
საქართველო თურქეთთან ელექტროენერგიის ბარტერულ მექანიზმს აამოქმედებს - როგორია პირობები
საქართველოს მთავრობა თურქეთთან ელექტროენერგიის გაცვლის - ე.წ. ბარტერის მექანიზმს აამოქმედებს. შესაბამისი ცვლილებები „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილი 21 მაისის ბრძანებით შევიდა.
ცვლილებების მიხედვით, 2026 წლის მაისი-ივლისის პერიოდში საქართველოდან თურქეთში ესკოს მიერ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდება იმ პირობით, რომ მიწოდებული ენერგია ქვეყანას შემოდგომაზე - სექტემბერ-ნოემბერში იმავე მოცულობით დაუბრუნდება. ანალოგიური ნორმა მოქმედებდა 2018 წელსაც, რაც ქვეყნებს შორის ენერგიის ბარტერულ შეთანხმებას ითვალისწინებდა.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მექანიზმის მიზანია ელექტროენერგეტიკული სისტემის „მდგრადი, საიმედო და სტაბილური ფუნქციონირება“, ასევე სისტემაში წარმოქმნილი ელექტროენერგიის სიჭარბის მართვა და დეფიციტის დაფარვა უსასყიდლო ოპერაციით.
დოკუმენტის თანახმად, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ექსპორტისთვის განსაზღვრული მოცულობა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორზე სპეციალური წესით განაწილდება და ეს მოცულობები ბაზრის არსებული ბალანსირების პროცედურების გვერდის ავლით დამუშავდება. ამასთან, ბაზრის ოპერატორი ვალდებული იქნება, ექსპორტის დაწყებამდე მინიმუმ ერთი დღით ადრე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს წარუდგინოს შესაბამისი ხელშეკრულება და საათობრივი საპროგნოზო გრაფიკები.
ცვლილებებით ასევე განისაზღვრა ელექტროსადგურების მუშაობის დროებითი წესი იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში ელექტროენერგიის სიჭარბეა, რაც საქართველოში ყოველთვის ემთხვევა გაზაფხულს და ზაფხულის დასაწყისს, პერიოდს როდესაც წყალუხვობის გამო ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება მატულობს.
ახალი წესი არ შეეხება იმ სადგურებს, რომლებსაც ბაზრის ოპერატორთან გაფორმებული აქვთ „ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებები ან ე.წ. „ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებები“, თუ მათ შესაბამის პერიოდში ოპერატორის წინაშე სავალდებულო მიწოდების ან ანაზღაურების ვალდებულება აქვთ.
დოკუმენტის მიხედვით, ელექტროსადგურებს აღნიშნული პირობების გათვალისწინება მოუწევთ როგორც ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობისას, ისე პირდაპირი ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უარის თქმა იქნება შესაძლებელი.
საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, 2026 წლის პირველ 4 თვეში საქართველომ 4.2 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც წლიურ ჭრილში 4.6%-ით არის გაზრდილი, მოხმარება კი 6.6%-ით, 5.1 მილიარდი კილოვატ საათი იყო, შესაბამისად 2026 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ 1.1 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, 2025 წელს საქართველოს ადგილობრივი გამომუშავება იყო 13.8 მილიარდი კილოვატ საათი, საიდანაც 11 მილიარდი კილოვატ საათი ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებას შეადგენდა. გასულ წელს საქართველოს შიდა მოხმარება შეადგენდა 14.9 მილიარდ კილოვატ საათს, შესაბამისად ქვეყანა ნეტო იმპორტიორი იყო (იმპორტის ნეტო მოცულობა 1.1 მლრდ კილოვატ საათი). უფრო დეტალურად, იმპორტი შეადგენდა 1.6 მილიარდ კილოვატ საათს, ხოლო ექსპორტი კი 511 მილიონ კილოვატ საათს. აქედან 401 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გავიდა თურქეთში, აზერბაიჯანში 50.2 მილიონი კილოვატ საათი, სომხეთში 52 მილიონი კილოვატ საათი, რუსეთში კი 7.2 მილიონი კილოვატ საათი. რაც შეეხება იმპორტს, 1.6 მილიარდი კილოვატ საათიდან 971 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შემოვიდა რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან 417 მილიონი კილოვატ საათი, სომხეთიდან 128 მილიონი კილოვატ საათი, თურქეთიდან კი 40 მილიონი კილოვატ საათი.
2025 წელს საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს ახდენდა მარტი-სექტემბრის პერიოდში, იმპორტდამოკიდებულების თვეები კი ძირითადად ოქტომბერი-მარტის თვეებს შეადგენდა.
BM.GE
წყარო: bm.ge