიერ დაწერილი ჯარიმების მოცულობა 700%-ით, 6.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა
საპენსიო ფონდმა 2026 წლის შვიდ თვეში 6.7 მილიონი ლარის ჯარიმები დაუწერა კომპანიებს, რომლებმაც, ფონდის შეფასებით ნაწილობრივ ან სრულად აარიდეს თავი მათი ყველა თანამშრომლის ანაზღაურების 2%-ის ტოლფასი ყოველთვიური საპენსიო შენატანის განხორციელებას თავი.
საპენსიო ფონდმა წელს მონიტორინგი მნიშვნელოვნად გააქტიურა, რის შედეგადაც დაწერილი ჯარიმების მოცულობა წლიურად 5.9 მილიონი ლარით, ანუ 700%-ით არის გაზრდილი.
საპენსიო ფონდი საკუთარი მონიტორინგისთვის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო გადასახადის ბაზას ამოწმებს და მას ადარებს იმ დეკლარაციებს, რომლებსაც კომპანიები თანამშრომელთათვის ყოველთვიურად ავსებენ.
დამსაქმებლების პასუხისმგებლობა 2025 წლის 1 მაისიდან გამკაცრდა. მოქმედი წესის მიხედვით, საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევისთვის პირველ შემთხვევაში 500-ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული, განმეორების შემთხვევაში კი – 1 000 ლარი, რასაც კანონით გათვალისწინებული საურავიც ემატება.
ამასთან, დამსაქმებლებისთვის დაკისრებული ჯარიმების გასაჩივრების მიზნით საპენსიო სააგენტოში შეიქმნა პრეტენზიების განხილვის სამსახური. სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მიღებულია დაახლოებით 3 000-ზე მეტი, რომელთა განხილვაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმდინარეობს. სააგენტოს განმარტებით, საჩივრის წარდგენა აჩერებს მხოლოდ დაკისრებული ჯარიმის სააღსრულებო წარმოებას.
საქართველოს საპენსიო ფონდმა საპენსიო მონიტორინგის შედეგად დაკისრებული ჯარიმების გასაჩივრების წესი განსაზღვრა. ახალი წესის მიხედვით, პირს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ან გადაწყვეტილების გასაჩივრება ორი გზით შეუძლია საპენსიო ფონდისთვის მიმართვის ან სასამართლოში საჩივრის წარდგენის გზით.
საპენსიო ფონდში საჩივრის წარსადგენად დამსაქმებელს შეუძლია თავად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს ფონდს. ამისთვის შესაძლებელია საპენსიო ფონდის მისამართზე პირადად გამოცხადება ან საჩივრის ფოსტით გაგზავნა. ასევე, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს არსებობის შემთხვევაში, საჩივრის წარდგენა მის ტერიტორიულ ორგანოებში ან ფილიალებში გამოცხადებით იქნება შესაძლებელი.
საპენსიო ფონდის ახალი წესი 2026 წლის 8 ივლისიდან მოქმედებს.
BM.GE
წყარო: bm.ge