
საქართველო "კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტში" გაწევრიანდება - რას წარმოადგენს UNIDROIT
საქართველო „კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტში“ (UNIDROIT) გაწევრიანებას გეგმავს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.
კერძოდ, პარლამენტში წარდგენილია „კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის“ წესდება. მისი განმარტებითი ბარათი პროცესის სამართლებრივ, პრაქტიკულ და ფინანსურ დეტალებს განმარტავს.
UNIDROIT დამოუკიდებელი საერთაშორისო მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია კერძო და კომერციული სამართლის მოდერნიზაცია, ჰარმონიზაცია და უნიფიკაცია საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების შემუშავების გზით. ის 65 წევრ ქვეყანას აერთიანებს თითქმის ყველა რეგიონიდან. ორგანიზაციის მოქმედი გენერალური მდივანი პროფესორი იგნასიო ტირადოა. ორგანიზაციის შტაბ-ბინა რომში მდებარეობს.
საქართველო UNIDROIT-თან უკვე თანამშრომლობს, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი ჯერ არ არის. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ UNIDROIT-თან თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანება, ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას, კერძო სამართლის სფეროში ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას, სამართლებრივი გარემოს შემდგომ განვითარებასა და ქვეყნის გლობალურ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში ინტეგრაციას.
გაწევრიანების შემდეგ საქართველომ უნდა გადაიხადოს ყოველწლიური საწევრო გადასახადი - 10,728 ევრო (2026 წლის მონაცემებით) და ერთჯერადი შენატანი საბრუნავ ფონდში - 2,682 ევრო.
BM.GE
წყარო: bm.ge