
საქართველო 14 ქვეყანას შორისაა, სადაც დღიური აფრენა-დაფრენების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - სააგენტო
საქართველო 14 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც 2026 წელს დღიური აფრენა-დაფრენების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც EUROCONTROL-ისა და საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის მართვის მიმართულებით ევროპულ ქსელთან მნიშვნელოვანი ინტეგრაცია და კოორდინაცია ხორციელდება.
"EUROCONTROL-ის ქსელის ოპერაციების ხელმძღვანელმა, სტივენ მურმა ადგილობრივ წარმომადგენლებს საჰაერო მოძრაობის ორგანიზების ერთიანი ევროპული ქსელის (Network Manager) საქმიანობა და ის ოპერაციული ინსტრუმენტები გააცნო, რომლებიც წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცის ეფექტიან მართვას უწყობს ხელს. თავის მხრივ, სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჭეიშვილმა ევროპულ ქსელთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები და რეგულაციების ეტაპობრივი დანერგვის პროცესი მიმოიხილა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი ოფიციალური მონაცემებით, 2026 წელს საქართველოში აფრენა-დაფრენების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, სამომავლო პროგნოზები კი პოზიტიურია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, რათა ქვეყნის საჰაერო სივრცის პოტენციალი სრულად ათვისებულ იქნეს", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
BM.GE
წყარო: bm.ge