
საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 40.5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი როგორც ღირებულებით, ისე მოცულობით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე 23.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 15 235 ტონა პროდუქცია გავიდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის ღირებულება 16.8 მლნ დოლარს, ხოლო მოცულობა 10 615 ტონას შეადგენდა.
საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, ერთწლიან ჭრილში ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტის ღირებულება 40.5%-ით, ხოლო რაოდენობა 43.5%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობის ზრდა ღირებულების მატებას მცირედით აღემატებოდა.
2026 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, ქართული ხილისა და ბოსტნეულის წვენების უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი აშშ იყო. ამ ქვეყანაში საქართველომ 6.17 მლნ დოლარის ღირებულების 3 768 ტონა პროდუქცია გაყიდა. მეორე ადგილზე ავსტრალია მოხვდა, სადაც ექსპორტმა 3.9 მლნ დოლარი და 3 106 ტონა შეადგინა, ხოლო მესამე პოზიციას რუსეთი იკავებდა – 3.47 მლნ დოლარითა და 1 976 ტონით.
უმსხვილესი საექსპორტო ბაზრების ხუთეულში ასევე შედიან გერმანია და ისრაელი. გერმანიაში 2.11 მლნ დოლარის ღირებულების 1 211 ტონა, ისრაელში კი 1.68 მლნ დოლარის ღირებულების 1 158 ტონა წვენი გავიდა.
საექსპორტო მიმართულებებს შორის არიან იაპონია, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და იტალია. კერძოდ, იაპონიაში ექსპორტმა 1.04 მლნ დოლარი და 324 ტონა შეადგინა, საბერძნეთში – 783.2 ათასი დოლარი და 540 ტონა, აზერბაიჯანში – 538.3 ათასი დოლარი და 637 ტონა, სომხეთში – 378.6 ათასი დოლარი და 352 ტონა, იტალიაში კი 328.3 ათასი დოლარი და 111 ტონა.
რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის წვენების იმპორტი ღირებულებით შემცირდა, რაოდენობრივად კი მცირედით გაიზარდა.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 10.51 მლნ დოლარის ღირებულების 4 624 ტონა პროდუქცია შემოვიდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის ღირებულება 11.72 მლნ დოლარს, ხოლო მოცულობა 4 576 ტონას შეადგენდა. შედეგად, იმპორტის ღირებულება წლიურად 10.3%-ით შემცირდა, იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა კი 1%-ით გაიზარდა.
იმპორტის ღირებულების მიხედვით, უმსხვილესი მომწოდებელი ქვეყანა თურქეთია. 2026 წლის ცხრა თვეში თურქეთიდან 2.18 მლნ დოლარის ღირებულების 591 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენი შემოვიდა. მეორე ადგილზე აზერბაიჯანია 1.29 მლნ დოლარითა და 843 ტონით, მესამეზე კი ავსტრია – 1.2 მლნ დოლარითა და 217 ტონით.
მომწოდებელი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან ნიდერლანდები და უკრაინა. ნიდერლანდებიდან იმპორტმა 882.1 ათასი დოლარი და 209 ტონა შეადგინა, უკრაინიდან კი 846.1 ათასი დოლარი და 672 ტონა.
წელს საქართველო ხილისა და ბოსტნეულის წვენებს ასევე ყიდულობდა ირანიდან – 671.3 ათასი დოლარის (316 ტონა), ბელგიიდან – 582.5 ათასი დოლარის (149 ტონა), იტალიიდან – 409.2 ათასი დოლარის (199 ტონა), უზბეკეთიდან – 390.1 ათასი დოლარის (266 ტონა) და პოლონეთიდან – 261.2 ათასი დოლარის (21 ტონა) ღირებულების პროდუქციას.
BM.GE
წყარო: bm.ge